სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბინ ლადენი ბარაკ ობამას მკვლელობას გეგმავდა

საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება, „ალ–ქაიდა“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე, ბარაკ ობამაზე და გენერალ დევიდ პეტრეუსზე თავდასხმას გეგმავდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომელიც ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ ამოღებულ დოკუმენტებს გაეცნო.

აღნიშნული პირის ცნობით, „ალ–ქაიდა“ პრეზიდენტისა და გენერლის თვითმფრინავის განადგურებას აპირებდა. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით ტერორისტული აქტის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ გეგმავდა. ასევე აღნიშნული ტერაქტის ფარგლებში, მათ ამერიკაში მცხოვრები ევროპელებისთვის სურდათ განსაკუთრებული ზიანის მიყენება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჰაკერებმა „ალ–ქაიდას“ ინტერნეტ გვერდის გატეხვა მოახერხეს. ამის გამო, ტერორისტული დაჯგუფება ვეღარ ახერხებს ვირტუალურ სამყაროში საკუთარი ვიდეო რგოლებისა და განცხადებების გავრცელებას. ჰაკერების ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.

რაც შეეხება „ალ–ქაიდას“ ახალ ლიდერს, ეგვიპტელ აიმან ალ–ზავაჰირს, იგი პაკისტანის ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას, სააგენტო Reuters ავრცელებს.

აშშ–ს თავდაცვის მინისტრი, ლეონ პანეტა, პაკისტანის ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობისკენ მოპუწოდებს. „იმისათვის, რომ „ალ–ქაიდას“ სერიოზული ზიანი მივაყენოთ, საჭიროა ოცამდე ძირითადი პირის ლიკვიდაცია“, –აღნიშნა მინისტრმა.

„ტომთა ტერიტორია“ – ადგილი პაკისტანში, სადაც „ალ–ქაიდას“ ლიდერი იმყოფება. აღნიშნული ტერიტორია პაკისტანის ხელისუფლებას საერთოდ არ ემორჩილება. ეს არის ადგილი, სადაც „ალ–ქაიდასა“ და „თალიბანის“ მებრძოლები გადამზადებას გადიან და მათი საბრძოლო არსენალის შევსება ხდება.

„ჩვენ შევძელით ბინ ლადენთან გამკლავება. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად, „ალ–ქაიდასთან“ გამკლავებასაც შევძლებთ.“– აღნიშნა პენატამ.

„ალ–ქაიდას“ ლიდერებს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეები აიმარ ალ–ზავაჰირი და ანვარ ალ–ავაკი არიან. ეს უკანასკნელი, ამ დროისათვის იემენის ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100