სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლეგ მელნიკოვის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე?

მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და ობიექტურ გამოძიებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებაზე კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ ჰპირდება მოსახლეობას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა.
"ის პროცესი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, მივა ბოლომდე. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული მოქალაქის მიმართ იქნება სამართლიანობა აღდგენილი. მე მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ობიექტურ გამოძიებასთან და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ გაიგოს სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელნიკოვზე შესაძლოა ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, პრემიერის განმარტებით, ეს არის ოპონენტების ბრალდება, რომელზეც კომენტარს არ გააკეთებს.
"სასჯელაღსრულების სისტემა და მთლიანი მთავრობა არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ, ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოში", - დასძინა პრემიერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენადაა შესაძლებელი მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე ყოფილ პრეიზდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, ღარიბაშვილმა განცხადა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება მომავალში, ეს გამოძიების პრეროგატივაა.
გუშინ ოლეგ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ დათა ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, მას დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მელნიკოვის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში მღელვარების ჩასახშობად, ახალაიამ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, განახორციელა გეგმა, რომლითაც შსს-ს 4 თანამშრომელი დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ამ პირებს მალევე გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვმა საქმის ყველა ეპიზოდში ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, დათა ახალაიას თხოვნით, ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ახლა კი, სიმართლეს ამბობს.
მელნიკოვის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 18 აგვისტოს განახლდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100