სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაულ ხაჯიმბა შამბასა და ანქვაბზე ალაპარაკდა

"როგორც კი აფხაზეთის პარლამენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს, მაშინ გადავწყვეტ მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში", - აცხადებს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა "ლენტა.რუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან ერთად, რაულ ხაჯიმბა არჩევნებში ვინმესთან ერთად, მაგალითად აფხაზეთში მოქმედ "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების" პარტიის ლიდერთან ბესლან ბუთბასთან გაერთიანებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბუთბას პარტია ოპოზიციური არ არის.

რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე ანქვაბსა და ე.წ. პრემიერ–მინისტრზე სერგეი შამბაზე საუბრისას ასევე აცხადებს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ თავიანთ "ჩინოვნიკურ რესურსებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს გამარჯვებისათვის", მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ "ამ სიტუაციაში ყველაფერი მშიდად და წყნარად იქნება".

"წინ მძიმე ბრძოლა გველის", – ამბობს ხაჯიმბა და რუს ჟურნალისტთან საუბარში უარს აცხადებს სერგეი შამბასა და ალექსანდრე ანქვაბის მინუსებზე ისაუბროს.

"მათ მინუსებზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ის რეზერვია, რომელიც შეიძლება გამოიყენო სხვა დროს. ხოლო რაც შეეხება მათ პლიუსებს ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საომაოდ დიდი პოლიტიკური ბრძოლისა და მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შამბა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ნაციონალურ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამჟამად მეურნის გამოცდილებას იღებს, რაც დადებთად აისახება აფხაზეთზე, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოტრიალდება", – აცხადებს რაულ ხაჯიმბა და საუბარს ალექსანდრე ანქვაბზე აგრძელებს.

"ანქვაბს, მგონი ყველა იცნობს. რამდენადაც მე ვიცი, უკომპრომისო ადამიანია, რომელსაც ძალუძს საკმაოდ მწვავედ მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ საკითხზე. მას ასევე შეუძლია ააგოს ურთიერთობები გარკვეულ წრეებთან. ვფიქრობ, ბრძოლა საინტერესო იქნება", _ აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

ამასთან ერთად, რაულ ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ ელექტორატი, რომელმაც თავის დროზე სერგეი ბაღაფში აირჩია ანუ 60 პროცენტი, ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ შექმნილ სიტუაციაში "არ დამწკრივდება და შამბასთვის ან ანქვაბისთვის ხმის მისაცემად არ წავა".

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროგრამები და მიზნები იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისთვის", – აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100