სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ევროპის პარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ევროპის პარლამენტში საქართველოზე ახლად დანიშნული მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი იმყოფება. ევროპარლამენტარმა საკანონმდებლო ორგანოში პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილთან გამართა.

შეხვედრაზე ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, მედიის და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, რომლის შესწავლის და ანალიზის შედეგად მომზადდება მოხსენება ვროპარლამენტისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპელ სტუმარს საქართველოსთვის ასეთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლისთვის. მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსთვის დასახული მიზნების მიღწევაში და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველო-ევროპარლამენტის ურთიერთობები ახალ, უფრო მჭიდრო ფაზაში გადავიდა. დავით უსუფაშვილმა ლატვიის ქვეყნიდან არჩეულ ევროპარლამენტართან საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა და ეს არის ქვეყანა, რომელთანაც როგორც საპარლამენტო ასევე სამთავრობო დონეებზე საქართველოს აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებების ვითარებას, მედიის თავისუფლებას, ბიზნეს გარემოს და სამართლებრივ მდგომარეობას შეეხო. შეხვედრის დასასრულს, დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული საკითხების სიღრმისეული ანალიზის შედეგად მომზადდება ისეთი დასკვნა, რომელიც ერთის მხრივ, საყურადღებო და სათანადო რჩევების მომცემი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მეორეს მხრივ, კი ევროპელ მეგობრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის. პარლამენტის თავმჯდომარის და ევროპარლამენტარის შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე დაესწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100