სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ჩანაწერი: საშემოდგომოგამოყოლილი საქართველო

აშკარად ასეა. ვრცელი ვარიანტი გზაზე დავკარგე, ბოლო წიგნი როდის წავიკითხე? სადღაც მარტში. ზოგჯერ კარგი წიგნებიც გამოაქვთ ხოლმე გერმანელებს გარეთ; ქუჩის პირას ყრიან და წაიღებ თუ გინდა. ასე აღმოჩნდა ჩემ საწოლზე ჰესე, ცვაიგი, ბრეხტი და რაც მთავარია, ’ვარდის სახელი’ გერმანულად. სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი ეკოსგან... ჰოდა, რახანია მიწამ მიმიბარა, მოსასვენებლად კი არა, საჩიჩქნად, ამიტომ შორს დამრჩა ფიქრიც და წიგნიც; ჰოდა, შევირგებ მეც უწიგნურებას რააა? წიგნი იმიტომაა კარგი, რომ ხვეწავ ენას და სირცხვილი იბუდებს შენში, ასე ვთქვათ, სასაუბრო სირცხვილი; უხეშად ვერ გალანძღავ მტერს... მტერი კი ისაა, რაც არ მოგწონს, მაგ. მეზობელი სახელმწიფოს იმპერიული ზრახვები და მისი მოჯამაგირე ქართველობა!

... მოგეხსენებათ, რომ სულიერი შიმშილი დავძლიეთ და ეს გაუმაძღარი სვავური სულები რელიგიით ამოვიყორეთ. მძორიჭამია სვავებივით მივესიეთ რელიგიის მონურ, დაობებულ და ლამის შეურაცხად ვერსიას! ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე დუქან-ეკლესიები ავაგეთ და ქრისტეს რჯული დედაბერებრ ზღაპრებად და აგრესიულ, შოვინისტურ და ანტიკულტურულ დემოგოგიად ვაქციეთ! მუქარა და წყევლა გადმოედინება სამღვდელოების საკრალურ ბაგეთაგან. ჩამოყალიბდა, გაფორმდა და გამდიდრდა ახალი პრივილეგირებული კასტა... ამ კასტის არსებობა ჰეროდოტეს ერთ ამბავს მოგვაგონებს, უყურო მიდიელი მოგვები რომ ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას, ოღონდ ერთი განსხვავებით, ის მიდიელები ყურდაჭრილი უყუროებია და ესენი კიდევ ყრუ უყუროები. ჩვენსას ისინი რას შეისმენენ, - ’განკითხვას’ მოგვაწებებენ, - მაშინ როდესაც ქრისტესი და სახარების არაფერი შეუსმენიათ. დიდი უმრავლესობა ერისა ამ უყუროების შემყურე და მონა-მორჩილია; მოკლედ, სულიერი საზრდოს მოპოვებისას დიდი უგემოვნობა, ხამიაკობა და გაუმაძღრობა გამოვიჩინეთ! იქ, სადაც ერთი გულით ნათქვამი ’ქრისტე მიწყალე’ ეყოფოდა, მთელი რუსულ-ქართული ლოცვანი წავიკითხეთ და ზედ დაუჯდომელიც დავაყოლეთ!..

ასეთი საუბრის გაგრძელების არც სურვილი მაქვს და ვერც საჭიროებას ვგრძნობ და მოკლედ რომ მოვჭრა, სულის გამოცდაში ჩავიჭერით და ჩვენს უბრალო ღმერთთან, რომელიც ობოლ კვირიად სხივოსნდება ქართულ გენიაში, ცუდი ნიშანი მივიღეთ. – 2!

გამოგვყვა საშემოდგომო.

ამ საშემოდგომოზე სანამ გადავიდოდე, ერთი ეპიზოდის შესახებ მოგითხრობთ. რატომღაც ერთ გერმანელ დოქტორს ვესაუბრებოდი ქართველების ტრადიციულ არავაჭრულ ბუნებაზე; მან კი ივარაუდა, რომ ეს სახარებისგან მოდიოდა! გამიკვირდა და საგონად მექცა ეს: ყოჩაღ ჩვენ, მართლაც თუ ასეა გამჯდარი ჩვენში სახარების სულისკვეთება! ისე, დამაფიქრებელი კია, ქრისტემ რომ გარეკა ტაძრიდან მოვაჭრეები და კარგადაც მიუპარტყუნა... მერე თვითონ ხომ გამოიცადა ეშმაკისგან, რომელიც მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას შეჰპირდა, თუ თაყვანს-მცემო!... საფუძველში მგონი სახარება ძალიან სხვაა, სიტყვას ვერ ვპოულობ, უანგაროა. ეს პროტესტანტული ეთიკა და მსგავსი უკვე რელიგიის ისტორიაა და ისტორიაში კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თვით პრინციპული გადასხვაფერებაც... დიდი ვეფხვის პოემაც ხომ ალმაცერად უყურებს ვაჭრებს. რაღა გავაგრძელო და ეს სიტყვა ცოტა არ იყოს სალანძღავი სიტყვაცაა მგონი ჩვენში... (რასაკვირველია, ეს ქართული თვისება, თუ გაუუკიდურესდა, პრობლემად იქცევა და ქცეულა კიდევაც და ამ პრობლემის დაძლევას მიეძღვნა თუნდაც ილია ჭავჭავაძის ლამის მთელი პრაქტიკული საქმიანობაც! )

ასეა თუ ისეა, სპირიტუალურ გამოცდაში ჩავიჭერით და წინ მატერიალისტური გამოცდა გველის ანუ საშემოდგომოგამოყოლილები ვართ. როგორც ჩანს, - გველის და ეშმაკის ნაცვლად ჩვენ ბიძინა მოგვევლინა, რომელიც ასევე მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას მთელ ქვეყანას გვპირდება! სულ არ მინდა ვინმეს დემონიზაცია, მაინც ქრისტიანი ერი ვართ და რა გასაკვირია, რომ ქრისტეს გზას და განსაცდელს გავდიოდეთ?

ფეისბუკზე ჩანს, რომ ფულის მამონას უკვე მრავალმა სცა თაყვანი! რაღაცას მოელიან! ერთმა შემოქმედმა ოპოზიციონერმა ბრძანა, რომ ეგ სახელმწიფოზე მეტ ფულს ფლობსო!... წყალი არ გაუვა, რომ ბიძინა პუტინის ევრაზიული პროექტის ნაწილია და პუტინს ისევე უნდა ჩვენი შეცდენა ფულით, როგორც ეშმაკს იესო ქრისტეს შეცდენა უნდოდა! ბიძინა და მისი ფული ეშმაკის იარაღია! გნებავთ, პირდაპირ გაიგეთ და გნებავთ ირიბად, ეს ასეა. ვნახოთ, ამ მეორე გამოცდას როგორ ჩავაბარებთ. თუ თავისუფლება გვიწერია, მაშინ უშველია ჩვენთვის იმ სავარაუდოდ არავაჭრულ ბუნებას, ის გერმანელი ფილოსოფოსიც მართალი ყოფილა და სახარებასაც უსუნთქია ჩვენში ოდნავ მაინც!

სხვისი არ ვიცი, მე ჩემდა თავად კი როგორც რიგითმა მოქალაქემ ამაქვეყნისა და ქრისტიანად ნათელღებულმა, უკვე ვუთხარი მაცდურს: წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, მხოლოდ ღმერთს და ჩემი ჯვარცმული სამშობლოს თავისუფლებას თაყვანის-ვცე და ვმსახურებდე, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლია აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ!

15.X.2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100