სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეიდან თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით იმუშავებს

დღეიდან თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დავით ნარმანია სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ საკრებულოს მიერ მთავრობის 5 ახალი წევრის დამტკიცების საკითხს. მისივე თქმით, გუშინ თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ორი ახალი მოადგილე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსები და ვაკის რაიონის გამგებელი.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ მოქმედი წესების თანახმად, თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეიდან იმუშავებს.
"ახალ წევრებს ვუსურვებ წარმატებებს მეტი აქტიური მუშაობისთვის, რათა უკეთესი შედეგი გვქონდეს. აქამდე ჩვენ მუშაობა გვიწევდა ორ ფრონტზე. ერთი არის ის უამრავი პრობლემა, რომელიც მერიაში დაგვხვდა და მეორე მხრივ, მერიის განვითარებაზე. ახლა არის ეტაპი, როცა პრობლემების უდიდესი ნაწილი დაძლეულია და უფრო განვითარებისაკენ სვლის ეტაპი დადგა. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით, ტემპში უნდა ვიმუშაოთ და დავდოთ ის შედეგი, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
გუშინ თბილისის საკრებულომ სხდომაზე მთავრობის 5 ახალი წევრი დაამტკიცა. კერძოდ, თბილისის პირველი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა, მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი გურგენიძე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი - პაატა ჯაჭვლიანი და ვაკის რაიონის გამგებელი - ლაშა აბაშიძე. ახალი წევრები დღეს თბილისის მთავრობის სხდომას ესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100