სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებების რიცხვში მოხვდა

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული ქვეყნები და ტერიტორიები შევიდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ საზოგადოებათა შორის მოხვდა.


ანგარიშის ქვეთავში, რომლის სახელწოდებაა - "ყველაზე უარესები 2012 წელს: მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები", ასევე მოხვდნენ: ბელორუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ჩინეთი, სირია, ლიბია, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთ კორეა და სადავო ტერიტორიები - ტიბეტი და დასავლეთ საჰარა.


ანგარიშის შედგენისას Freedom House ითვალისწინებდა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას, რეპრესიული და დიქტატორული რეჟიმების არსებობას, საარჩევნო თავისუფლებების არარსებობას, პრესის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებებს, წამებას, კორუფციას, სქესობრივ უთანასწორობას, დევნას რელიგიური, კულტურული ან ეთნიკური ნიშნით.


ანგარიშში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ რეპრესიები იქ გამყარებულია რუსული გავლენით, რომლის მიზანიც სეპარატისტული რესპუბლიკის საქართველოსგან გამოყოფაა.


მოხსენებაში ვრცლად განიხილავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც, Freedom House-ს ექსპერტების აზრით, დაშინებისა და ძალადობის ატმოსფეროში ჩატარდა. რეგიონს დაბალი სარეიტინგო ქულა მიანიჭა Freedom House-მა სამოქალაქო უფლებებისა და პრესის თავისუფლების კუთხითაც.

განსაკუთრებული ყურადღება მოხსენებაში რუსეთის გავლენაზეა გამახვილებული.
"ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაზე რუსეთი დომინანტურ გავლენას ახდენს. როგორც ამბობენ, 2011 წელს, რეგიონში საკვანძო სამთავრობო პოზიციებზე, პრემიერ-მინისტრის პოსტის ჩათვლით, ინიშნებოდნენ რუსები, რომელთა კანდიდატურასაც მოსკოვი იწონებდა. რუსეთის ხელისუფლება ასევე ცდილობს, აღკვეთოს ეთნიკური ოსების შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც რუსეთში გამგზავრება შეუფერხებელია", - ნათქვამია Freedom House-ის მოხსენებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100