სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილის განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესის არაკონსტიტუციურად ცნობით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა - მაჟორიტარული არჩევნები

- ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით საქართველოს ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოებას უახლოეს ხანში საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს შესთავაზებს.

"მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს. მოგეხსენებათ, სასამართლოში ეს სარჩელი შესული იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. განხილვის შედეგად სასამართლომ ის ნორმები, რომლებიც ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს და ავტომატურად აბამს ოლქებს მუნიციპალიტეტების საზღვრებს, ჩაითვალა არაკონსტიტუციურად, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი ილახება - სხვადასხვა რაოდენებსა და ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეების ხმის წონა განსხვავდება ერთმანეთისგან 20-ჯერ, 25-ჯერ და ა.შ",-აღნიშნა უსუფაშვილი.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა - მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში. მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში არის კონსტიტუციით დადგენილი ნორმა. სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რა პრინციპების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ოლქების საზღვრების დადგენა, ანუ ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობის განსაზღვრა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ეს დებულებები საარჩევნო კოდექსში ფიგურირებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს სისტემა შემოღებული იყო წინა რამდენიმე ხელისუფლების მიერ. ჩვენ, კოალიცია "ქართულ ოცნებას" ამ საკითხზე გვქონდა მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი არის გასასწორებელი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს –ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი ადეკვატური გადაწყვეტილებები, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის განწყობებს იმისთვის, რომ არჩევნები იყოს უფრო და უფრო სამართლიანი, თანასწორი და პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებულად. უფრო კონკრეტულად ამაზე ჩვენ უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, მაგრამ მე მინდა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იყოს ეს სიცხადე. მისი მიმართულება ემთხვევა იმ მიმართულებას , რაც გვქონდა კოალიცია „ ქართულ ოცნებას“, საპარლამენტო უმრავლესობას და უფრო კონკრეტიკაზე ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ.", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად სცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100