სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი გაუგებრობაშია, უსუფაშვილს კი ბაქრაძე ისევ უმრავლესობის ლიდერი ჰგონია

საქართველოს ახლადნდობაგამოცხადებული პრემიერ-მინისტრი არ მალავს, რომ გაუგებრობაშია. როგორც ჩანს, ბატონ მილიარდერს დღემდე ვერ გაურკვევია, რომ მისმა კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და არა საპრეზიდენტოში. სხვაგვარად ძნელია იმ კომენტარების ახსნა, რაც პრემიერმა გუშინ, მთავრობის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ მედიასთან გააკეთა:

"ჩვენ გავიმარჯვეთ და მაინც სააკაშვილი გვკარნახობს. რატომ - გაუგებარია. მის თავზე მორგებული იყო კონსტიტუცია. ანუ გვპირდება, რომ მე მაქვს საშუალება, მაგრამ არ გამოვიყენებ. რატომ უნდა ჰქონდეს საშუალება?! ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ მოგვცა ქართველმა ხალხმა ხმა. პრეზიდენტს რატომ რჩება ეს უფლებები?!" - განაცხადა ივანიშვილმა.

როცა სხვა ვერაფერს გახდა, ბიძინა ივანიშვილი ისევ საქართველოს კონსტიტუციას მიადგა და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ანეკდოტური უწოდა:

"მე საფრანგეთის მოქალაქეობით ვსარგებლობ და აქ ამირჩიეს პრემიერ-მინისტრად. ორი სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და შემდგომ მინიჭებასთან დაკავშირებით. საკმარისია, ხვალ სასამართლომ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაჭედილი იყო, გამოიტანოს განაჩენი და საქართველოს მოქალაქეობა დამიბრუნოს, საფრანგეთის მოქალაქეობის ჩაბარებას პროცედურები სჭირდება, მე აღარ მექნება უფლება პრემიერ-მინისტრი ვიყო. როგორ წარმოგიდგენიათ დღეს, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, წარმოვადგენ რეალურად ქვეყნის პირველ პირს, რადგან პრეზიდენტი ფორმალურად არის, როგორც არის, რატომღაც მოირგო ეს მანტია, საკმარისია, მომანიჭოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობა და პრემიერ-მინისტრობას დავკარგავ. ასეთი ანეკდოტურია ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა ივანიშვილმა.

რადგანაც ბატონი პრემიერი ტრადიციას არ ღალატობს და აზრებს მაინცდამაინც მწყობრად ვერ აყალიბებს, შევეცადოთ, ავხსნათ, რა ჰგონია ივანიშვილს და სინამდვილეში როგორაა საქმე:

ბიძინა ივანიშვილმა მედიას ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბრის ბოლოს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ნატურალიზაციის გზით ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა. მას ამ თხოვნაზე უარი უთხრეს და აუხსნეს, რომ არა ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების, არამედ ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით უნდა მიემართა. ამის შემდეგ ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით უკვე მიმართეს ფრანგულ მხარეს. როგორც ჩანს, ოფიციალურ პარიზს პროცედურა ჯერ არ დაუსრულებია, რადგან ივანიშვილი ამ დრომდე საფრანგეთის მოქალაქეა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული უფლება, დაუშვას გამონაკლისი და არ გაითვალისწინოს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ არსებული პროცედურები, გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ აქ არის ერთი იურიდიული დეტალი: პრეზიდენტის ბრძანებულება ავტომატურად ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფრანგეთი შეუჩერებს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს. მანამდე პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება საქართველოს მოქალაქე, რადგან კანონით დაუშვებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკავოს ის თანამდებობა, რომელიც დღეს ივანიშვილს უჭირავს. ერთადერთი ვარიანტი, ივანიშვილის პროგნოზი გამართლდეს, ისაა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს უკვე შეტანილი სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ერთბაშად იქნება საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, თუმცა, თეორიულად მიზერული შანსია იმისა, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ბრძანებულების წინააღმდეგ წავიდეს.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის ჰიპოთეზა - თუკი სასამართლო საქართველოს მოქალაქეობას მომანიჭებს, იმ დროიდან აღარ მაქვს უფლება, პრემიერი ვიყო და ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუცია ანეკდოტურიაო, თვითონაა ანეკდოტური და საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის თხოვნის შესრულებას უფრო ჰგავს - მესამე ანეკდოტის მოყოლის შესახებ...

ანაკდოტურ სიტუაციაში არამხოლოდ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ახალი თავმჯდომარეც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილს ახალი ამპლუის მორგება უჭირს და ჯერაც ვერ გაურკვევია, უმრავლესობაშია თუ უმცირესობაში. გუშინდელ პარლამენტის სხდომაზე მან დავით ბაქრაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უწოდა. ამით უსუფაშვილმა ანალოგიური შეცდომა დაუშვა, რაც ერთი დღით ადრე თავად ბაქრაძემ: პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე კოლეგები მოიხსენია, როგორც უმრავლესობის წევრები...

როგორც ჩანს, საპარლამენტო სხდომები მომავალშიც არ დაგვტოვებს კურიოზების გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100