სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაინდრავას, ჩხრეკის დროს, 700 აბი „სუბოტექსი“ უპოვეს...

ბოლო პერიოდში, ოპოზიცია მის ერთ საკითხს აპიარებს მუდმივად - მიხეილ სააკაშვილს ნარკომანობას სწამებენ, თურმე მიშა ხან „ჰეროინს“ ყნოსავს, ხან „სუბოტექსს“ ყლაპავს, სხეულზე კი ვენა აღარ დარჩენია მთელი დღეს, თურმე ვენაში გაჩხერილი კათეტერით დადის, რომ ნარკოტიკი უპრობლემოდ შეუშვას, ვენები აღარ დაიგლიჯოს. ალბათ, ასე კათეტერით იყო კაჩინსკის დაკრძალვაზე და ამერიკაში ვიზიტით და ამ, კათეტერებიან ხელს ართმევდა ამერიკელ მაღალჩინოსნებსა თუ დიპლომატებს. ამ სისულელეზე რეაქცია არ მექნებოდა, ამას ის ოპოზიციონერები რომ ლაპარაკობდნენ, რომელთაც ცხოვრებაში ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონიათ, პირიქით, მის წინააღმდეგ უბრძოლიათ კიდეც.
მაგალითად: დავით უსუფაშვილი, დავით საგანელიძე, ეკა ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე, მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე და სხვები სააკაშვილს ლამის კაენის ცოდვიდან დღემდე ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს სისულელე თავში არ მოსვლიათ, ბრალდებას, ჰაერიდან მოტანილს, საფუძველი არა, მაგრამ რაღაცით დამაჯერებლობა უნდა შესძინო. დათო უსუფაშვილს სინდისი არ გაუშვებს თქვას, მიშა ნარკომანიაო, რადგან იგი პოლიტიკოსია და არა ძველი ბიჭი. რაც მთავარია, უსუფაშვილს შუბლის ძარღვი ჯერ არ გასწყვეტია.
გულისამრევია, როცა სააკაშვილის ნარკომანობაზე ერთი კაცი ლაპარაკობს ოპოზიციიდან, ერთადერთი და განუმეორებელი, გოგა ხაინდრავა. ეს ის გოგა ხაინდრავაა, რომელსაც ათეულობით ზვიადისტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, თავის დროზე, აფხაზეთში ნარკოტრანზიტის მფარველობას აბრალებდნენ. მაშინ გოგა სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში - 1993 წელს.
„ყველაზე ცნობილი ნარკომანი პოლიტიკოსთა შორის და ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ნარკომანებში“ - ეს უკვდავი „ექსპრომტი“ შალვა ნათელაშვილის პირადი არქივიდანაა.
მანვე „თბილისში ყველაზე ცნობილი ნარკომანი“ უწოდა ხაინდრავას. აქვე გავიხსენოთ, გოგა ხაინდრავამ ორჯერ თქვა უარი, გაევლო ნარკოტესტი და ჯარიმის გადახდა ამჯობინა. არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღიარა, რომ წამალზე იჯდა და კარგა ხანს „იჩხირავდა“.
მოკლედ, დღეს სააკაშვილის ნარკომანობაზე ის კაცი ლაპარაკობს, რომელმაც მთელი ცხოვრება კაიფში გაატარა, კაიფობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში, კაიფობდა მაშინ, როცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახლდათ.
ცნობილი ისტორიაა: ერთხელ, ცხინვალში ჩასულ `გოგა ხაინდრავას, ბორის ჩოჩიევის კაბინეტში „პერედოზიროვკა“ დაემართა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა ექიმმა ადრენალინის ორმაგი დოზა გაუკეთა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. აი, ასეთი მინისტრი იყო ხაინდრავა.
კაიფობდა და შიგადაშიგ, ხან ჩოჩიევს გამოჰყავდა ნარკოტიკს დახარბებული მინისტრი მდგომარეობიდან, ხან ედუარდ კოკოითს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველებო, ვიდრე ეს ამბავი გახმაურდებოდა, გოგა ხაინდრავა, ამბის შენახვის ხათრით, ჩოჩიევ-კოკოითსა და მათ „კამანდას“ ყურებით არ ეყოლებოდათ დაჭერილი?
ამას, იმ სპეცსამსახურის ენაზე, ხაინდრავა რომაა თანამშროლობაში ეჭვმიტანილი, „დავერბოვკება“ ჰქვია. კიდევ კარგი, ამ ამბიდან ერთ წელიწადში მოხსნეს ხაინდრავა... მაგრამ იმ ერთ წელიწადში რამდენი ავნო საქართველოს, იმის შიშით, საქვეყნოდ არ გავმაიმუნდეო, ეს კაცმა არ იცის.
