სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ცაგარეიშვილი: ჩვენ რა, სახედრები ვართ?

ალასანიას ბანაკში გადაბარგებული და თბილად მოკალათებული გია ცაგარეიშვილი რევოლუციაზე საუბრობს, არჩევნები სულ იდეალურად რომ ჩატარდეს, ქუჩის ოპოზიცია მაინც არ იქნება კმაყოფილი, რადგან მესამე ტალღისთვის ემზადება, კომბლებიც ბლომად ექნებათ გამოჩორკნილი და წალეკვით ემუქრება საქართველოს. ,,დრონი ჯი’’ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან რევოლუციისთვის ოპოზიციონერები და ამის გასარკვევად გია ცაგარეიშვილს მივმართეთ.
"დრონი. ჯი"’: პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის ოპოზიცია მესამე, გადამწყვეტი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რომელიც გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. გვაინტერესებს რას გულისხმობს გადამწყვეტი აქცია, ხელსიფლების ძალით დამხობას ხომ არ აპირებს ოპოზიცია?
გია ცაგარეიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არჩევნები, ძალიან ცდება ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს იქნება მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. მინდა განვაცხადო, რომ წარმატებული ოპოზიციური ძალა ადგილობრივი არჩევნების დონეზე ხელისუფლების სათავეში იქნება 2014 წლამდე, ეს პერიოდი მოიცავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც და საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ამიტომ ეს არის ტესტი არა მარტო სააკაშვილისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, პოლიტიკური ძალებისთვისაც.
თუ ხელისუფლება ამ ტესტს ვერ ჩააბარებს, ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესები. სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, შეიძლება ყველაფერი მივიდეს რევოლუციამდე. თუ ხელისუფლება მოქალაქეებს ჯიბგირივით ხელს ჩაუყოფს ჯიბეებში და ამოაცლის არჩევანის უფლებას, მიიღებს უმძლავრეს პროტესტს, რომელიც მას ჯერ არ უნახავს.
საზოგადოებას მობეზრდა ყალბისმქმნელების ყურება. პირადად მე ამოსული მაქვს ყელში მუდმივი დაპირებები და ამ ფლიდობა. ხალხს ვერავინ აღუდგება წინ. ამას გეუბნებით ადამიანი, რომელიც ღრმად არის ჩახედული ოპოზიციის შიდა საქმეებში.
სააკაშვილი მიიღებს რევოლუციას, ზუსტად ისეთს, როგორიც მან მოაწყო 2003 წელს. ეს იქნება მოქალაქეების მშვიდობიანი მასობრივი გამოსვლა ქუჩაში, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ გაყალბდება არჩევნები. არ გააყალბებს არჩევნებს, მაშინ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ხელისუფლებასთან.
- იღებს პასუხსმგებლობას ოპოზიცია, რომ სისხლისღვრა არ მოხდება და რუსეთის რეაქციული ძალები არ მოვლენ ხელისუფლების სათავეში?
- ამის პასუხისმგებლობა ოპოზიციამ კი არ უნდა აიღოს არამედ ხელისუფლებამ. რას მირჩევთ, რა გავაკეთო, თუ ისევ გაყალბდა არჩევნები? იქნებ თქვენ გაქვთ რჩევა როგორც ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს? თქვენ გააგრძელებთ წყნარად სტატიების წერას, არჩევნები გაყალბდება, მშვიდად მიხვალთ სამსახურში და თვის ბოლოს ხელფასს აიღებთ?
- თქვენ გაქვთ მაგალითი 90-იანი წლებისა, როცა მოხდა თბილისის ომი და ხელისუფლებაში რუსეთიდან მართული კლანი მოვიდა!
- თქვენ ამ კითხვებით უნდა მიმართოთ ქართული რევოლუციის ამაგდრებს ბოკერიას და გივი თარგამაძეს, იმპორტს რომ აწარმოებენ ქართული რევოლუციისას. მე არ ვარ რევოლუციონერი, არც სერგო ორჯონიკიძე ვარ და არც იოსებ სტალინი. ღმერთმა დამიფაროს.
სტალინები და ორჯონიკიძეები თავისკენ მოიკითხონ, მაგრამ ეს ხელისუფლება მიიღებს რევოლუციას ქვეყანაში, თუ ისევ გააყალბებს არჩევნებს. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა, რომ ასეთი რამ ოპოზიციამ არ ჰქნას.
წყალს წაუღია მთელი ოპოზიცია, ხალხს არ უბიძგოს რევოლუციისკენ, გამწარებულ, დაბეჩავებულ მასებს, თორემ შემდეგ ოპოზიცია აღარ არის საჭირო, ისეთ კრიტიკულ მიჯნაზეა ყველაფერი მისული.
