სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაფრანგებული კურდღელი, ანუ გაკურდღლებული ლომი

არსებობს ცხოველთა განსაკუთრებული ჯიშები: ჯორ-ცხენა, სირ-აქლემა, ხარ-ირემი და ა.შ. თუმცა, დღემდე უცნობი იყო ისეთი უნიკალური სახეობა, როგორიცაა: გაფრანგებული კურდღელი, ანუ გაკურდღლებული ლომი. პრინციპში, ამ ტერმინებს შორის დიდი განსხვავება არაა. საქმე იმაშია, რომ ეს მხეცუნია წარმოშობით საქართველოდან არის, ამჟამად კი საფრანგეთში, კონკრეტულად პარიზში ბინადრობს.
მეცნიერებს ჯერაც ვერ ამოუხსნიათ უჩვეულო ფენომენის წარმოშობის ნამდვილი მიზეზები, რადგან თავისი უნიკალურობით ლომ-კურდღელა ყველას გაოცებას იწვევს. მასზე არ მოქმედებს მშრალი ჰავა, ქალაქის ხმაური, ყინვა, თოვლი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ლანძღვა-გინება, რადგან თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნია. ბედოვლათი მეცნიერებისგან განსხვავებით, თქვენი მონა-მორჩილი მსგავს საკითხებში იდეალურად ერკვევა. მაგალითად, ზუსტად ვიცი ამ ცხოველის დაბადების ადგილი, დრო და რიცხვი. ის ცხინვალში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და ერთ მშვენიერ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილეც გახდა.
სწორედ ამ მომენტიდან იწყება ჩვენი გმირის გალომების პირველი ეტაპი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, მისი კურდღლად გადაქცევით დასრულდა. ეს ამბავი ასე მოხდა: 2003 წელს მოდაში იყო დროშის ქნევა...
გაფრანგებულმა არსებამ „მოვარდნარების“ დროს ვეება დროშა ისე დიდხანს აქნია, რომ გაუმართლა და სულ მალე უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობების „ნასკებივით“ გამოცვლა დაიწყო.
როცა ამბიციურმა მხეცთარაფერამ ძალაუფლება იგრძნო, ხალხისა და ქვეშევრდომების მიმართ უმალ გადაიქცა ერთობ მრისხანე, ულმობელ და მოტირანო ხელმძღვანელად, ვისთანაც ადამიანი ხვეწნა-მუდარისა და ათასი ბოდიშის გარეშე ვერაფერს გახდებოდა.
რევოლუციური ტალღა იყო ასეთი და ისიც დიდი ნაბიჯებით მიიწევდა საბოლოო გალომებისაკენ. ამჟამად გაკურდღლებულს, მალე გენერალური პროკურორის თანამდებობა აჩუქეს, რათა მცირედით მაინც დაეცხროთ „მრისხანე მხეცის“ ამბიციები. აი, მაშინ დაიწყო თუ დაიწყო!.. ლომ-კურდღელა თავის დამქაშებს ისეთი მონდომებით აჭერინებდა დამნაშავე თუ უდანაშაულო ადამიანებს, რომ „ყვარყვარეს ციხე“ ელვის სისწრაფით გაავსო.
იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მანიაკალური მიდრეკილებებით, გამოჩენილი სასტიკი მოპყრობით, პირადი ფიზიკური ანგარიშსწორები... ასე ამბობენ, ყოველ შემთხვევაში. ადამიანთა უბედურებებით ტკბობის აზარტში შესულმა „ოქრომ“ შინაგან საქმეთა მინისტრობასაც გამოჰკრა ხელი...
თუმცა, როგორც ჩანს, გაფრანგებულ კურდღელს ძლიერ მოსწყინდა ეს გასართობიც და ომობანას თამაში მოინდომა, ალბათ, ოცნებებში დიდ მხედართმთავრებს უტოლებდა თავს. „უჩვეულო ფენომენი“ მშვენივრად მოერგო თავდაცვის მინისტრის სავარძელს. „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!“ მინდა გითხრათ, რომ „ამბიციური მხეცუნია“ უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობების ცვლის პროცესში საკმაოდ გამდიდრდა, მილიონების პატრონი და დიდძალი უძრავი ქონების მფლობელი გახდა. „მისთვის გაუსროლია „ავრორასო“ – ასე იტყვიან იმ უღირსი და ულმობელი ადამიანების მიმართ, რომლებიც ბედის ირონიით ქვეყნის სათავეში აღმოჩნდებიან ხოლმე. მცირე ხანში ჩვენი „ლომ-კურდღელა“ მაგრად მოჯანიანდა და უფრო თავზეხელაღებული გახდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ყველას დაუკითხავად, ადგა და გამოაცხადა: „ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო.“ ამ გამოხდომამ ერთიანად სახტად დატოვა ქართულ-რუსულ-ოსური მოსახლეობა, პოლიტხელმძღვანელები და საომრად გამზადებული ჯარისკაცები.
მაგალითად, რუსებმა იფიქრეს, ეს კაცი ცხინვალშია დაბადებული და ეტყობა საახალწლოდ ნათესავებმა დაპატიჟესო. ოსებს ეგონათ, თავდაცვის მინისტრი ჩვენთან ახალი წლის მოსალოცად საკუთარი ინიციატივით მოდის, ალბათ უნდა, რომ ყველა უსიამოვნება ძველ წელს ერთად გავატანოთო. ამ დროს რას ფიქრობდნენ ქართველები? რას და იმას, რომ ან მთავრობაში ყველამ გარეკა, ან კიდევ, ისეთი მიწვევები მიიღო „მხეცთარაფერამ“ რუსებისა და ოსებისაგან, მიპატიჟებაზე უარს ვერაფრით ეუბნებაო.
მოკლედ, ეს საკითხი პოლიტიკურ-ადამიანურ ჭრილში მრავალგზის იქნა განხილული. რაღა ბევრი გავაგრძელო, ლომობის მოსურნეს ხელისუფლებიდან ისეთი პანღური უთავაზეს, რომ უკანალი დიდხანს ეწვოდა. აქაოდა, არ დავნებდებიო, უნიკალურმა არსებამ საკუთარი პარტია შექმნა და ხელმწიფის წინააღმდეგ გაილაშქრა, რასაც შედეგად მისი „ვირის აბანოში“ შეგდება მოჰყვა. აქედან დაიწყო გორელი ბიჭის გაკურდღლების ამბავი. ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, მას ატირებულს, თავლაფდასხმულსა და ნამუსაყრილს ნახავდნენ. ვერ გეტყვით, ასეთი რა უქნეს, ფაქტია, რომ ერთ დროს მრისხანე მინისტრი ბავშვივით ითხოვდა პატიებას და სახელმწიფო ქონების დიდძალი ოდენობით მიტაცება-მითვისება-გაფლანგვასაც აღიარებდა.

როგორც ჩანს, ამ საცოდაობამ ხელმწიფესაც კი აუჩუყა გული და სხვას თუ ამ დანაშაულისთვის ციხეში ჩაალპობდნენ, ძველი მეგობრობის ხათრით, მას საფრანგეთში წასვლის უფლება მისცა. გაფრანგებულმა კურდღელმა ფრანცუზებს თავშესაფარი სთხოვა, ცოტა სული მოითქვა და ისევ მეფეს დაუწყო ლანძღვა.
ეს ამბავი დღემდე გრძელდება, მაგრამ გაკურდღლებულ ლომს არაფერი გამოსდის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100