სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი პარლამენტში: „2012 წელს ჯანდაცვაში გარდამტეხ წლად ვაცხადებ“

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარმდგარმა საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საავადმყოფოების გახსნის დროს მას აქვს პატივი, საქართველოს მოქალაქეების თვალებში თანასწორობის განცდა ამოიკითხოს, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ სამედიცინო მომსახურების იმ სიკეთეებით, რომლითაც „ადრე მხოლოდ ორ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობდნენ“.

„შეგიძლიათ ნახოთ ახალი საავადმყოფო ყვარელში და შეადაროთ წინანდელს: განსხვავება თვალსაჩინოა, რადგან ის იყო წინა საუკუნე, ეს კი მთლიანად ახალია. ვინც ძველ და ახალ საავადმყოფოებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ყველას შეუძლია, დაწვეს ძველ საავადმყოფოებში, ჩვენ კი ახალში მივალთ, რადგან ეს ათი თავით სჯობს იმას, რაც იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2012 წელი საქართველოში ცხადდება ჯანდაცვის სფეროში გარდამტეხ წლად:

„ეს იქნება წელი, რომლის მიმდინარეობისას გაგრძელდება ჯანდაცვის რეფორმა, წელი, როცა საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე მიიღებს დაზღვევას“, – თქვა პრეზიდენტმა და კიდევ ერთი ახალი ინიციატივით გამოვიდა: ოჯახი, რომელსაც მესამე შვილი შეეძინება, ერთჯერადი დახმარების სახით 1000, ხოლო ყოველ მეოთხე და მომდევნო შვილზე 2.000 ლარს მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შობადობის ზრდაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის განსაკუთრებულ წვლილს: „მადლობას მოვახსენებ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ უნდა გავმრავლდეთ“, – თქვა სააკაშვილმა.

საქართველო სპრეზიდენტი ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის საკითხსაც შეეხო და მათთან მიმართებაში ახალი ინიციატივის გახმიანებამდე ხაზი გაუსვა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგებს:

„საქართველოში ნარკოდანაშაული 53 პროცენტით შემცირდა, ანუ, განახევრდა. ეს იყო უდიდესი დილემა, რომელიც ღუპავდა ჩვენს თაობებს და ეს წარმატება არ მოსულა ასე იოლად: ბევრს ჰგონია, რომ რახან არ არსებობს, ადვილად აღმოიფხვრა, რაც ასე არ არის“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა წამალდამოკიდებულთა მკურნალობა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ კუთხით დაიხარჯოს იმ თანხის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტში ნარკოტიკების მოხმარების გამო დაჯარიმებულთა მიერ გადახდილი თანხის სახით შედის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100