სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფართოდ დახუჭული თვალებით ანუ ვინ ვერ ხედავს კრიმინალის ზრდას?

„თუ გინდა, უცქირო რამეს, გაახილო უნდა თვალი“, - ეს ჯერ კიდევ საბავშვო სიმღერების რეპერტუარიდანაა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ცნება: ფართოდ დახუჭული თვალები. ვისაც დანახვა არ უნდა, ვერ დაინახავს, რომ საქართველოში დანაშაულის მატება საგანგაშო ხასიათს იღებს: მხოლოდ მკვლელობას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ხელისუფლების საბოლოოდ გადაბარების (და არა 1 ოქტომბრის) შემდეგ დღემდე საქართველოში უკვე, მინიმუმ 8 მკვლელობა (ზუსტი ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს) მოხდა, მათგან 4 თბილისში და თბილისში მომხდარი მკვლელობის შემთხვევებიდან სამჯერ მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ...

პირადი ან სხვა მიზეზით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ადამიანის მკვლელობის ასეთი მძიმე სტატისტიკა, როგორც გამოცდილი კრიმინალისტები ამბობენ, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებშიც კი ძნელად მოსაძებნია - შესაბამისი დროის მონაკვეთში, რასაკვირველია, ანუ, დაახლოებით ერთ თვეში.

ამასთან, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია: როგორც ახალი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერები, სოციალურ ქსელებში მთელი სულითა და გულით ცდილობენ, რომ კრიმინალური ფონის გაუარესება ყოფილი ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ატეხილ აჟიოტაჟად წარმოაჩინონ. შესაძლოა, გაზვიადება მართლაც ხდება, მაგრამ ეს, უბრალოდ, აჩემებაში და თითზე დახვევაში უფრო გამოიხატება, ვიდრე ჭორების გავრცელებაში.

წარმოუდგენელია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვერ ხედავდნენ, რომ ძარცვა, ქურდობა, დაყაჩაღება უკვე საშიშ ხასიათს იღებს და თუკი მათ ამაში დასარწმუნებლად მაიცდამაინც ის სჭირდებათ, რომ დაზარალებულთა რიგებში თვითონ აღმოჩნდნენ, ასე გაგრძელების შემთხვევაში არც ეს დროს შორს: კრიმინალს ნაკლებად აინტერესებს, ვინ ვისი მხარდამჭერია.

მხოლოდ დედაქალაქში არსებულ ვითარებას რომ გადავხედოთ, ის ნამდვილად არ იძლევა დამშვიდების საფუძველს: პერიფერიებში, მაგალითად გლდანში, უკვე ბევრმა იცის, რომ მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი ავტომანქანის დატოვებას ქუჩაში ღამით. როგორც იქაური მცხოვრებლები ამბობენ, ზოგი მანქანიდან აკუმულატორი ამოაქვთ, ზოგს გვერდითა სარკეებს პარავენ და ზოგსაც - მაგნიტოფონს.

გლდანელებს, რომლებმაც საჩივარი პოლიციაში შეიტანეს, სამართალდამცველებმა პირად საუბარში უთხრეს, რომ მოქმედებს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ძალიან სუფთად მუშაობს და რომლებსაც „ატმიჩკებიც“ აქვთ... „რა გავაკეთოთ, ანაბეჭდებსაც კი არ ტოვებენ და ერთ ღამეში 5-6 მანქანა მაინც იძარცვება“, - უთქვამს ერთ-ერთი დაზარალებულისთვის პოლიციელს, როცა მან პროტესტი გამოთქვა, გამოძიება რატომ ჭიანურდებაო. ბოლო დღეებში გლდანში დაყაჩაღებაც სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება.

რასაკვირველია, უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ შსს გულზეხელდაკრეფილია და არაფერს აკეთებს - სულ რამდენიმე საათი გახდა საჭირო, რომ 25 ნოემბერს, ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან მომხდარი მკვლელობა გახსნილიყო, მაგრამ აშკარად გააქტიურებაა საჭირო, რათა კრიმინალთა ქმედებები უკონტროლო არ გახდეს, ამასთან, მკვლელობამდე პრევენცია ბევრად სჯობია, ვიდრე მკვლელობის შემდეგ ოპერატიული მოქმედება...

წერილის დასასრულს გთავაზობთ ერთ სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე“ ძალიან ხშირად ზიარდება:

„რატომ გგონიათ, რომ ვინმე რამეს იგონებს, ძალიან მაინტერესებს. მოგონება მაშინ შეიძლება გახდეს საჭირო, როცა არ ხდება. როცა ხდება, მოგონება რად უნდა? იქნებ ორ კვირაში არც ოთხი მკვლელობა მომხდარა, არც 7 დაყაჩაღება და მათგან სამი დღისით, ნიღბიანი შეიარაღებული პირების მიერ? ქარელში, "გალფის" სადგურზე თავდასხმა, თანამშრომლების სკოჩით გაკოჭვა და ფულის გატაცება, იქნებ, გვეზმანა? იქნებ არც აღმაშენებლის ხეივანზე დაუყაჩაღებიათ "ლუკოილის" ბენზინგასამართი და იქნებ არც "საქართველოს ბანკის" ფილიალს დასხმია თავს სამი ნიღბიანი? იქნებ არც კონიაკის დასახლებაში გამოუჭრიათ ქალისთვის ყელი, არ დაუძვრიათ კბილები და იქნებ წუხელ, საკუთარ მანქანაში სამი ტყვიით დაცხრილული და თავში საკონტროლო გასროლამიღებული ბიზნესმენიც ჩვენი მოგონილია "ქარვასლის" უკან? იქნებ არც სამი პატიმარი გადაუყვანიათ სხვადასხვა დაწესებულებიდან ღუდუშაურის ნეიროქირურგიულში "სხოდკაზე" და ამას არ შეწირვია ბადრაგი, საეჭვო გარემოებაში? და იქნებ, ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე და კიდევ უამრავი, რაც არ ჩამომითვლია, 1 ოქტომბრამდეც ხდებოდა? ვისაც ეს უხარია, იმასაც გავ**რი, ვისი მომხრეც უნდა იყოს, მაგრამ კრიმინალური ფონი რომ მკვეთრად გაურესდა, ამის არაღნიშვნა არაა "ფართოდ დახუჭული თვალებით" სიარული?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100