სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქდმ-ს ყოფილი წევრი ნაციონალურ მოძრაობაში გადავიდა

თბილისის საკრებულოს წევრი ქრისტიან დემოკრატიული პარტიიდან კახა ბროკიშვილი ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დეპუტატმა განცხადება საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. ბროკიშვილის განცხადებას პრესა.ჯი უცვლელად გთავაზობთ,

„ძვირფასო მეგობრებო, ჩემი როგორც საკრებულოს წევრის, ინიციატივების შესახებ თქვენთვის ცნობილია. ამჯერად მინდა ჩემი პოლიტიკური პოზიციის შესახებ მოგახსენოთ.
მე ჩემი პოლიტიკური მრწამსით ვარ ქრისტიან-დემოკრატი. ჩემთვის სუბსიდიარიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპები მთავარი მამოძრავებელი იმპულსია და მიუხედავად იმისა ვარ თუ არა რომელიმე პარტიის წევრი ამ პრინციპებიდან გადახვევას არ ვაპირებ.

რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და კონიუნქტურას, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ვითარება საქართველოსთვის უნიკალურია. ჩვენ ჯერ არ გვიცხოვრია ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს მმართველი პოლიტიკური ჯგუფი და ძლიერი ოპოზიცია. აქამდე ყველა ე. წ. ”მმართველი პარტია” რეალურად დომინანტური პოლიტიკური ძალა იყო. გავიხსენოთ ჩვენი ისტორიის ბოლო ოცდახუთი წელი - კომუნისტური პარტია, მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა ყველანი პოლიტიკური დომინანტები იყვნენ. ისინი აკონტროლებდნენ არ მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობას, არამედ თვითმმართველობებს, სასამართლოებს, მედიას, ბიზნესს და სხვა საზოგადოებრივ და სამოქალაქო ინსტიტუტებს.

დღევანდელი მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია. დღეს გვაქვს უნიკალური შანსი გამოვიდეთ ერთი დაჯგუფების საყოველთაო კონტროლიდან და დავიწყოთ ცხოვრება რეალური პოლიტიკური კონკურენციისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ინსტიტუტების პირობებში.

გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის დამსახურება, თუმცა შემაშფოთებელია ახალი საპარლამენტო უმრავლეოსობისა და მთავრობის მცდელობები ნებისმიერ ფასად მიაღწიონ პოლიტიკურ დომინირებას.

ნამდვილად არ ვიცი ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი წარსულში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება ამა თუ იმ თანამდებობის პირის პოლიტიკურ პოზიციაზე ზეგავლენისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ამას მე ყოველ დღე ვხედავ ქ. თბილისის საკრებულოში და სოლიდარული ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა.

ცალკე საკითხია სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ადამიანების კონფორმიზმი. ეს მოვლენა უკვე ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ მასთან შეგუება შეუძლებელია. ვფიქრობ, ვიღაცამ საკუთარი მაგალითით უნდა მოახდინოს ნონკონფორმიზმის საჯარო დემონსტრირება და მე მზად ვარ ნაბიჯი გადავდგა ამ მიმართულებით.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს უპარტიო და უფრაქციო წევრი გავხდი, ვფიქრობ რა პოზიცია ავირჩიო ახლანდელ პოლიტიკურ რეალობაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება კიდევ დიდ ხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები ჩემთვის ბოლო წვეთია. სახეზეა საყოველთაო დომინირების მიღწევის აშკარა მცდელობა და ამასთან შეგუებას არ ვაპირებ. გადავწყვიტე გავხდე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის უპარტიო წევრი და ამით ჩემი დამოკიდებულების საჯარო დემონსტრირება მოვახდინო მიმდინარე პროცესებისადმი. ეს არის ჩემი პროტესტი და პრინციპული პოზიცია. კარგად ვიცი რა ცოდვები და შეცდომები ქონდა ნაციონალურ
მოძრაობას, მაგრამ დღეს ის მმართველი და დომინანტი ძალა აღარ არის და დადებითი როლის შესრულება შეუძლია პოლიტიკური კონკურენციის პროცესში.“ - ნათქვამია ბროკიშვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100