სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი სესიაშვილის აღიარება: MAP-ის საკითხის განხილვა პრაღაში დაპატიმრებათა გამო გადაიდო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც პრაღაში მუშაობა 12 ნოემბერს დაასრულა, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის განხილვა იმ მიზეზით გადადო, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ანგარიში ვერ მოისმინა. ანგარიშის არარსებობის მიზეზი კი, თავის მხრივ, საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტის გადადება გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მოქმედი უფროსი გიორგი კალანდაძე, რამდენიმე დღით ადრე კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

პრაღაში ჩატარებულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე სრულიად მოულოდნელად წამოიწია საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხმა, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. რეზოლუციაში მითითებული მიზეზის მიხედვით, განხილვის გადადების საფუძველი სწორედ ზემოთხსენებული დაპატიმრებები გახდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა აზრით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაზე გავლენა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას დაკავების საკითხით ასამბლეა სწორედ სააკაშვილის ძალისხმევით დაინტერესდა, რომელმაც მთელი თავის გავლენა გამოიყენა, რათა რამენაირად შეეჩერებინა თავისი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ დაწყებული გამოძიება. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, ისე რომ არ ფლობდა ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„სამწუხაროდ, იმ მონაცემებმა, რომლებიც პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლებმა ასამბლეას გააცნეს, ასამბლეის წევრები შეცდომაში შეიყვანა“, - განუცხადა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება რეალურ ფაქტებს არ ემყარებოდა:

„ამ წელს ნატოს დამკვირვებლებმა ვერ მოასწრეს ქვეყნის შესახებ მოხსენების მომზადება. ამიტომაც, როცა საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტს ღებულობდნენ, არავის შეეძლო მითითება, რომელ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება“, - ამბობს სესიაშვილი.

„მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრაღის სესიაზე შეიქმნა საქართველოს საკითხზე სპეციალური მომხსენებლის პოსტი, რომელიც წლის დასასრულამდე დაიწყებს საქართველოში არსებული სიტუაციის მონიტორინგს, საქართველოს ხელისუფლება კი შექმნის მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოს სპეცწარმომადგენლის მუშაობისთვის“, - დაამატა ირაკლი სესიაშვილმა.

"კავკაზსკი უზელის" მიხედვით

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100