სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერას მორიგი ულტიმატუმი: „მომისმინე მე ან მოუსმინე „მიშა მაგარიას“ (+აუდიო)

მცირე პაუზის შემდეგ ქართული რეპის ამოსულ-ნაოცნებარი ვარსკვლავის, ბერას შესრულებით კიდევ ერთი ახალი, წამოკვნესება-წამოყვირებითა და კაცობა-გაგება-ჩახუტებით გაჯერებული „შედევრი“ გამოჩნდა - პოლიტიკური რეპის მორიგი ნიმუში.

როგორც ჩანს, ბერას ან მრჩევლები არ ჰყავს, ან მრჩევლებს არ უჯერებს - ორივე შემთხვევაში სიტუაცია კომიკურია, მაგრამ თუკი მილიარდერის ადრეგაპოლიტიკოსებული ვაჟი მხოლოდ „ფეისბუქზე“ გახსნილ გვერდზე „ლაიქების“ რაოდენობით, ან თუნდაც, მის ახალ სიმღერებზე, ძირითადად ლათინური ტრანსკრიპციით დაწერილი კომენტარებით: „miyvarxaaaaar”; “magari xar!”; “vgijdebi shenze” აპირებს დაკმაყოფილებას, ნება მისია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ორ ახალ სიმღერაში რეპერი ვერ გასცდა გოგა ხაჩიძის კრიტიკასა და გაქილიკების მცდელობას, რაც მხოლოდ მის ბოღმიან ხასიათზე მიანიშნებს...

ამასთან, ბოლო სიმღერაში, ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ გოგა ხაჩიძის მოქიშპედ არ წარმოჩინდეს, ბერამ სცადა ყველასა და ყველაფერს გადაწვდომოდა, საბოლოოდ კი ზუსტად ისე გამოუვიდა, როგორც ძველქართულად იტყოდნენ - უჩემოდ ვით იმღერეთა... ვნახოთ ციტატები:

„საახალწლო კონცერტზე ტაშს ვინ უკრავდა? - არავინ...“

„ფეისბუქზე“ დაუწყიათ ფასიანი რეკლამა...“(თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი მარკ ცუკერბერგის კეთილი ნებითაა რეკლამირებული და არა მილიარდერის ფულით)

„როგორ არ დავცინო, შეხედე, რა ქნეს - კვერცხებმა თავიანთი ქანდაკება დადგეს...“

„თუ ვინმე რეპავს, მესამედი არ ვარგა, მესამედი მე მგავს...“

მოკლედ, ნაადრევად გაპოლიტიკოსებული რეპერი ბერა ისევ უბერავს და სიმღერიდან სიმღერამდე - უფრო ბოღმიანად. შეიძლება ითქვას, მისი მომდევნო სიმღერა „ქართული ოცნებისა“ და მამამისის პოლიტიკური მდგომარეობის ბარომეტრია - უარესდება სიმღერის ტექსტი და აუდიო-ვიზუალური მხარე - ე.ი. უარესდება „ქართული ოცნებისა“ და პირველი ქართველი მილიარდერის რეიტინგიც. სწორედ ამის მიხედვითაა დოზირებული ბერას სიმღერებში ბოღმა, უგერგილო ირონია და არცთუ მახვილგონივრული ცინიზმი.

ისე, ბერას ერთი უფასო რჩევა ჩვენც შეგვიძლია მივცეთ: შენს მიერ ატვირთულ ორიგინალ აუდიოვერსიაზე კომენტარებს დააკვირდი, ბერა: შენს თაყვანისმცემლებს მობეზრდათ პოლიტიკური სიმღერები... მართალია, ამ მობეზრების აფიშირებას წინ თავაზიანად და მოვალეობის მოხდის მიზნით აყოლებენ - „კარგია“, - მაგრამ თუ პოლიტიკურ რეპს არ შეეშვები, მალე ამ „სავალდებულო“ ზრდილობასაც დაივიწყებენ და, სულაც შენი სიტყვებითა და ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, დაგიკიდებენ. ფეხებზე, რასაკვირველია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100