სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დამარცხდება საქართველოში მიმდინარე “რევოლუცია”

ლია ბარნაბიშვილი

ა.შ.შ-ში ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი

ენათმეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი.

უკვე რამდენიმე დღეა, 25 მაისს დაანონსებულ “რევოლუციასთან“ დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი პანიკამ მოიცვა. პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ხშირად სთხოვენ დაანონსებული “რევოლუციის” შედეგის პროგნოზირებას. შევეცდები, ანალიზი გავუკეთო საქართველოში მიმდინარე “რევოლუციას“ და შესაბამისად, მისი შედეგის ლოგიკური დასასრულის პროგნოზი წარმოვადგინო.

ნებისმიერი რევოლუციის გამარჯვებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ქვემოთ ზოგიერთ მათგანს შევეხები. ერთ-ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში “რევოლუციური სიტუაციის” არსებობა. დღეს საქართველოში არ არსებობს იმგვარი სიტუაცია, როცა მოსახლეობის ფართო მასებს აღარ სურს აიტანოს ცხოვრების არსებული პირობები, ხოლო ხელისუფლებას აღარ შეუძლია მართვა. ის ფაქტი, რომ “რევოლუციის” მომხრეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, არაკორექტულია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებებით იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხის ნებას გამოხატავენ, ისინი არღვევენ იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც მათგვარად არ აზროვნებენ. დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გააზრებული აქვს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესშია, რაც თავისთავად უამრავი პრობლების არსებობას ითვალისწინებს და მათ თანდათან მოგვარებას საჭიროებს. არამხოლოდ მშენებლობის პროცესში მყოფ, არამედ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი მრავალი პრობლემა აქვთ. ამის დასტურია მოსახლეობის ის საპროტესტო აქციები, რომელიც დღეს ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად დავასახელებდი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილებას. ის, რაც დღეს არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში ხდება, საქართველომ 20 წლის წინ გაიარა. მისი მძიმე შედეგები ღრმად ზის თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში. იმ ინდივიდებს, რომლებსაც საკუთარი სოციალური შეჭირვების გამო, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი ვერ მოუთმენიათ, შეგვიძლია შევახსენოთ, რომ რევოლუცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და “რევოლუციის” გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მათი პრობლემების მოგვარებამ შესაძლოა 20 წლით გადაიწიოს (როგორც ეს 90-იანი წლების შემდეგ მოხდა).

რევოლუციის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი ლიდერის ქარიზმატულობა, რასაც თავის მხრივ, განსაზღვრავს იმგვარი თვისებები, როგორიცაა: სამშობლოს სიყვარული, ქვეყნისთვის ზრუნვა, ღირსეული წარსული, უანგარობა და სხვ. ასევე, რევოლუციონერთა “ცხელი გული” და გულწრფელობა. საქართველოში მიმდინარე “რევოლუციის“ მონაწილეებს და მათ ლიდერებს საზოგადოების განსხვავებული სპექტრი წარმოადგენს. მათ შორის ოთხ ძირითად ჯგუფს გამოვყოფდი: 1) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა, რომელთაც ეჩქარებათ საკუთარი პრობლემების მოგვარება; 2) მოკრიმინალო ელემენტები, რომლებიც რევოლუციაში მონაწილეობას, შესაძლოა, თანხის საფასურად იღებენ, ან ხელს აძლევთ ვითარების არევა, რადგან “ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა იოლია”; 3) ინდივიდები, რომელთა მენტალიტეტი ვერ გასცდა ძველ, საბჭოურ აზროვნებას; 4) ინდივიდები, რომელთაც არსებული ხელისუფლების პერიოდში დაკარგეს თანამდებობა. მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ხვდებიან, რომ “გაბანკროტებული ნომენკლატურები” არიან. მათ კარგად იციან, რომ არ შეუძლიათ წარმოადგინონ ქვეყნის განვითარების უკეთესი პროგრამა და, აქედან გამომდინარე, არც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვთ. ამდენად, მათ ერთადერთი გზა დარჩენიათ: ძალით მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ნიღბად იფარებენ საქართველოს ინტელიგენციის ნაწილს და იყენებენ ზემოთჩამოთვლილი სამი ჯგუფის წარმომადგენლებს.