სხვათა შორის, ჩოჩიევს გადაღებული და შენახული აქვს ის კადრები, პირზე დუჟმორეული, სკამიდან გადმოვარდნილი როგორ აგდია ხაინდრავა იატაკზე ჩოჩიევის კაბინეტში და როგორ ასულიერებენ მას. კაცმა არ იცის, ამ 15-წუთიან „დოკუმენტურ ფილმს“ როდის გამოიყენებს ჩოჩიევი. ხაინდრავას რა ეგონა, მარტო მაგან იცოდა ტელეკამერის ხმარება და კინოდოკუმენტალისტობა? შეცდა! ჩოჩიევიც არანაკლები ოპერატორი და კინოდოკუმენტალისტი ყოფილა!
ახლა ერთ ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც თითქმის ყველა ჩემმა კოლეგამ იცის, მაგრამ ამ დღემდე არ გაუხმაურებიათ. არადა, პირად საუბარში ყველა ამაზე ლაპარაკობს, როცა ხაინდრავას ახსენებს ვინმე. ეს ამბავი ჩოჩიევის კაბინეტში დატრიალებულ `ტრაგედიამდე~ მოხდა. ცხინვალში, ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით ხაინდრავა „მოსალაპარაკებლად“ ჩავიდა.
„მოლაპარაკება“ 2 საათში მორჩა, მაგრამ მანქანით პირდაპირ თბილისისკენ არ წამოვიდა, თამარაშენიდან სოფელ ქურთაში ავიდა, ერთ ოჯახში შევიდა, 15-20 წუთი დაჰყო და წამოვიდა. ხაინდრავამ, ვიდრე ერგნეთს მოაღწევდა, გამოიარა ჯერ ოსური პოსტი, მერე რუსული უნდა გამოევლო და გააჩერეს. კი, საბუთიც უჩვენა - მინისტრი ვარო, ყველა ცნობდა სახეზე, მაგრამ მაინც არ გაატარეს.
ხაინდრავამ მაშინდელი სამშვიდობო ძალების სარდალს, ნაბდზოროვს დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. მოკლედ, ეს ხაინდრავა მანქანიდან გადმოიყვანეს, პიჯაკი გახადეს ძალით, მერე - ჟილეტი და ჟილეტს შიგნით, მთელ ტანზე, პატრონაჟივით ჰქონდა ასხმული სუბოტექსის 10-აბიანი ფირფიტები. ეს შენი ხაინდრავა დააჩოქეს, კეფაზე ხელები დააწყობინეს, ოღონდ, მანამდე, საგუშაგოში შეიყვანეს.
ხაინდრავამ დარეკვა ითხოვა, რადგან ამ დროს, მობილურიც წაართვეს რუსმა ჯარისკაცებმა. ოფიცერმა გორშკოვმა, რომელიც რუსული მხარის ბლოკ-პოსტის მეთაური იყო, საკუთარი ტელეფონიდან დაარეკინა. ხაინდრავამ ზურაბ ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმ დროს ჟვანია უცხოეთში იყო, მან ვანო ძალოვანს გადმოურეკა, მიხედე, გოგა დიდ შარშია გახვეული, რამენაირად გამოაძვრინე, თორემ საერთაშორისო სკანდალი ატყდება და ქვეყანა დიდად იზარალებს, საქვეყნოდ თავი მოგვეჭრებაო. ძალოვნებმა პრეზიდენტთან შეათანხმეს საკითხი, მიშამ - ეგ ამბავი რომ გახმაურდეს, მართლა გავმაიმუნდებით მსოფლიოშიო და ნება დართო, სიტუაცია განემუხტა, თუ შესძლებდა. თუმცა, აქვე დავძენ, რომ ვიდრე ჟვანია პოლიციას დაურეკავდა, უკვე მოესწრო პრეზიდენტთან დარეკვა და საქმის კურსში მისი ჩაყენება.
ნაბდზოროვთან „ჩააწყვეს“ საქმე და ხაინდრავამ რუსული პოსტიდან ორასიოდე მეტრით აქეთ - ქართულ საგუშაგოზე გადმოინაცვლა. ჰო, ხელბორკილებიც ედო, მაგრამ ახსნეს. რუსმა სამშვიდობოებმა დაიტოვეს ის 700 აბი სუბოტექსი, ხაინდრავას აბჯარივით რომ ჰქონდა ასხმული.
