სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოვდივარ ლუდით, გპირდებით „ვობლას“ ანუ მოდი, ვნახოთ თოფ(ი)აძე...“ (ვიდეო)

„მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“ - თბილისის მერობის მოსურნე გოგი თოფაძის ეს წინასაარჩევნო სლოგანი მაშინ ბევრმა ბიზნესმენისა და მეწარმის უშუალო საქმიანობას დაუკავშირა და ასე გადააკეთა: „მოვდივარ ლუდით, გპირდებით ვობლას“. ზოგადად, თოფაძეს მრავალი ფრთიანი და საინტერესო გამოთქმა უკავშირდება. თუ არ ვცდები, ერთხელ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ირაკლი წერეთელმა ნახევრად ხუმრობით თქვა - იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც თავდაცვის მინისტრი თევზაძეა და ლუდის მაგნატი - თოფაძეო...

ეს ყველაფერი არც გამახსენდებოდა (ყოველ შემთხვევაში, დღეს და ახლა), რომ არა ლუდის მაგნატის გადაწყვეტილება, სადაც ასახულია, რომ მრეწველობამ თუ ვერ მოახერხა, ივანიშვილი მაინც გადაარჩენს საქართველოს: არავინ იცის, მიიტანა თუ არა ლუდი და დახვდა თუ არა „ვობლით“ მასპინძელი, მაგრამ ფაქტია, რომ შუშის სასახლეში შესულმა თოფაძემ უფრო მეტი გამოიტანა იმასთან შედარებით, რაც შეიტანა - მაგნატი კოალიციაში პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად გაწევრიანდა.

ახლა, შეიძლება, ზოგიერთმა, ჩემსავით „ავმეხსიერმა“ იკითხოს: კი მაგრამ, ეს ის თოფაძე არ არის, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას რომ ეწინააღმდეგება? ეს ის მაგნატი არ გახლავთ, რომელიც იძახდა, სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბაო? ეს ის მეწარმე არაა, ბიძინას ვალი რომ მართებს?

კი, კი, ნამდვილად ასეა. მაგრამ მერე, რა? სუნი ლუდს აქვს, მით უმეტეს, როცა „ვობლას“ აყოლებ, თორემ ფულს ხომ არა? განცხადების ინტერპრეტირებას კი რა დიდი ამბავი უნდა? თუ გოგი თოფაძემ თვითონ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს, „ქართულ ოცნებაში“ ამ სფეროს პროფესიონალები თავსაყრელად არიან...

არ გეგონოთ, თოფაძეს თოფს ვუღერებთ ან რაიმეს ვუგონებთ. სულაც არა - მაგნატმა, მეწარმემ და პოლიტიკოსმა მძინარე ცხინვალის დაბომბვის შესახებ განცხადება ცნობილი სტუდია-საკნიდან გააკეთა; აი, იმ სატელევიზიო საკნიდან, უმცროსმა „გრეჩიხამ“ რომ „ეროვნული ფაღარათი“ შეიცხადა და თავწაჭრილი ქათამივით ორიენტაციადაკარგული ასკდებოდა კედლებს, უკანალზე „გარშოკ“ აფარებული...

პრობლემები ოხერი რამეა. რაზე არ გაიძულებს კაცს წასვლას. აი, გოგი თოფაძეს, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკის ფული მართებს (დიდი მოცულობის კრედიტი აქვს აღებული), მისი პოლიტიკური პრინციპის წინააღმდეგაც კი მოუწია წასვლა და ივანიშვილს შეეკრა, რომელიც დეკლარირებულად ამბობს, საქართველოს მომავალი ნატოაშიაო. არადა, გოგი თოფაძეს გვარი აქვს იარაღის შემცველი, თორემ თვითონ სულაც ვერ იტანს თოფებსა და სამხედრო ალიანსებს: ის ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი და ავღანეთის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის დასრულების მომხრეა...

ისე, თუ სიმართლე გაინტერესებთ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ გოგი თოფაძეს მართლაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრედ მიაჩნდეს ბიძინა ივანიშვილი: დახურულ შეხვედრაზე მილიარდერი, ალბათ, განუმარტავდა, რომ მხოლოდ საჭიროების გამო, დროებით ამბობს ასე...

ახლა კი, „მოდით, ვნახოთ თოფ(ი)აძე, რას მეტყველებს თოფაძე...“ მიუხედავად იმისა, რომ „დრონი.ჯი“-ს ამ ვიდეოს აღწერასთან და ტექნიკურ პარამეტრებთან არანაირი შეხება არა აქვს, მაინც ბოდიშს ვუხდით მკითხველს იმ ორსიტყვიანი, უცენზურო სიტყვის შემცველი ეპითეტისთვის, რომელიც ვიდეოს ავტორმა აღწერაში ჩაწერა, როცა ვიდეორგოლს „იუთუბზე“ ტვირთავდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100