სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის აგნოსტიციზმი?

აგნოსტიციზმი ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულებაა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით, მეტაფიზიკას ადა თეოლოგიაში. აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს(ცოდნას).

აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს , თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია. შესაბამისად, კითხვაზე „არსებობს თუ არა ღმერთი“, აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება „არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე“. ძველი წელთაღრიცხვის 5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას: „ღმერთებისა არაფერი მსმენია,არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე.“

აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში (პირონი) და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმის, ეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი „აგნოსტიციზმი“ ბუნებისმეტყველის, პროფესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ „მეტაფიზიკური საზოგადოების“ სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელის უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივთებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია, რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით, აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის, ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში.

მტკიცებას, რომ ღმერთებისა და სხვა ზებუნებრივ ძალთა არსებობა პრინციპულად შეუმეცნებელია, სხვაგვარად მყარი(ძლიერი) აგნოსტიციზმი ეწოდება. მის საპირისპიროდ მერყევი(სუსტი) აგნოსტიციზმის მიხედვით, ღმერთებისა და ზეციერთა არსებობა არის არა პრინციპულად შეუმეცნებელი, არამედ მხოლოდ ამ დროით მონაკვეთშია უცნობი. მაშინ, როცა მერყევი აგნოსტიკოსი ღმერთის არსებობის კითხვას პასუხობს „მე ეს არ ვიცი“, მყარი აგნოსტიკოსი გადაჭრით პასუხობს:“მე ამის ცოდნა არ შემიძლია, ამის ცოდნა არავის ხელეწიფება და ვერც ვერასდროს შევიძლებთ ამას“.

აგნოსტიციზმი ახლოს დგას თეიზმთან, შესაბამისად იუდაიზმთან, ისლამთან, ქრისტიანობასთან და ინდუიზმთან, იმ თვალსაზრისით, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით, თუ დავუშვებდით ღმერთის არსებობას, მისი შემეცნების შესაძლებლობა მაინც დაუშვებელია. ყოველი გაუყალბებელი, არაფალსიფიცირებული მოძღვრება ღმერთის შესახებ არის არამეცნიერული(კარლ პოპერისა და ჰანს ალბერტის, ასევე პაულ ფეიერაბენდის თვალთახევით). მოძღვრება ღმერთზე, გამოცხადებასა და ღვთიურ სასწაულზე, აგნოსტიკოსის აზრით, მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. შეუძლებელია ამ ცოდნის შემოწმება, დადასტურება ან აურყოფა.

თეიზმის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც უახლოვდება აგნოსტიციზმს, არის პანთეიზმი. მრავალი ფილოსოფოსი, მათ შორის შოპენჰაუერი, პანთეიზმს მოკრძალებულ აგნოსტიციზმად მიიჩნევდა.

ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტიურ რწმენას უარყოფს. ამასთან, აგნოსტიციზმი უმეტესად, ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკუდებელი მსოფლმხედველობა, არამედ, ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ, როგორც აგნოსტიციზმის შედეგი, იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი ღმერთის რწმენის არქონას ნიშნავს.

იგნოსტიციზმის, ანუ აპათიური აგნოსტიციზმის მიხედვით, კითხვა ღმერთის არსებობის შესახებ რადიკალურად უსაფუძვლოა, რადგნ მისი გადამოწმება შეუძლებელია. აგნოსტიკოსი ამბობს: „არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები“.იგნოსტიკოსი კი ამბობს:“არ ვიცი, არსებობენ თუ არა ღმერთები და ამას(ღმერთების არსებობა-არარსებობას) არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“. ცნება იგნოსტიციზმი პირველად გამოიყენა ჰუმანისტური იუდაიზმის საზოგადოების დამფუძნებემა, რაბინმა შერვინ ვინმა(1928–2007). ცხადია, ამ შეხედულების საფუძვლებიც ძველ ანტიკაშია საძიებელი.

აგნოსტიციზმი ასევე განიმარტება, როგორც შემდეგ მტკიცებაზე დამყარებული მოძღვრება: რამდენადაც შემეცნების მთელი პროცესი დაფუძნებულია გამოცდილებაზე, ხოლო გამცდილება სუბიექტურია, ამდენად, სუბიექტს არ შეუძლია საკვლევი ობიექტის შემეცნება, „ნივთი თავისთავად” შეუმეცნებელი რჩება. აქედან გამომდინარე, მეცნიერების როლი გამოცდილების შემეცნებამდე და არა საგანთა და მოვლენათა არსის წვდომამდე დაიყვანება. ამ აზრით, აგნოსტიკურია ყოველი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტების შემეცნებას უარყოფს, მაგალითად, კანტიანელობა.

აგნოსტიციზმის საფუძვლიანი კრიტიკა მოცემულია ბუნებრივ თეოლოგიაში. ამ სწავლების მიხედვით, ღმერთის შემეცნება შესაძლებელია საღვთო გამოცხადებებთან მიბრუნების გარეშე, მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, უნარების გამოყენებით. გარდა ამისა, ტომას აქვინელი თავისი ნაშრომის პირველი წიგნის მე-12 თავში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ღვთის შემეცნების შეუძლებლობისა, ადამიანს მაინც შეუძლია ღმერთის არსებობის მტკიცება. აქვინელის ეს მოსაზრება შემდეგში მრავალმა ფილოსოფოსმა გამოიყენა, მათ შორის კანტმაც, რომელიც ამავე დროს იყო აგნოსტიკოსი. კრიტიკოსთათვის ბევრს არაფერს ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, ამით საკითხი კი არ გადაიჭრება, არამედ ღმერთის შესახებ ახალი, პრინციპულად განსხვავებული ცოდნისკენ გვეხსნება გზა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100