სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანიამ მინისტრის რანგში ბოლო პრესკონფერენციას გამართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროში პროექტის - „მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, დავით ნარმანიამ მინისტრის რანგში ბოლო პრესკონფერენციას გამართა.

2013 წელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოწვევების წელი იყო. მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული არაერთი პრობლემისა და სირთულისა, სამინისტრომ ამ სირთულეებს წარმატებით გაართვა თავი. მოხდა არაერთი პროექტის გადახედვა, ხოლო ათზე მეტი საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ. უწყებაში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ სრულად შეიცვალა მიდგომები პროექტების დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით; გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები; მნიშვნელოვნად გაიზარდა ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიათა რიცხვი;შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზადა მისი კონტროლის მექანიზმები; შეიქმნა პრიორიტეტების დადგენისა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია; შეიქმნა ელექტრონული გეო-ინფორმაციული სისტემა;სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი - ხელმისაწვდომი.

2014 წელს, სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია მინიმალურად აუცილებელი სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტების კონტროლი და ახალი რეგულაციების მომზადება; სატენდერო პირობებში უფრო მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნების ჩადება; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხარისხის კონტროლის გაძლიერება; ელექტრონული გეოინფორმაციული სისტემის (GIS) შემდგომი განვითარება.

სამინისტროს ბიუჯეტი

2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 901 მილიონ ლარს შეადგენდა. წლის ბოლოს სამინისტროს საკასო შესრულება 798 595.1 ლარია. 2012 წელს სამინისტროს შესრულება 655 მილიონი ლარი იყო, ანუ 2013 წელთან შედარებით, 130 მილიონით ნაკლები. ამასთან, გარდა სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისა, შპს „თეთნულდდეველოპმენტის“ მიერ 2013 წელს დამატებით 22 418 695,99 ლარის სამუშაოები ჩატარდა.

2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დამატებითი დაფინანსება გამოეყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, „თეთნულდ დეველოპმენტს“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას. ჯამში, 2014 წელს სამინისტრო 911 მილიონი ლარზე მეტს დახარჯავს.

თვითმმართველობის კოდექსი

2013 წელს სამინისტრომ შეიმუშავა და 2014 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო თვითმმართველობის კოდექსი. რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა.მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიეცემა ფული და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა თვითონვე შეძლონ. გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი;

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია

2013 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე, ერთდროულად ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობდა. გზის საფარი მოეწყო 28,4 კილომეტრზე, ხოლო მოძრაობა გაიხსნა 15,4 კილომეტრზე, ეს მაშინ, როცა 2012 წელს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მხოლოდ კილომეტრნახევარი გზა გაიხსნა.

2014 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად 8 მონაკვეთზე, ჯამში 140კილომეტრზე, წარიმართება. დაიწყება აგარა ოსიაურის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებისა და თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა; დასრულდება რუისი-აგარისა და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის მონაკვეთების მშენებლობა; გრძელდება ზესტაფონი-ქუთაისი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა.

2013 წელს, ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 260 კილომეტრ გზას, ანუ 60 კილომეტრით მეტს, ვიდრე 2012 წელს, 45 ხიდს (2012 წელს მათი რაოდენობა 28 იყო) და 5 გვირაბს, მაშინ, როცა 2012 წელს მხოლოდ 2 გვირაბი რეაბილიტირდა.

2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს.აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

2013 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობით სესხის ფარგლებში 17 ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი; დონორი ორგანიზაციებიდან 32 ქალაქის რეაბილიტაციისთვის მოზიდულ იქნა 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია;

2014 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ კრედიტის სახით გამოყოფილი 40 მილიონი ევრო და გრანტის სახით გამოყოფილი 8 მილიონი ევრო მოხმარდება წყალმომარაგების გაუმჯობესებას. 25 ქალაქსა და 3 დაბაში მოხდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება ქუთაისის, ანაკლიისა და ფოთის წყალმომარაგების 60-მილიონიანი პროექტი. პროექტის შედეგად,ფოთსა და ანაკლიას მთლიანად, ასევე, ქუთაისის 75%-ს 24-საათიანი, ხოლო 25%-ს გაუმჯობესებულიწყალმომარაგება ექნება; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტით დამატებით 16 ქალაქში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რისთვისაც კომპანია 6,7 მილიონ ლარს დახარჯავს.

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

2013 წელს ქუთაისში, თერჯოლაში, ვანში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ქარელსა და მარნეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს. ბინები 335 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა.

