სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: ისინი ფერებითაც კი მტრის ფერებში არიან გადაწყვეტილნი...

„რამდენიმე წელიწადში ქუთაისი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისობასთან დაკავშირებული ზეიმის ფარგლებში, ლადო მესხიშვილის სახელობის განახლებული თეატრის გახსნისას გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პარლამენტის გადატანას ქუთაისში:

„ისინი პირდაპირ ემსახურებიან საქართველოს მტერს, რადგან სწორედ საქართველოს მტერს არ სურს საქართველოს აღმშენებლობა და მისი რეგიონების განვითარება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მართვა ჩრდილოეთიდან ადვილი იყო მაშინ, როცა არამარტო მთელ საქართველოს, მთელ კავკასიას თბილისში ერთი ქუჩა მართავდა.

„ისინი დღესაც მტერს ემსახურებიან თავიანთი შეგნებითაც და ფერებითაც კი მათ ფერებში აქვთ გადაწყვეტილი ყველაფერი. ჩვენ მოვედით არა ზედა ეშელონებში მყოფი კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი საქართველოს გასამდიდრებლად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინამორბედისგან დატოვებული ვალების გამო ყველა საქართველოს ჩაძირვას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ არამარტო მტერს, მოყვარესაც კი ვერ წარმოედგინა, თუ საქართველო აღმშენებლობას დაიწყებდა:

„მისგან მხოლოდ ვალები დაგვრჩა, რომელსაც დღემდე ვიხდით. ყველგან ეს ვალები გვხვდება და ის კიდევ გვარიგებს ჭკუას თავისი ბუნაგიდან, სადაც კარგადაა მოკალათებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ჯერაც არის უმუშევრობის მაღალი დონე, მაგრამ ქალაქი სულ უფრო და უფრო ვითარდება: „მთავრობას შეუძლია დააგოს გზები, მოგცეთ განათლება, გააკეთოს შენობის ფასადები, გასწავლოთ ინგლისური, ააშენოს შენობები, მაგრამ ამ შენობების შევსება საზოგადოებამ უნდა აიღოს საკუთარ ხელში. მხოლოდ საზოგადოების და ხელისუფლების ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ მდიდარი და ბედნიერი საქართველოს აშენებას.“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხთან ერთად გავიდა, სადაც ახალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქანდაკებების მოოქროვილი ასლებით გაფორმებული ახალი შადრევანიც გახსნა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა არქიტექტორი დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც ქუთაისში კინოთეატრ "საქართველოს", ოპერის რეაბილიტირებული თეატრის, TBC ბანკის შენობის, მთავარი მოედნისა და ახალი შადრევნის პროექტების ავტორია. საქართველოს პრეზიდენტმა დამსახურებულ არქიტექტორს ჯილდო, სიმბოლურად, სწორედ ამ მოდანზე გადასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100