რევოლუციის გამარჯვებას მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი შედეგების წინასწარ განსაზღვრა. ანუ, რევილუციის მონაწილეებმა გარკვევით უნდა იცოდნენ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რევოლუცია გაიმარჯვებს, როგორ გააუმჯობესებს მათ პირობებს რევოლუციის შედეგი. საქართველოში მიმდინარე “რევოლუციის” მონაწილეებისთვის ცნობილი არ არის არც ის გეგმა, თუ როგორ განვითარდება “რევოლუცია”, შესაბამისად, როგორი სახის აქციებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება და არც ის, თუ ზუსტად რა მოხდება რევოლუციის შემდეგ. ანუ, დღეს “რევოლუციაში” მონაწილე ხალხი ერთგვარ მსხვერპლს უფრო ჰგავს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან “რევოლუცია” ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ დედაქალაქთან ერთად “რევოლუცია” დაიწყო ბათუმში. ვფიქრობ, ეს ქალაქი შემთხვევით არ იყო

შერჩეული. აჭარა არის ჩვენი ქვეყნის მესამე ავტონომიური წარმონაქმნი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ერთგვარად სუსტი რგოლი იყო დიდი ხნის განმავლობაში და ამდენად, იგი რუსეთისთვის დესტაბილიზაციის ერთ-ერთ სასურველ კერას წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საჯარისო ფორმირებების თავმოყრა და გადაადგილება ხდება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ჩვენს საზღვართან სხვადასხვა სახის პროვოკაციები ეწყობა. რუსეთის მასმედია საქართველოში მიმდინარე “რევოლუციას” არაადექვატურად ასახავს და ფაქტებს ამახინჯებს. მათი ექსპერტების მიერ გამოითქმება მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომი გარდაუვალია. გავიხსენოთ რევოლუციის ზოგიერთი ლიდერის ვიზიტები მოსკოვში, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების გააქტიურება, საპროტესტო აქციები ა.შ.

საელჩოსთან, ი. ოქრუაშვილის განცხადება, რომ 25 მაისს საქართველოში თავის მეგობრებთან (?) ერთად ჩამოვა (ეს განცხადება საინტერესო იმდენადაა, რომ რამდენადაც ცნობილია, მისი საქართველოში შემოსვლის ერთადერთი შანსი არის ის, თუ კი იგი რუსის ჯარს შემოუძღვება). ასევე, ყურადსაღებია მშვიდობიანი “რევოლუციონერების” დროშის ტარებით შეიარაღების ფაქტი. ჩემი აზრით, დროშის ტარი პოტენციური სასიკვდილო იარაღია, რადგან მისი მეშვეობით ადამიანის ფიზიკური ზიანი და განადგურებაა შესაძლებელი. მშვიდობიან მონაწილეებს არ სჭირდებათ დროშის ტარები. თუ ისინი არ დაარღვევენ კანონს, მათ არ დასჭირდებათ მათი გამოყენება. თუ დარღვევენ კანონს, მათ ადექვატურად მოექცევიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რაც, ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაშია მიღებული.

ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ რომელი თარიღი აირჩიეს “რევოლუციის” მესვეურებმა საქართველოში “რევოლუციის” დასასრულად. აი, აქ კი ნამდვილად ვეღარ დამალეს საკუთარი ზრახვები. მათი განცხადებით, მათ მიზანს საქართველოში არსებული ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს. სინამდვილეში, გასულ წელს საპროტესტო აქციები 9 აპრილს დაამთხვიეს, წელს კი რევოლუციის დამთავრებას 26 მაისს ცდილობენ. უფრო მეტიც, სურთ ხელი შეუშალონ აღლუმის ჩატარებას.

ჩემი აზრით, ამ თარიღების შერჩევა შემთხვევითი არ არის. ამით “რევოლუციის” მესვეურები სიმბოლურად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ თარიღების მიმართ. 9 აპრილი და 26 მაისი ხელისუფლების დღე კი არ არის, არამედ ეს ორი თარიღი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმოადგენს წმინდათაწმინდა თარიღს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს თავისუფლების მოპოვებას და დამოუკიდებლობის აღდგენას.

როცა ისინი 26 მაისის აღნიშვნას უშლიან ხელს, ამით თავის პროტესტს მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, მთლიანად იმ ღირებულების მიმართ გამოხატავენ, რაც ამ თარიღს გააჩნია. ამდენად, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მიმდინარე “რევოლუცია” ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია და არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების (როგორც თვითონ აცხადებენ), არამედ საქართველოს, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. “რევოლუციის” მონაწილეები საკუთარი ქმედებებით ქმნიან ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, დესტაბილიზაციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას აზიანებს და ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შედის.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს მიმდინარე “რევოლუცია”, მისი მესვეურები იმდენად შეპყრობილნი არიან საკუთარი ამბიციური ზრახვებით, რომ ვერ ამჩნევენ, საქართველოში როგორ ნელ-ნელა იხვეწება და მაღლდება პოლიტიკური კულტურა, ქვების, კვერცხების სროლიდან და ჯოხების ქნევიდან პოლიტიკური ბრძოლა ცივილიზებულ ფორმებში გადადის, ხოლო საქართველოს მოსახლეობა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობას სწავლობს.

ზემოთჩათვლილი მიზეზების გათვალისწინებით, მიმდინარე “რევოლუცია” მარცხისთვისაა განწირული და პერსპექტივა არ გააჩნია. მართალია, იგი შეიტანს დესტაბილიზაციას ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ სამაგიეროდ, შესაძლოა ამით საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ მოიხადოს “საყმაწვილო სენი”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100