სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდუბის პროკურორმა 100 ათასი დოლარი თვეში 3,5 პროცენტში გაასესხა

„დრონი.ჯი“-მ დიდუბის რაიონის პროკურორის, რეზო ნადოის ქონების შესახებ ორი დოკუმენტი მოიპოვა.

პირველის თანახმად, მან 50 ათასი ლარის ღირებულების ქონება რუსეთის მოქალაქეს აჩუქა.

მეორე დოკუმენტის მიხედვით კი - პროკურორმა ნადოიმ, მოგების მიზნით, 100 ათასი დოლარი გაასესხა, უზრუნველსაყოფად კი, მსესხებლის ახლობლის ბინა დატვირთა იპოთეკით.

დიდუბის რაიონული პროკურორის რეზო ნადოის 2011 წლის 23 აგვისტოს შევსებულ დოკუმენტში „სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების“ შესახებ, საუბარია „ლიდერ კრედიტის“ წილის 20%-ის გაჩუქების შესახებ, ვინმე რევაზ დასენზე. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გაჩუქებული წილის ნომინალური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.

„დრონი.ჯი“ დაინტერესედა, რატომ გააჩუქა რეზო ნადოიმ „ლიდერ კრედიტის“ წილი რუსეთის მოქალაქეზე?

„დრონი.ჯი“: რატომ გააჩუქეთ კომპანიის წილი ვინმე რევაზ დასენზე და ვინ არის თქვენთვის ეს პიროვნება?

რეზო ნადოი: ის ჩემი ნათესავია, სწორედ ამიტომ მოხდა მისთვის 20%-იანი წილის ჩუქება. დღეს ის წარმატებული ადამიანია“.

მოვიპოვეთ ბატონი პროკურორის ქონების სხვა დოკუმენტიც.

საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც რევაზ ნადოიმ 100 000 დოლარის ოდენობის თანხა გაასესხა ვინმე ნატალია კუბლაშვილზე 3 თვის ვადით.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2012 წლის 3 ნოემბერსაა გაფორმებული, ნატალია პავლიაშვილმა ნადოისგან თანხის მისაღებად იპოთეკაში ჩადო ალექსიძის ქუჩაზე მდებარე ნინო ჩადუნელის კუთვნილი 193 კვ.მ ბინა.

ხელშეკრულებაში წერია რომ პროკურორ ნადოის, 100 ათასი დოლარის სამი თვით გასესხების სანაცვლოდ, თვეში გასესხებული თანხის 3,5 პროცენტი (სამი ათას ხუთასი დოლარი) უნდა მიეღო. შესაბამისად, მას, მოგების სახით, სამი თვის შემდეგ ჯამში 10 500 დოლარი უნდა „დარჩენოდა“, რასაც თანხის დასაფარად განკუთვნილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, პროცენტებიც უნდა დამატებოდა.

„დრონი.ჯი“: ბატონო რეზო, დაიბრუნეთ თუ არა, გასესხებული 100 ათასი დოლარი უკან, 3 თვის შემდეგ?

- დიახ დაბრუნდა, არსებობს ამის დოკუმენტიც.

- რატომ ასესხეთ ამხელა თანხა ვინმე ნატალია კუბლაშვილს?

- რა მნიშვნელობა აქვს, ამ კითხვის დასმის უფლება უკვე აღარ გაქვთ.

- გვითხრეს რომ, აღნიშნული ბინა იპოთეკით გაიყიდა, რა იცით ამის შესახებ?

- არ ვიცი რა ბედი ეწია ამ ბინას“.

ცხადია, წილის გაჩუქებისა და თანხის გასესხების უფლება ყველას აქვს. მათ შორის საჯარო მოხელესაც.

თუმცა, როდესაც პროკურორი ამ ღარიბ და მშიერ ქვეყანაში, 50 ათასლარიან წილს თუნდაც ნათესავს უსასყიდლოდ ჩუქნის და მეორე მხრივ, 100 ათას დოლარს მაღალი დივიდენდის მიღების მიზნით გაასესხებს, წესით, მის უწყებაში, ბატონი რეზოს მიმართ კითხვები უნდა არსებობდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100