იმავე საღამოს ხაინდრავა უმტკიცებდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, 700 აბი ჩემთვის მჭირდებოდა, „საბარიგოდ“ არ მინდოდაო, მაგრამ არ დაუჯერეს - არც ეს და არც ის, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ხაინდრავას მიერ ნარკოტიკების გადმოტანისა. ეს ამბავი 2005 წლის იანვარში მოხდა, მაშინ ქართული სპეცსამსახურები, ის-ის იყო, ძალას იკრეფდნენ, თორემ ამდენს „კონფლიქტების მინისტრი“ ვერ გაბედავდა. მას უთუოდ ქურთაში, იმ „სატრანზიტო სახლში“ „დილერთან“ ერთად დააკავებდნენ, საიდანაც, მისივე აღიარებით, ნარკოტიკები წამოიღო.
ცოტა ხანში, 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა და ხაინდრავა „უკრიშოდ“ დარჩა. ხაინდრავა კი მალე მინისტრობიდან მოისროლეს და ოპოზიციაში გადაბარგდა. თუმცა ხანმოკლე „მოღვაწეობის“ მანძილზე ორჯერ მაინც მოახერხა, რომ ერთხელ ოსებისთვის, მეორედ რუსებისთვის დაეტოვებინა იშვიათი კომპრომატი.
ჩოჩიევის ოპერატორობის ამბავი მოგახსენეთ და კაპიტან გორშაკოვსაც არანაკლები ნიჭი აღმოსჩენია ოპერატორობისა: გოგა ხაინდრავას დაკავება, მანქანიდან გადმოყვანა, „სუბოტექსის“ აღმოჩენა (ან რა აღმოჩენა უნდოდა, ტანზე შემოკრულს?), ხელბორკილების დადება, საგუშაგოზე მუხლზე დაყენება, კეფაზე ხელებდაწყობილი ხაინდრავასი - სულ მისხალ-მისხალ აღუბეჭდავს და კასეტა ნაბდზოროვისთვის გადაუცია.
სხვათა შორის, როცა სიტუაცია განიმუხტა და ხაინდრავა რუსული პოსტიდან ქართულს გადასცეს, ეს კადრები ქართულმა ტელეარხებმაც გადაიღეს და ხაინდრავას „ვაჟკაცობის“ დამადასტურებელი ფაქტები არქივში აქვთ. - ასეთია ერთი შემზარავი ისტორია მინისტრისა, რომელიც კონფლიქტებს აი, ასე აგვარებდა, ახლა კი იძახის, სააკაშვილი, ბოკერია, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი მიშლიდნენ ხელს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი მომეგვარებინაო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო - აი, ამ ისტორიაზეა ზედგამოჭრილი.
სხვათა შორის, ამ ამბავს არაერთი სამხედრო ჩინოსანი შეესწრო ქართული სამშვიდობო ძალებიდან (როცა ხაინდრავა დააკავეს, რაკიღა მინისტრი იყო, ქართული და ოსური მხარე დაასწრეს ჩხრეკისას რუსებმა). ეს ხალხი თუ ხმას ამოიღებს და უფრო დეტალურად მოყვება ამ ისტორიას, მაგალითად, როგორ ტიროდა ჟვანიასთან სატელეფონო საუბრისას ხაინდრავა - ურიგო არ იქნება.
მე ამ საზარელი, მაგრამ უცხადესი ისტორიიდან ორად ორი კითხვა მაინც დამრჩა პასუხგაუცემელი, თორემ ხაინდრავა რაცაა, ეს იქიდან ვიცი, 1992 წელს, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ავტომატით რომ დასდევდა.
1) იმ 700 აბი „სუბოტექსიდან“, რომელიც რუსულ პოსტზე ჩამოართვეს, რამდენი აბი უნდოდა თავისთვის და რამდენი - სარეალიზაციოდ?
2) დღეს ხაინდრავა სააკაშვილის ნარკომანობაზე ყოველდღე იმიტომ ყვირის, რომ დიდი ხანი არ არის, რაც საფრანგეთში გაიარა ანტინარკოტიკული კურსი და წამალს თავი დაანება - აღარ ზის წამალზე. ახლა რომ შეამოწმო, უარს არ იტყვის, უწინდელისგან განსხვავებით. აი, ამიტომაცაა ომახიანი და დიდგულა. მეორე კითხვაც აქედან გამომდინარეობს: ნუთუ ისეთი მიამიტია ხაინდრავა, რომ სჯერა, მისი საფრანგეთში მკურნალობის ამბავი ჟურნალისტებისთვის გაუგებარი დარჩებოდა? ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100