სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი - ერთადერთი რაც გაიაფდა, ეს ნარკოტიკებია

უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ შეძლებს, ჩამოაყალიბოს საქართველოში ერთპარტიული მმართველობა და დიქტატურა, რაც მეტყველებს იმაზე , რომ უმრავლესობა ვერც კი გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"გენერალურმა, მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის გამოხმაურებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი და უმრავლესობა საუბრობენ, რომ მათ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა ნათელია, რომ ისინი ვერ მოაგროვებენ ამისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს.
"აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ბრაზობს და ემუქრება პარლამენტის წევრებსა და მათ ახლობლებს, ასევე კოლეგებს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი მუქარა ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს იმ გზისგან, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს აპირებდა თავის 100 დღის შედეგებზე ესაუბრა, თუმცა მთელი თავისი სამსაათიანი გამოსვლის 90% "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო.
"მე მის მაგივრად შევეცდები, მოკლედ შევაფასო მისი 100-დღიანი მმართველობა. ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, ჩახალიანი, კრიმინალები, ამის პარალელურად ის არნახულ რეპრესიებს ახორციელებს ქვეყანაში და მსგავსი რეპრესიები ქვეყანაში არ განხორციელებულა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხულია თბილსის მერიის 885 თანამშრომელი, ასევე 1425 ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი. ასევე დაკითხულია 4450 სოციალური აგენტი და 1200-ზე მეტი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის ადამიანები.
"ივანიშვილი საუბრობს გაიაფებაზე, მაგრამ ერთადერთი რაც გაიაფდა, ეს არის ნარკოტიკები და ამას ყოველდღე ვამჩნევთ ჩვენს ქუჩებში, სადარბაზოებში და სხვადასხვა ადგილებში", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა დღესვე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა მის დაკითხვასთან დაკავშირებით და აღნიშნა - მიმართავს მთავრობას, რომ ნაცვლად სოციალური აგენტებისა და იმ ყოფილი პოლიციელებისა, რომლებსაც კითხავენ პოლიციის შენობების აშენებასთან დაკავშირებით, ის დაკითხონ, რადგან სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების სამინისტრო და სწორედ მისი ინიციატივით შენდებოდა პოლიციის შენობები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100