სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარქისიანის განცხადება თურქებმა ომის გამოცხადებად აღიქვეს

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის განცხადებამ თურქეთის მმართველ პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სარქისიანი ცახკაძორში, მეხუთე ოლიმპიადის მონაწილეების წინაშე, სომხურ ენაზე სიტყვით გამოვიდა და „დასავლეთ სომხეთისათვის“ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ტერიტორია, რომელიც სომხეთის პრეზიდენტმა ამ სტატუსით მოიხსენია, დღეს თურქეთის შემადგენლობაში მყოფი აღმოსავლეთ ანატოლიაა.

როგორც ვიუწყებოდით, სომხეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას პირველად თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გამოეხმაურა და სარქისიანის გამოსვლას ,,დაუფიქრებელი“ უწოდა.

პრეზიდენტ ეროღანისგან განსხვავებით, უფრო მკაცრად გააკრიტიკა სომხეთის პრეზიდენტი თურქეთის ვიცე–პრემიერმა ბულენთ არინჩიმ. მისი თქმით, სარქისიანის განცხადება წამქეზებლურია და ამით სომხეთი ვერაფერს მოიგებს.

,,ყველამ იცის, სად მდებარეობს არარატის მთა და ის ვის ეკუთვნის. თურქეთი საკმაოდ დიდი და ძლიერი სახელმწიფოა. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენთან თამაშს და ჩვენს ტერიტორიებზე პრეტენზიების წაყენებას,“– განაცხადა ბულენთ არინჩიმ.

ვიცე–პრემიერმა სარქისიანს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება ურჩია და არა ჭორების გავრცელება.

,,სომხეთი მძიმე ეკონომიკური პრობლემებს დაეჯახება. იყო დრო, როდესაც ის შიმშილობდა და ჩვენ იქ საკვებს ვაგზავნიდით. სომხეთის ხელისუფლებას ვურჩევ დემაგოგობას თავი დაანებოს და ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები მოაგვაროს და არა ჭორები ავრცელოს,“– განაცხადა თურქეთის ვიცე–პრემიერმა.

თურქეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ სინან ოგანის თქმით, ამ განცხადებით, სომხეთმა თურქეთს ომი გამოუცხადა.

,,ეს არის ღია ტერიტორიული პრეტენზია და თურქეთისათვის ომის გამოცხადება. სარქისიანს უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი, ასევე, უნდა დაწესდეს სომხეთის მიმართ სხვადასხვა სანქციები. სარქისიანის განცხადება იმას მიანიშნებს, რომ თურქეთს სომხეთთან ურთიერთობები არ უნდა მოეგვარებინა. სომხები უსირცხვილოდ ტყუიან და სხვების ტერიტორიებისკენ უჭირავთ თვალი. არ მომეწონა პრემიერ–მინისტრს ერდოღანის პასუხი. ადამიანს, რომელმაც თურქეთს ომი გამოუცხადა, მკაცარი პასუხი ეკუთვნის და აქ დიპლომატია ზედმეტია. საკადრისი პასუხი მანამდე უნდა ეთქვას სარქისიანს, სანამ ის საკუთარ სიტყვებს უკან წაიღებს და ბოდიშს მოიხდის. ჩვენმა ქვეყანამ სომხეთთან უნდა შეაჩეროს ურთიერთობა და სხვადასხვა არაოფიციალური კონტაქტები,“– განაცხადა სინან ოგანიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100