სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ მოწმეებს არ იცნობს - მას დღეს ბრალს წაუყენებენ

6 და 7 ნოემბერს დაკავებული სამივე პირი: ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, თავს მხნედ გრძნობენ და არ იზიარებენ ბრალდებას, რომელსაც ოფიციალურად მათ გამოძიება, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებს, - ამის შესახებ ბაჩა ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე აცხადებს.

მისი თქმით, როცა ბაჩო ახალაიას დაცვის წინადადებით მიმართეს და საქმეს გაეცნო, გაუცებული დარჩა: „როგორც ყველას, ასევე მეც მეგონა, რომ ბრალდება მძიმე იქნებოდა და გაოცებული დავრჩი, როცა აღმოჩნდა, რომ ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ვიღაცების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ“, - აღნიშნა ადვოკატმა და დაამატა, რომ ბაჩო ახალაიას ინტერესებს იმ შემთხვევაშიც დაიცავდა, ბრალდება რომ ციხის კადრებს შეხებოდა.

რაც შეეხება ხუთი მოწმის ჩვენებებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა სამივე პირის აყვანა, ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ მოწმეებს არ იცნობს და კონკრეტული ფაქტი არასდროს მომხდარა. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მოწმეებთან დაკავშირებით იგივეს აცხადებენ სხვა დაკავებულებიც.

ბაჩო ახალაიასა და სხვა დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. კანონით გათვალისწინებული 48 საათიანი ვადა დღეს, დაახლოებით 23 საათზე იწურება. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებებით გამოვლენილი ეპიზოდების გარდა, ახალაიას სხვა ეპიზოდებშიც შეედავებიან.

ასე მაგალითად, როგორც გუშინ საღამოს, „რუსთავი2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, 57 წლის ვეტერანი სამხედრო პირის, აწ გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის ქვრივმა ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. მინისტრის თქმით, სამხედრო პოლიციამ ეს ადამიანი სახლში დააკავა და რამდენიმე დღეში ოჯახს გვამი უკან მიუსვენეს, მის საკანში ბაჩო ახალაია იმყოფებოდა და მას ახალაიასთან ერთად მეგის ქარდავა ჰკითხავდა. „არსებობს წყარო, რომელიც ამბობს, რომ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას ეს ადამიანი ციხეში წამების დროს შემოაკვდათ, თუმცა, ამას გამოძიება სჭირდება“, - თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის ოფიცერი სერგო თეთრაძე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100