სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლის პოლიტიკის კრახი ცხინვალში - რუსი პოლიტოლოგების კომენტარები

იოსებ გალპერინი, „გრანი.რუ“:

„თავის სულელურ შეცდომებს მოსკოვის ხელმძღვანელობა კავკასიაში იმეორებს უკვე ორასი წელია. თვით იჩენს მოწინააღმდეგეებს, ხალხის ერთმანეთზე წასისიანებით. ქმნის ჩიხურ სიტუაციებს, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ დამანგრეველია. რა საჭირო იყო კოკოითის ბანდის მხარდაჭერა – განა ცხინვალში არსებობდნენ პროქართველი პოლიტიკოსები?

ამას აქვს ორი ახსნა და ორივე – მართებული. პირველი: გაფლანგულია 26 მილიარდი იმ 41 მილიარდიდან, რომელიც რუსეთმა იქ გაგზავნა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ (სხვათა შორის, პუტინის არჩევნების დროისთვის ეპირებიან „რვის აგვისტოს“ გაშვებას რუსეთის ეკრანებზე პატრიოტული სულის ასაწევად). ისინი, ვინც მონაწილეობდნენ თანხების დატაცებაში (მათ შორის, მედვედევის ადმინისტრაციიდან), ვერავის დაუშვებენ ამ მოვლენების ახლად გამოსაძიებლად. მეორე ახსნა: კოკოითმა ძალიან ბევრი რამ იცის 2008–ის პროვოკაციების შესახებ (ადრინდელზე რომ არაფერი ვთქვათ). მათ დიდი პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ – საქართველოს არდაშვება „ნატოში“. ამიტომ მოსკოვი იძულებულია იაროს იმ კაცის ქეიფზე, რომელსაც ვერაფრით მოიცილებს თავიდან.“

ოლგა ალენოვა, „კომერსანტი“:

„ცხინვალში არის სკოლები და საბავშვო ბაღები, მაგრამ არ არის წყალი. უზარმაზარი წყლის რესურსების მქონე რესპუბლიკაში ონკანიდან მომდინარე წყალი – ცივილიზაციის ყველაზე სასურველი სიკეთეა. საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ შენობებში მთავარი პრობლემაა არა საკადრო და საფინანსო, არამედ – ინფრასტრუქტურული. აქ დაკეტილია ტუალეტები, იმიტომ, რომ არ არის წყალი. თანამშრომლებს უხდებათ ქუჩაში გამოსვლა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა რევოლუციამდელ ბუდრუგანებში დასაკმაყოფილებლად.

ტუალეტში შესვლა – პრობლემაა. ხელის დაბანა – პრობლემაა. წვიმაში სახლიდან გამოსვლა – პრობლემაა (ჭონჭყოში მოგიწევს სიარული), მზე გამოვა და – პრობლემაა, მტვერი გივსებს ფილტვებს.

ირგვლივ საყოველთაო სასოწარკვეთილების ატმოსფეროა, სიღარიბე, ჭუჭყი და სიცივე. თვით ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როდესაც არ ჰქონდათ რუსეთისაგან აღიარება, აქ უფრო ადვილი იყო ცხოვრება. იმიტომ, რომ იყო იმედი – ოდესმე დასრულდებოდა ეს ყველაფერი, მათ აღიარებდნენ და ისინი ააშენებდნენ თავიანთ მშვენიერ სახელმწიფოს. ახლა აღარ არის იმედი. იმიტომ, რომ სამი წელია უყურებენ, როგორ იძენენ მოხელეები მდიდრულ ავტომანქანებს, ამ მანქანებით როგორ მიემგზავრებიან რუსეთში – ვლადიკავკაზში ან მოსკოვში, აღთქმულ მიწაზე. ამ მოხელეების ცოლები დადიან სილამაზის სალონებში, ხოლო შვილები სწავლობენ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

ამ დროს სამხრეთ ოსეთში ზამთრობით ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ტანსაცმელი არა აქვთ – ამიტომაც არ დადიან. სამი წელია უყურებენ ადგილობრივები, როგორ ჰპირდებიან მათ რუსეთის პირველი პირები სამხრეთ ოსეთის აღდგენას და დამნაშავეთა დასჯას ამ პირობის შეუსრულებლობის გამო, მაგრამ აქამდე დასჯილნი არიან მხოლოდ ცხინვალელი ოპოზიციონერები, რომლებიც ადგილობრივ ციხეში ჩააყუდეს იმის გამო, რომ გაბედეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა.

ის, რაც მოხდა ცხინვალში, არა უბრალოდ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური კრიზისია, ეს არის კავკასიაში რუსეთის მმართველობის მოდელის კრიზისი!“

დიმიტრი გარმი, „რუსსკი პუტ“:

„არ გამიკვირდება, თუ უახლოეს მომავალში ცხინვალის ღობეებზე, სადღაც ნახანძრალი უნივერმაღის მახლობლად, გამოჩნდება წარწერები, რაღაც ამის მსგავსი: „რუსო ოკუპანტებო, წაეთრიეთ სახლში!“, ხოლო რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა და რუსული ორიენტაციით განხიბვლა გახდება საყოველთაო, განსაკუთრებით ახალგაზრდულ წრეებში. ყველაფერი ეს იქნება მაქსიმალურად ფართოდ გამოყენებული ოსეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ.

მოსკოვის მცდელობას, ნებისმიერი გზით, ხალხის აზრის დაუკითხავად, გაიყვანოს თავისი კანდიდატი პრეზიდენტად, მივყავართ იქითკენ, რომ ანტირუსული განწყობილებანი ხდება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ველის ნაწილი.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100