რუსი ოკუპანტები აპრილის ბოლოდან საგანგებო მდგომარეობაზე გადადიან

როგორც ჩანს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, რუსული სამხედრო მანქანა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააქტიურებას გეგმავს. ეს გააქტიურება, უკვე მერამდენედ, საქართველოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მცდელობასა და დაანონსებულ ქუჩის აქციებს, ამ ჯერზე კი უკვე ჩიკაგოში დაგეგმილi ნატოს სამიტის წინაპერიოდსაც ემთხვევა.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტების სამხედრო ბაზებზე კვირის ბოლოდან განსაკუთრებული სამზადისი შეინიშნება.

„გალის სამხედრო შტაბიდან სოფლებში დღეში რამდენჯერმე მოდიან რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები და ბაზების მზადყოფნას ამოწმებენ. ამ დღეებში რამდენიმე სოფელში მოსახლეობაშიც კითხულობდნენ, გასაყიდი რკინის საწოლები ხომ არ გაქვთო. როცა ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ჩავეკითხე, რისთვის გჭირდებათ საწოლები-მეთქი, მიპასუხა, ხალხის დამატებას ველოდებით და აპრილის ბოლოდან ყაზარმულზე გადავდივართო“, - უთხრა „დრონი.ჯი“-ს გაგიდაში მცხოვრება ნ.შ-მ.

რუსულ მედიაში ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტთა სამხედრო ძალების კონტიგენტის გაზრდისა ან საგანგებო მდგომარეობაზე მათი გადაყვანის პერსპექტივის შესახებ, თუმცა, რუსულ ინტერნეტსივრცეში დღეს ბლოგერების მიერ გავრცელებული ერთი ინფორმაცია ნათლად ადატურებს, რომ ოკუპანტები ცდილობენ, თავიანთი სამხედრო ძალები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიების სიახლოვეს კიდევ უფრო გააძლიერონ:

სოხუმთან უზარმაზარი ნაძვის წაქცევამ რამდენიმე საათით შეაფერხა რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილება და მისთვის გზის გასაწმენდად სპეციალური სამსახურების მობილიზება გახდა საჭირო.

„დრონი.ჯი“-მ აფხაზეთში მცხოვრები თვითმხილველებისგან შეიტყო, რომ ორ და სამხიდიანი სამხედრო მანქანებით ცოცხალი ძალა გუდაუთიდან გალის რაიონის მიმართულებით გაადგილდებოდა. კოლონის შემადგენლობაში არ არის ჯავშანტექნიკა - ის გალში სარკინიგზო გადაზიდვის შედეგად გადაისროლეს.

სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტების მობილიზაცია საქართველოში ქუჩის აქციების ჩატარების ან დაანონსების თარიღს ემთხვევა. ასე მაგალითად, ჟურნალმა „ფორბსმა“ სტატიაში: «Наши-leaks»: კრემლი, როგორც ბიზნესი“ რუსული პროპაგანდისტული ფილმის «Август. Восьмого»-ს აფხაზეთში გადაღების დროს გადახარჯული ბიუჯეტის საკითხი მიმოიხილა და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მიმოწერაც გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია მიზეზები, რამაც ფილმის გადაღება შეაფარხა.

მიმოწერაში ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად 2011 წლის მაისში, თბილისში ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების პარალელურად, აფხაზეთში რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზაცია დასახელდა. ციტატა წერილიდან:

დ) თბილისში ოპოზიციის დემონსტრაციებმა მოსკოვი იმისთვის განაწყო, რომ მოეხდინა რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია (ორიგინალში: „демонстрации оппозиции в Тбилиси сподвигли Москву на «мобилизацию российской военной техники“)“.

როგორც ჩანს, 2011 წლის მაისში თბილისში მიმდინარე არეულობას მოსკოვი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს და როცა სიტუაცია დაიძაბა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროპაგანდისტული ფილმის გადაღებაც კი შეაჩერა, ფილმის გადამღები ჯგუფისთვის დროებით გადასაცემად გამზადებული, წინასწარ შეთანხმებული სამხედრო ტექნიკა გადაღებიდან მოხსნა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია გამოაცხადა.

ანალოგიური სურათი იყო იმ დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც - ამის შესახებ ცნობებმა იმდროინდელ ქართულ მედიასაშუალებებშიც გაიელვა, თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილს მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

კომენტარი