სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ, ყვავები, ვეღარ ვეკარებით მას"...

„ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ნაბიჯს ვაფასებ მკვეთრად და უარყოფითად. მათ არსებობას პოლიტიკაში, ვაფასებ ასევე უარყოფითად“, აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

„დრონი.ჯი“: რამდენად იპოვის რუსეთი დასაყრდენს სამხედრო გადატრიალების მოსახდენად?

გია ცაგარეიშვილი: ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მაქვს მყარად ჩამოყალიბებული... ერთია ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, სახელისუფლებო წრეებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებასთან და ამას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს და ჩემი აზრით, ამაში ცუდიც არაფერია. იმიტომ, რომ ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, საბოლოოდ რუსეთთან მაინც მოგვიწევს ურთიერთობის დალაგება და საუბარი, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს.

დღეს რომ დაიწყოს საუბარი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე, როგორ გგონიათ, ხელისუფლება უარს იტყვის რუსეთის ფედერაციის სახელისუფლებო წრეებთან დიალოგზე? რა თქმა უნდა, უარს არ იტყვის, ვინაიდან ერთი სული აქვს ვინმემ დაუძახოს მოსკოვში და შესთავაზოს დიალოგი. მსგავსი შემოთავაზება რომ მოხდეს, სააკაშვილი აუცილებლად ჩავა, და ეს მისი მხრიდან სულაც არ იქნება უგუნური საქციელი.

არ ვარ აპოლოგეტი და გულშემატკივარი ამ ხელისუფლებისა, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია ელაპარაკოს მტერსაც. გახსოვთ თქვენ ცხინვალის აღების შემდეგ, საიდანაც გამოდევნილი იყო ძირ-ძველი ქართული მოსახლეობა, ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა კი უკან დაიხიეს თბილისისკენ, საუბარი იყო ტყვეების გაცვლაზე, იყო უამრავ ყოფითი პრობლემების გადაწყვეტაზე საუბარიც, ჩვენ რა უნდა გვექნა? უნდა მიგვეტოვებინა ჩვენი მკვდრები?

კარგად მახსოვს ბატონი გივი თარგამაძე ერგნეთის პოსტზე რომ იდგა. ნეტა რატომ იდგა იქ, რუსებს ელაპარაკებოდა, თუ ჩინელებს? ამიტომ ასეთი კრეტინული ბუტიაობა პოლიტიკაში, უხეშად რომ გითხრათ, არ მოსულა.

მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს და ნებისმიერი ომი ბოლოს ზავით მთავრდება, ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. ვინაიდან ცხინვალის კონფლიქტამდეც მსოფლიოს უნახავს მილიონობით კონფლიქტი და ბევრად უფრო სისხლიანი, რომელიც სამშვიდობო ზავით დასრულებულა, მოლაპარაკებებით, საიდანაც ზოგი წარმატებული, ზოგი კი წარუმატებელი გამოდის. ეს არის საშინელი კანონი ომისა და სამწუხაროდ, სანამ ადამიანი ომს დაიწყებს, კარგად უნდა დაფიქრდეს, რა მოჰყვება ამას მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის და არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის.

ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიალოგი არის აუცილებელი, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, ოღონდ ჩვენ ეს დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ძალიან გამჭვირვალეთ, აქ არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები, რომლებიც დამეთანხმებით, სამართლიანად ჩნდება, თუმდაც გავიხსენოთ უკანასკნელი მოლაპარაკებები ნოღაიდელისა და ბურჯანაძისა, რომლებთანაც მეც დამიგროვდა უამრავი კითხვა.

მოლაპარაკებების წარმოება, პრიველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ვაცადოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ის რესურსი, რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგებისა, გაფანტა და შანსი იმისა, რომ ელემენტალურ დონეზე მაინც აღადგინოს რუსეთთან სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა, არ აქვს.

