სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოცნებაგაწბილებულები

ოცნებას კაცი არ მოუკლავს. არც ოცნებათა გაწბილებას. ასე რომ, ესეც ჩაივლის და სულ ცოტა ხანში დარჩებიან გახუნებული ოცნება და ოცნებაგაწბილებულები. აქედანვე ვიტყვი, რომ არც სათაური და არც სტატია ნიშნის მოგების შემცველი არ არის. ფაქტის აღნიშვნა ნიშნის მოგებას არ ნიშნავს და მეორეც, ოცნებაგაწბილებულები არც იმდენად მრავლად არიან, რომ ვინმემ ამაზე ნიშნისმოგებით ილაპარაკოს. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ოცნებაგაწბილებულთა რიცხვი მატულობს, უკვე ბევრს ნიშნავს.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილ მოთხრობაში, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, იმის საზომად, რამდენად ღირებულია ნაწარმოები ან თუნდაც, ფრაზა, თავისებური და უცნაური მეთოდი ჰქონდა. ალბათ, ცოტა თუ არის ისეთი, ვინც არ იცის, რა მეთოდი იყო ეს, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ: მას მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, ბურძგლავდა. მოთხრობაში ერთ-ერთი კეჟერაძე ამ მეთოდის დემონსტრირებას „დონ კიხოტის“ მაგალითზე ახდენს.

ვასიკო კეჟერაძის მეთოდის გამოყენება ჯერ არავის უცდია პოლიტიკაში, მაგრამ მათ, ვინც არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზა, მსგავსი ექსპერიმენტი რომ ჩაუტარო, ანუ, მარცხენა მკლავი აუკაპიწო და მკაფიოდ, გამოთქმით უთხრა: „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ, დაბურძგლულთა რაოდენობა თვალშისაცემად ნაკლები იქნება, ვიდრე არჩევნებამდე...

ვასიკოსი არ იყოს, მეც ამის საზომად ჩემი ფიქსატორი მაქვს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები - ინტერნეტპორტალებზე გამოქვეყნებული სტატიების კომენტარები და თავად პორტალების მიერ შემოთავაზებული გამოკითხვებია. კომენტარები იმიტომ, რომ მაღალრეიტინგულ საიტებს ორივე პოლიტიკური ვექტორის მკითხველი ჰყავს და, კომენტარებსაც ორივე პოლიტიკური მიმართულების მკითხველები წერენ, ხოლო გამოკითხვები კი იმიტომ, რომ ძირითადად, მსგავსი გამოკითხვების გაყალბება არ ხდება და მეტნაკლებად ასახავს რეალობას.

კომენტატორებით დავიწყოთ. ამ სტატიის ავტორი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თავის და სხვათა სტატიებზე კომენტარებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აკვირდებოდა (და ხშირად პასუხობდა კიდეც), როცა „ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე არათუ არ ჩანდა, არც კი ილანდებოდა. პირველი და, ალბათ, უკანასკნელი ქართველი მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მის მიმართ აღტაცებულთა სიმრავლე თვალშისაცემი იყო მისი მისამართით ოდნავ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების შემდგომ დაწერილ კომენტარებში. ბატონი ბიძინა მაშინ, შეიძლება ითქვას, აშკარა ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობდა კომენტატორებში: კრიტიკული სტატიის ავტორს ლანძღავდნენ, თათხავდნენ, მოსყიდულსა და სულგაყიდულს ეძახდნენ...

ივანიშვილის ხსენებაზე მკლავდაბურძგლულთა რიცხვი მაშინ იმდენად დიდი იყო, რომ პირველივე პრესკონფერენციაზე მის მიერ გამოვლენილი ქედმაღლობა და უტიფრობა ჟურნალისტების მისამართით მაშინვე ჩაითვალა მის პირდაპირობად. მაშინ ყველამ ჟურნალისტების აჟიტირებულობაზე გაამახვილა ყურადღება და მთავარი ყველას გამორჩა: რომ მათ წინაშე იჯდა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი მილიარდერი, რომელიც იქედანვე ავლენდა უზურპატორის თვისებებს...

