სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრი: განათლება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

განათლებულ საზოგადოებას შესწევს უნარი, ქვეყანა თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფოდ აქციოს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა გადაწყვეტილება , რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა განათლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებთან დღევანდელ შეხვედრაზე განცხადა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინ არის.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ სწორედ განათლებულ საზოგადოებას შესწევს უნარი, ქვეყანა თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფოდ აქციოს. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ განათლების სისტემაში არსებული ვითარება და ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მეტი ძალისხმევით. შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განათლების სფეროში",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველო განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შევიდა, ახალი რეალობა და ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები კი, განათლების სისტემასაც ეხება.
"იმისათვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შევძლოთ, ჩვენ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. და თუ ამ საკითხს დროულად არ მოვაგვარებთ, ინტელექტუალური რესურსის გადინების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. 2012 წლიდან მოყოლებული, იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში. სწორედ ამ სფეროდან ველოდებით ყველაზე დიდ უკუგებას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გვქონდა პრობლემები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს კი ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს - ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად 60 პროცენტით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე. უკვე მეორე წელია, სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოებით, რაც დიდი შეღავათია ოჯახებისთვის. ვაშენებთ ახალ სკოლებს. 1000-ზე მეტი სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სოფლებში ორმოცდაათი ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საჯარო სკოლებში დაინერგა ისეთი სპეციალური სერვისები, როგორიცაა ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ახლა უკვე ექიმის მომსახურება. ხელმისაწვდომი გახდა ინკლუზიური განათლება. ეს არის იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100