ჩვენ გვყვავს შეურაცხადი, ავი მეზობელი, რუსეთის ფედერაციის სახით, ამიტომ აგრესია გამორიცხული არ არის. ეს ისეთი მომენტია, დათვს რომ ეძინოს ბუნაგში, შენ კი მიხვიდე და გააღვიძო, ის დათვი ხომ მოგადებს ძალიან მძლავრDტორს, სწორედ ეს დაემართა ჩვენს ხელისუფლებას.

რუსეთს რომ სძინავს და სიზმარში ესიზმრება დაშლილი და მიწასთან გასწორებული საქართველო, და რუსეთისთვის რომ დამოუკიდებელი საქართველო, კავკასიაში არის ყველაზე დიდი უბედურების მომასწავლებელი, ეს უკვე ყველამ იცის.

რუსეთისთვის დამოუკიდებელი საქართველო დაკარგულ კავკასიას ნიშნავს, დაკარგული კავკასია კი რუსეთის ფედერაციისთვის არის დაშლილი რუსეთის ფედერაცია. შევარდნაძის თაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მისი გამონათქვამი, რომ აფხაზეთის ტრაგედია და სოხუმის ტრაგედია რუსეთს ბუმერანგივით მოუბრუნდება, ისე აუხდეს სიკეთე ჩვენს ქვეყანას, ზუსტად 2 წელიწადში მოუტრიალდა ეს ყველაფერი უკან, როდესაც გამოჩნდა ჯოხარ დუდაევი და დაიწყო სისხლიანი მოვლენები, ჩეჩნეთის ორი ომი, დაღესტნის,
ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის... დღესაც აქრობს რუსეთი ამ ცეცხლს.

ამიტომ, საქართველომ მორიგი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ყველანაირ კონფლიქტსა და პროვოკაციას თავი უნდა აარიდოს, მგელს ხახაში ხელი არ უნდა ჩაუყოს. თორემ რუსეთს არ გაუჭირდება ისევ შემოიყვანოს თავისი ჟანგიანი ტანკები ჩვენს ტერიტორიებზე, ჩვენ კი გვეყოფა ის ჟანგიანი ტანკები, რომ თბილისი სართოდ დატკეპნონ. რუსები ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამენ, მე ამ სიტყვებით არავის ვაშინებ, თუ კი ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ.

ყველაზე დიდი უბედურებაც ახლახანს მოხდა, როდესაც სარკოზიმ, რომელიც აგვისტოს ომის დროს შუამავალი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, აღიარა რუსეთის ფედერაცია არააგრესორ ქვეყანად, ამის ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს. ამას იმ ადამიანმა მოაწერა ხელი და ამასთან რუსეთს 4 უზარმაზარი ვერტმფრენმზიდი და მისტრალი გადასცა, რომელიც 2008 წელს თბილისში ჩამოვიდა და დახვდა რუსების ტანკებს. ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედია, მოკავშირე ქვეყნებმა ზურგი შეგვაქცია და ისევ, როგორც მთელი ისტორიის განმავლობაში მარტონი დავრჩით ჩვენს კბილებამდე შეიარაღებულ მტერთან - რუსეთთან.

- თქვენ რომელ ბანაკში მოიაზრებთ თავს, ნოღაიდელთან, თუ მის გარეშიე?