მოგვიანებით, როცა დამოკიდებულება მსგავსი თუ სხვა ფორმებით განმეორდა, კომენტატორები ისევ და ისევ აღნიშნავდნენ, რომ ის („დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი“) ყველა ჟურნალისტს არ ექცეოდა უხეშად და მხოლოდ ისეთებს არჩევდა, ვისი მედიასაშუალებაც საზოგადოების ნდობით ვერ დაიკვეხნიდა...

პირველი „ეს ვინ ყოფილა“ დამოკიდებულება კომენტარებში პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლიდან ორ-სამ თვეში გამოჩნდა. მოაზროვნე კომენტატორებმა, რომლებიც, ბუნებრივია, თვალყურს ადევნებდნენ სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებულ „მარგალიტებს“ და, რა თქმა უნდა, ვიდეომასალასაც ეცნობოდნენ, ჯერ „ნეიტრალურ“ კომენტარებს მოუხშირეს, მერე კი „მიშა უარესია“-ზე გადავიდნენ. როცა პასუხად მიიღეს, მიშა უკვე რვა წელია, მანდაა და ეს კაცი თვეების წინ მოვიდა და უკვე იმდენი „მარგალიტი“ დააგროვა, მიშა ორ იმდენ ვადაშიც კი ვერ მოასწრებს მაგდენსო, ჯერ გაჩუმდნენ, მერე კი ნიკი შეიცვალეს და ბიძინას ლანძღვა დაიწყეს: ჯერ მოზომილად, მერე უფრო თამამად და ბოლოს, თაზეხელაღებითაც...

ეს დაკვირვება რომ ანალიზის შედეგია და ყურით მოთრეულ, ან თუნდაც, თითიდან „გამოწუწნულ“ ვარაუდებზე არ დაწერილა, ამ სტატიის კომენტარებიტაც დარწმუნდებით, თუ გამოქვეყნებიდან, ვთქვათ, ორ საათში შემოიხედავთ და ჩაუყვებით: სიტუაცია და ძალთა თანაფარდობა აშკარად შეიცვალა. ამასთან, დავამატებ, რომ ყოფილი მკლავდაბურძგლულები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ დებენ სამარეში, სულაც არ გამხდარან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები - ერთ დროს მმართველმა პარტიამ ესეც კარგად უნდა გაითვალისწინოს...

არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენსავე ნაცნობ-მეგობრებში - რამდენად სწრაფად იზრდება ოცნებაგაწბილებულთა რიცხვი... მათი რაოდენობის ზრდამ სრულიად მართებულად, გაღიზიანება გამოიწვია ისეთ პერსონაშიც კი, როგორიც გიორგი უძილაურია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ეს ჟურნალისტი გახლავთ „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი და, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ მას ქართული „ფეისბუქის“ პულსზეც უდევს ხელი. როგორც ჩანს, უძილაური იმდენად შეაშფოთა „ქართული ოცნების“ შეფის გვერდზე დაპირებების შეხსენებამ და კრიტიკულმა პოსტებმა, რომ ამის გამო საკმაოდ ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა და პოლიტიკოსის პედანტურობით აღწერა, რა იყო დაპირებული და რა გაკეთდა, მომავალში კი რისი გაკეთება იგეგმება. რას იზამ, განმარტებები რომ აუცილებელია, გიორგი უძილაურის მოგონილი არ არის, თავად ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, რადგან მის თითქმის ყველა პოზიციას მოგვიანებით აუცილებელი განმარტება ერთვის თან - ასე კი არა, ასე ვიგულისხმეო...

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებიდან ზუსტად ორი თვის თავზე, დაპირებული ოცბებების ახდენის ნაცვლად, ოცნებების გაწბილება დაიწყო და ოცნებაგაწბილებულთა რიცხვმა იმატა. იმატა აღსარებებმაც სოციალურ ქსელებში, რომლებსაც კონკრეტული, გვარ-სახელიანი ავტორები ჰყავს. როგორც ჩანს, ხალხს უკვე მობეზრდა სანახაობა, მით უმეტეს, რომ ეს სანახაობა მაინცდამაინც კარგი რეჟისურით ვერ გამოირჩევა და არც მოსახლეობას ხიბლავს, არც საქართველოს უცხოელ პარტნიორებს.

პურზე გადასვლის დროა, ბატონებო!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100