სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი ბეშუმიდანაც გააძევეს: ოლიგარქის თქმით, იქ „მარშრუტკით“ ხალხს ზიდავდნენ“

ბიძინა ივანიშვილის მცდელობები, მიბაძოს სააკაშვილს და ითამაშოს სახალხო ლიდერის როლი, რომელსაც ყველგან ელიან, ყველგან მიესვლება და ყველგან სიხარულით ხვდებიან, ზედიზედ მთავრდება კრახით. ოლიგარქის მორიგი აქილევსის ქუსლი ამჯერად აჭარა, კერძოდ კი, ბეშუმი აღმოჩნდა.

ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც მოგვიანებით განაწყენებულმა მილიარდერმა „სააკაშვილის დღესასწაული“ უწოდა (არადა, ბეშუმში შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნას საუკუნეების ტრადიცია აქვს), ივანიშვილი მაინც მივიდა, მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, რომ იქ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება და უმჯობესი იქნებოდა, მომხრეებთან ერთად გამოჩენისგან თავი შეეკავებინა.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც ხალხმა ბეშუმიდან გამოაძევა, ივანიშვილმა ისე წარმოაჩინა ყველაფერი, თითქოს ბეშუმში პირველი თავად მივიდა და სააკაშვილმა ამის შემდეგ გადაწყვიტა მისვლა: „როცა მითხრეს, სააკაშვილი მოდისო, პირველად არც დავიჯერე, რადგან ის მშიშარა კაცია და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოვა...“,-მედიდურად თქვა მან, თუმცა ამ დროს სააკაშვილი უკვე წასული იყო, ველზე კი მისი მომხრეები იყვნენ დარჩენილნი, რომლებსაც ადგილობრივები დაემატნენ და ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჯერ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ტრიბუნისკენ გზა არ მისცეს და ბოლოს, საერთოდაც გააძევეს სოფლიდან, მათ გასვლას კი საყოველთაო ტაშისცემით შეხვდნენ.

შესაძლოა, ოლიგარქის დიდი სურვილიც ყოფილიყო სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მის ნაკვალევზე დადის, მაგრამ მას ავიწყდება, რომ მისი ჯიბის მედიასაშუალებების გარდა, საბედნიეროდ, სხვებიც არსებობენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სააკაშვილი ბეშუმში ივანიშვილზე ადრე მივიდა. ეს ფაქტი თვით „მაესტრომაც“ კი ვერ დამალა, მაგრამ ამ „უობიექტურესმა“ ტელეკომპანიამ ივანიშვილს თავი მაინც მოუქონა, რადგან მისი ინტერვიუდან ამოჭრა მთელი ქართული ინტერნეტსივრცის საქილიკოს ქცეული ივანიშვილის ფრაზა: „ესენი მთელი ღამე მარშრუტკებით ზიდავდნენ ხალხს...“

რა თქმა უნდა, ბეშუმობაზე „მარშრუტკებით“ მისული ხალხიც იყო. ყოველ დღესასწაულზე ასე ხდება, იმის მიუხედავად, მიდის თუ არა იქ მიხეილ სააკაშვილი ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი. ხალხის უსულო საგნად მოხსენიება და „გადაზიდულებად“ მათი წარმოჩენა კი კიდევ ერთი კოზირი გახდა ივანიშვილის წინააღმდეგ: „ხალხს ისევე მოიხსენიებს, როგორც აგურს ან შეშას“, - წერდნენ „ფეისბუქში“, ზოგიერთმა კი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „თქვენ არ იძახდით, სადაც ჩვენ ვართ ხალხთან შეხვედრებზე, იქ რატომ ჩნდებიან ნაციონალები, თუ პროვოკაცია არ უნდათო? ახლა ხომ იმსახურებთ, რომ პროვოკატორი გიწოდოთ, რატომ ახვედით ბეშუმში, როცა იცოდით, რომ იქ სააკაშვილი იყო და შესაძლოა, ინციდენტი მომხდარიყო?“, - თუმცა, რასაკვირველია, დემოკრატიის ხარისხით ევროპის გაოცების მოსურნე მილიარდერის გვერდის ადმინისტრატორმა ეს და მსგავსი კრიტიკული შენიშვნები რამდენიმე წუთში გააქრო...

ინციდენტი კი ბეშუმში მაინც მოხდა: ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ბიძინა ივანიშვილის მომხრეები დაუპირისპირდნენ. ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებულ მხარეთა დისტანცირება შეძლეს. ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება შსს-მ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, პოლიციამ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება

„ხულოს რაიონ კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ „შუამთობა 2012"-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება.

საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ბეშუმიდან გამოძევებულმა ბიძინა ივანიშვილმა სოფლის დატოვებამდე კომენტარი ჩვეულ სტილში გააკეთა და ტრადიციულად, ყველაფერში სააკაშვილი და მისი მომხრეები დაადანაშაულა. მოგვიანებით, ოფიციალური ინფორმაცია მის ფბ-გვერდზეც გაჩნდა:
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბეშუმი ჩავიდა, რათა იქ შეკრებილი აჭარლებისთვის სახალხო დღესასწაული, შუამთობა მიელოცა. კოალიციის ლიდერსა და მის მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და შეკრებილ მოსახლეობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. დღევანდელ ინციდენტს თვალს ადევნებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უკან დაჰყვებოდნენ. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა ბეშუმი დატოვა.
"ჩვენ რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა გაერთიანებას. ეს კაცი მოვიდა და დაიწყო დაშლა და დანაწევრება ქვეყნის. მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს მალე დამთავრდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არსად აღუნიშნავს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, სავარაუდოდ, ის პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც დისტანცირება მოახდინეს. ამასთან, ფბ-ს გვერდზე, ოფიციალურ ინფორმაციაში, არ მოინახა ადგილი არც ფრაზისთვის „ხალხს ზიდავდნენ“ და არც ივანიშვილის ამ ფრაზისთვის (მას თანდართულ ვიდეოში მოისმენთ): "არ გვაძლევდნენ საშუალებას, მიგვეღო მონაწილეობა დღესასწაულში. დღესასწაული არც არის, ეს არის სააკაშვილის დღესასწაული. ამ ტიპის დღესასწაულები მოსწონს სააკაშვილს".

არადა, მართლა ძალიან საინტერესოა: თუკი „დღესასწაული არც არის“, მაშინ ეს ციტატა: "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბეშუმი ჩავიდა, რათა იქ შეკრებილი აჭარლებისთვის სახალხო დღესასწაული, შუამთობა მიელოცა“ რაღას ნიშნავს?

არა, არა, ნამდვილად დროა, ივანიშვილმა შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლოს და, ისევ ჭრელი პეპელას ამონაკვნესი რომ გავიხსენოთ ცნობილი სიმღერის მერე: „ჩამოყალიბდით, ბრაწცი!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100