- რამდენად ითვალისწინებს საერთაშორისო ნორმები სხვა ქვეყნის სახელისუფლებო პარტიასთან დაიდოს ისეთი ისეთის სახის ხელშეკრულება, როგორიც დადო ნოღაიდელმა? ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს არის მიუღებელი. ბატონი გრიზლოვი პირზე ქაფმოდებული 7 წელია კივის, რომ საქართველო უნდა განადგურდეს და დაიშალოს მარტივ-მამრავლებად, და არ დაგავიწყდესთ, რომ იგი არა მარტო "ედინაია როსიას" თავმჯდომარეა, რუსეთის დუმის თავმჯდომარეცაა და სწორედ ამ პარლამენტმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩვენთვის ამ ადამიანთან საუბარი წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აუცილებელია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენა და გამყარება, შემდეგ უკვე შეუძლიათ ოპოზიციურ პარტიებსაც დაამყარონ ურთიერთობები. რაც შეეხება საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარეობენ, არსად არ წერია რომ პარტიას არ შეუძლია მოაწეროს მეორე პარტიასთან ხელი და ეს მეორე პარტია იყოს თუმდაც მტრულად განწყობილი მეორეს ქვეყნის მიმართ. აქ საუბარია მორალური პრინციპების დარღვევაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ზნეობრივ სახეზე და არა კანონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მე ეს უფრო მაწუხებს ბატონი ნოღაიდელის შემთხვევაში, და არა ის, თუ რა ურთიერთობებშია საერთაშორისო სამართალთან. ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ნაბიჯს ვაფასებ მკვეთრად და უარყოფითად. მათ არსებობას პოლიტიკაში, ვაფასებ ასევე უარყოფითად.

მყარად ჩამოყალიბებული მოსაზრება მაქვს ამ ადამიანებზე, სხვებისგან განსხვავებით და ეს მოსაზრება არ შეიცვლება. მაგრამ რომელ ნოღაიდელზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც სარკოზი იღებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ელისეის სასახლეში და მასთან სამხედრო თანამშრომლობაზე ხელს აწერს და შეიარაღებით ამარაგებს, ვინმე იტყვის რომ რუსეთი დამნაშავეა? ჩვენ კი ვიცით რომ ის დამნაშავეა, მაგრამ რამე აკლდებათ რუსებს?

- შესაძლებელია, რომ ნოღაიდელი რუსეთში საქართველოს გამთლიანების მიზნით კი არა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჩავიდა?

- ეს მართლაც ასეა, ნოღაიდელი რუსეთში დადის იმიტომ, რომ დაიმკვიდროს ქართულ პოლიტიკაში თავისი ადგილი. დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სრულიად უტვინოდ მუშაობს. ნოღაიდელისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნეს. დაარჭეს ეს საფრთხობელა პოლიტიკურ მინდორზე და ჩვენ, ყვავები, ვეღარ ვეკარებით მას.

- ალასანიამ ბევრჯერ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი და ახლა ის ისევ ალიანსთანაა. ხომ არ დაიკლებს ამის გამო მისი რეიტინგი?

- ვერაფერს გეტყვით, ამას ყველაფერს მომავალი არჩევნები აჩვენებს. ბატონ ირაკლის შეუძლია ითამაშოს ბევრად უფრო კონსტრუქციული როლი, ვიდრე ახლა თამაშობს. მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ანუ გააერთიანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ერთი სანუკვარი იდეის გარშემო, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა საქართველოში.

მას ჯერ კიდევ გააჩნია ამის უნიკალური შესაძლებლობა, თუ როგორ მოიქცევა ეს მისი გადასაწყვეტია. ალასანიას შეუძლია გააერთიანოს იგივე "კონსერვატორები", "ხალხის პარტია", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", გაჩეჩილაძე და ა.შ, მაგრამ არა ნოღაიდელი, მათ არ აქვთ ერთად თანაცხოვრების შანსი. ჩვენ თუ პოლიტიკურ პრანჭვა-გრეხვას თავს არ დავანებებთ, არაფერი გამოვა. როდესაც სახელმწიფო თავზე გენგრევა, შენ კი გამოდიხარ აქ და ბლოკების შექმნა გინდა პარტიული ორიენტაციით, ეს არის ძალიან უმადური საქმე და პოლიტიკური ბრიყვობა.

- უკავშირდება, თუ არა თქვენი პოლიტიკური გზა ალასანიას?

- მე ვემხრობი ერთიანობას. მე მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის ირაკლი ალასანიასთან. ამ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად დამიგროვდა ძალიან დიდი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი გამოცდილება. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ვინაიდან სხვანაირად ბატონ უგულავას ვერ დაამარცხებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100