2014 წელს ზუგდიდსა და ფოთში აშენდება დევნილთა 15 საცხოვრებელი კორპუსი (ზუგდიდში რვა 356-ბინიანი კორპუსი, ხოლო ფოთში შვიდი 280-ბინიანი კორპუსი); აგრეთვე, ხონში, ბაღდათში, ბორჯომში, კასპსა და ქუთაისში სრულად რეაბილიტირდება კლინიკური საავამდყოფოების შენობები, რომლებიც, ასევე, საცხოვრებლად დევნილებს გადაეცემათ. საქართველოს მასშტაბით ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აგრეთვე, 22 შენობას.

კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა

2013 წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში რამდენიმე მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მოხდა სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების - ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჭაბურღილების ბურღვა განხორციელდა. კონფლიქტის ზონის სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საღოლაშენი-დვანის, გორიჯვრის, ლამისყანა-ახმაჯი-თვაურების, კარალეთი-ქვეშის საავტომობილო გზებს;

2014 წელს კონფლიქტისპირა 9 სოფელში - დიდ ხურვალეთში, გუგუთაანთკარში, კოშკაში, ზარდიაანთკარში, დიცში, მერეთში, წაღვლში, ატოცსა და კნოლევში გაგრძელდება წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. 2014 წელს ამ სოფლებში რეზერვუარები აშენდება. გაგრძელდება სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოირწყვება 18 200 ჰექტრამდე მიწა, რომელიც 30 სოფელს მოიცავს.

მყარი ნარჩენების მართვა

2013 წელს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 49 ნაგავსაყრელი აიღო მართვაში. 9 ქალაქში გაიხსნა კომპანიის ოფისები. კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა რვა პრიორიტეტული ნაგავსაყრელი. შემუშავდა იმერეთის რეგიონის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტი.

2014 წელს ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყობა და გამართულ საექპლუატაციო რეჟიმში შევა დამატებით 8 ნაგავსაყრელი საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ხაშურში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ფოთსა და დუშეთში;შეძენილი იქნება ახალი ტექნიკა; დაიწყება იმერეთის ნაგავსაყრელის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება ახალი, თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა.

81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა

2013 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის თაობაზე. მშენებლობისთვის 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

2014 წელს დაიწყება ამბულატორიების მშენებლობა. ამისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მოამზადებენ ფუნდამენტებს, რომელსაც დააშენდება ე.წ. სენდვიჩ პანელის ტიპის ამბულატორიები. მშენებლობის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს ამბულატორიების სრულ აღჭურვას.

საკურორტო ზონების განვითარება

მესტიაში გრძელდება თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება. 2013 წელს 3,2 ჰექტარზე მოეწყო სასაწყობე მეურნეობა, სადაც საფრანგეთიდან მიღებული 170-მდე კონტეინერია დასაწყობებული, ხოლო 2014 წლიდან დაიწყება ახალი საბაგირო გზების დამონტაჟება.

2013 წელს დასრულდა ყვარლის რეაბილიტაცია, მოეწყო ილიას ტბასთან მისასვლელი გზა, ინტენსიურად გრძელდება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2014 წელს დასრულდება. წელსვე დაგეგმილია კახეთის რეაბილიტაციის პროექტების დასრულებაც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2013 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნული პროგრამების საერთო ღირებულებამ 2013 წელს 270 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც, წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხების ფარგლებში, მოხდა მუნიციპალური გზების, წყალმომარაგების, ნაპირდაცვისა და სხვა პრობლემების მოწესრიგება. ორივე პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 8 ათასამდე საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2014 წელს რეგიონების უპრეცედენტო მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. ამ დროისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 180 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. პირველ ეტაპზე 135 მილიონი ლარის 430 პროექტია დამტკიცებული. საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. დაიწყო, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 50-მილიონიანი პროგრამის განხორციელება.

მოქმედი სამთავრობო კომისიების მუშაობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელსაც, ისევე, როგორც 2013 წელს, უხელმძღვანელებს შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებს: საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია; მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისია; ინფრასტრუქტურულიპროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია; მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია

გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა

2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში შემოსული 85 განცხადებიდან რეაგირება ყველა მათგანზე მოხდა. შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება, ხოლო მოქალაქეს ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონული ფორმით შეუძლია.

2014 წელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამისათვის სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოაქვეყნებს ყველა საჯარო ინფორმაციას; გამართავს შეხვედრებს მედია, არასამთავრობო და ბიზნეს-ორგანიზაციებთან; კვლავ მოხდება სამინისტროში მოქალაქეთა მიღება; სამინისტრო პერიოდულად ანგარიშით წარსდგება დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100