სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმი–ბათუმი: ოქრუაშვილის „სვლა–გეზის“ ახალი, სკანდალური მიმართულება

როგორც წესი, მჩხავანა კატა თაგვს ვერ იჭერს და ეს, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილმაც კარგად იცის. სწორედ ამიტომ, ბევრს უცნაურად მოეჩვენა, როცა გახმიანდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ჩასვლას ცხინვალის გავლით, რუსი ოკუპანტების დახმარებით გეგმავს. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ეს მარშრუტი „შემოგდებული“ იყო, რათა მაქსიმალური ყურადღება ცხინვალისკენ ყოფილიყო გადატანილი, სინამდვილეში კი საქართველოში ოქრუაშვილის დაბრუნების გეგმა სულ სხვა მარშრუტს უკავშირდება.

როგორც „დრონი.ჯი“–ს ერთ–ერთმა, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულმა, აფხაზი ეროვნების ჟურნალისტმა უთხრა, ირაკლი ოქრუაშვილს , სავარაუდოდ ხვალ, სწორედ სოხუმში ელოდებიან და არა ცხინვალში. ჟურნალისტის თქმით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამის შესახებ აფხაზური ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაახლოებით ორი საათის წინ გააფრთხილეს.

აფხაზ ჟურნალისტს თავისმა წყარომ ისიც შეატყობინა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის აფხაზეთიდან ირაკლი ოქრუაშვილის შემდგომი გადაადგილების დეტალები. მისი თქმით, განიხილება არა სოხუმიდან თბილისში, არამედ ბათუმში ჩასვლის დეტალები – სახმელეთო გზით, ანუ ზუგდიდის გავლით ან საზღვაო გზით – ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი საზღვაო აკვატორიის გავლით.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი საპროტესტო გამოსვლებს სწორედ ბათუმში უნდა შეუერთდეს და აჭარის დედაქალაქში მისი მოულოდნელი გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი დარტყმა უნდა გახდეს. მოულოდნელობის ეფექტთან ერთად, ეს მარშრუტი იმიტომაცაა ყველაზე აქტუალური, რომ ბათუმში ირაკლი ოქრუაშვილი ხალხის გარემოცვაში აღმოჩნდება, ეს კი მის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. ბათუმში ჩასვლის შემდეგ კი, ხალხის მასის თანხლებით, იგეგმება ოქრუაშვილის „ტრიუმფალური“ სვლა თბილისის მიმართულებით.

აფხაზი ჟურნალისტის თქმით, ოქრუაშვილს სოხუმში ხვალ, დღის პირველ ნახევარში ელოდებიან, რათა მან ბათუმში ჩასვლა აქციების დაწყების დროისთვის(15.00) მოასწროს. წყაროს ცნობით, დეტალები შეთანხმებულია „სახალხო კრებასთანაც“, რომელიც ბათუმში, ერა–ს მოედანზე აქციას მართავს. სავარაუდოდ, ერთიანობის დემონსტრირების მიზნით, ბათუმში „სახალხო კრების“ აქციას დაწყებიდან ერთ საათში ადგილობრივი „ქართული პარტიის“ წევრები შეუერთდებიან, ამასობაში კი ოქრუაშვილიც უნდა გამოჩნდეს.

იმისთვის, რომ ხელისუფლების ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ, თბილისიდან ბათუმში, ოქრუაშვილის დასახვედრად არ ჩავა „ქართული პარტიის“ არცერთი ლიდერი. აფხაზი ჟურნალისტის განცხადებით, გადაწყვეტილი არ არის, რომ ოქრუაშვილის „ტრიუმფი“ მაინცდამაინც ხვალიდან დაიწყოს – ერთ–ერთი ვერსიით, იგი, შესაძლოა, საპროტესტო აქციების „ცხელ ფაზაში“ გადასვლას დაელოდოს...

რამდენად სარწმუნოა ამ ვერსიის არსებობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ აფხაზი ჟურნალისტის თქმით, იგი აქტიურად განიხილება. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აფხაზეთიდან აჭარის მიმართულებით ოქრუაშვილის გადაადგილებაში, ამ სკანდალური მარშრუტის შემდგენლები ისევ მოღალატე ქართველთა ჯგუფს ეყრდნობოდნენ და გეგმის განხორციელებას მათი აქტიურობის ხარჯზე აპირებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100