ოპოზიციას უნდა უმადლოდეს ხელისუფლება, რომ აქ უბედურება არ მოხდა, 26 მაისს სამებაში მისული გაგიჟებული ბრბო, შემდეგ ოპოზიციამ რკინიგზაზე წაიყვანა. რომ არა ოპოზიცია, მაშინ რა მოხდებოდა რუსთაველზე, არავინ იცის. იმის შიშით, რომ ჩრდილოეთიდან დუჟმორეული გამომთვრალი რუსი არ შემოვარდეს, თურმე უნდა ავიტანო აქ გივი თარგამაძის პარპაში? ამას სთავაზობთ ქართველ ხალხს? კითხვას გიბრუნებთ…
- თქვენ რას სთავაზობთ?
- მეც მაქვს კითხვის დასმის უფლება. რას სთავაზობთ ქართველ ხალხს, რომელსაც სულში აფურთხებენ 2003 წლიდან, ჩვენ რა, სახედრები ვართ? ეს ავიტანოთ მუდამჟამს?
- რატომ მუდამჟამს, მოვა 2013 წელი და გადაირჩიეთ ხელისუფლება.
- მანამდე კი გაყალბდეს არჩევნები? არ იქნება ასე.
- 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო ოპოზიცია რომ აცხადებდა, რევოლუციის შანსი მაშინ რატომღა გაუშვით ხელიდან?
- იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვეცოდება. უკანასკნელი შანსი მიეცა სააკაშვილს.
- დავუშვათ არ გაყალბდა ადგილობრივი არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, სხვა ოპოზიციური პარტიები მერე უკვე გამარჯვებული ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით იტყვიან არჩევნები გააყალბაო და ვიქნებით ასე პერმანენტულ საპროტესტო რეჟიმში.
- არავითარი ამგვარი არაფერი მოხდება. თქვენი სტილით საუბრობს ეკა ხერხეულიძე.
- მე ვგავარ ეკა ხერხეულიძეს?
- ძალიან ჰგავხართ. თუნდაც კითხვების დასმის ფორმით. ოპოზიციამ თუ მოიგო, ხელისუფლება გამოვა და იტყვის, ეს არჩევნები გაყალბდა. 2002 წელს სააკაშვილმა საკრებულოში არ მოიგო არჩევნები? დაიქცა ამით ქვეყანა? მშვენიერი საკრებულო იყო, დუღდა ვნებები.
ეს საკრებულო სჯობს, რაც ახლა არის? მონების საკრებულოა. გადით გვერდზე, მე ნუ ჩამომართმევთ ბრძოლის უფლებას. ვისაც ხელისუფლების მონობაში გსურთ სული ამოგხდეთ, გადით გვერდზე.
რედაქციისგან: ბატონი `ცაგარეიკა” შევარდნაძის მმართველოს დროს ნამდვილად გვერდზე იყო გასულ-გამდგარი და როგორც ამბობდნენ, ჯერ `გაიში” ქაფავდა ფულებს, სადაც მარჯვენა ზედა უჯრა ყოველთვის ღია ჰქონდა `მწვანეებისთვის”, მოგვიანებით კი გოგი თოფაძესთან იურისტობდა.
მერე პარლამენტში მოხვდა და აი, სწორედ მაშინ ახტა პოლიტიკურ არენაზე. ახტა და... გაიკვანძა კიდეც... თოფაძეც მიატოვა და დაიწყო პარტიებში აქეთ-იქით ხეტიალი.
ოქრუაშვილის პარტიაში შესული არ იყო, იქიდან რომ გამორბოდა, ენა ყოველთვის წინ უსწრებდა და ორჯერ მოატეხინა კიდეც თავისმა ენამ კისერი – ერთხელ მაშინ, როცა ოქრუაშვილის ჩანაფიქრი შეუთანხმებლად გაახმოვანა და მეორედ, როცა დეპუტატმა ბალავაძემ მამა-პაპური ალიყური აჭამა.
შემდეგ გია თორთლაძის პარტიაშიც სცადა ბედი, მაგრამ როგორც ჩანს, იქაც ინტრიგნობა დაიწყო. ახლა კი, ალასანიას ეტენება, იქნებ პარტიაში მიმიღოს და როგორც პოლიტიკოსი, გამაცოცხლოსო. თუმცა, ვინ იცის, იქნებ პირიქით მოხდეს და თავად ირაკლის ჩააყვინთინოს პოლიტიკურ მოუსავლეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100