სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეყნის ინტერესებს მცირე ჰესები ვერ დააკმაყოფილებს!

უკანასკნელ პერიოდში ბევრს საუბრობენ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ხუდონჰესის მშენებლობის განახლება-არგანახლების თემაზე. ამ საკითხზე სხვადასხვა წრეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. სპეციალისტების აზრით, ამ პროექტის განხორციელება ქართული ენერგოსისტემისთვის მომგებიანია და შესაბამისად ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკურნაგებობათა კათედრის პროფესორი, გია ალაბეგაშვილი აცხადებს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება იმდენად მზარდია, რომ არა მარტო ხუდონჰესის, არამედ გარკვეული დროის შემდეგ სხვა, ახალი ჰესის მშენებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება:

- ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა ნებისმიერი დარგის განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკის გარეშე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული. ჩვენ არ გვაქვს თბოელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობა, არ გვაქვს ამისთვის საჭირო რესურსი. გვაქვს წყალი და ეს უნდა გამოვიყენოთ. სულ რამდენიმე დიდი მდინარე გვაქვს და არამარტო ხუდონი უნდა აშენდეს, ჰიდლოელექტროსადგური უნდა აშენდეს რიონზეც.

- სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია მცირე ჰესების მშენებლობითაც, რაც დიდი ჰესებისგან განსხვავებით უფრო მცირე დანაკარგებთან არის დაკავშირებული.

მცირე ჰესების მშენებლობა აუცილებელია. მე თვითონაც ვმონაწილეობ მცირე ჰესების პროექტებში, მაგრამ ამან შეიძლება მოაგვაროს ერთი რომელიმე რეგიონის პრობლემა. ქვეყნის ინტერესებს მცირე ჰესები ვერ დააკმაყოფილებს. აუცილებელია დიდი ჰესების აშენება. უხეში შედარებაა,მაგრამ მაინც ვიტყვი, ველოსიპედი ეკოლოგიურად სუფთა და ყველაზე იაფი ტრანსპორტია, მაგრამ ის გადაადგილების პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. თუ ჩვენ უარს ვიტყვით დიდი ჰესების მშენებლობაზე, ეს იგივეა, უარი ვთქვათ ავტომობილებზე და გადავსხდეთ ველოსიპედებზე. კაცობრიობის პროგრესი ითხოვს ტექნოლოგიურ განვითარებას და მაღალ სიმძლავრეებს, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამაზე, ქვეყანა წინ ვერ წავა.

- ამ ეტაპზე როგორი სიტუაცია საქართველოში ენერგეტკული დამოუკიდებლობის მხრივ და რამდენადაა უზრუნველყოფილი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით?

ზამთრის პერიოდში ჩვენ გვაქვს პრობლემები, ზაფხულში კი აღინიშნება ელექტროენერგიის სიჭარბე. ახალი პოტენციური მშენებლობები სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეფასდეს. ამ მიმართულებით ხუდონჰესის მშენებლობა სასურველი და აუცილებელიც კი არის. ხუდონჰესის აშენება და ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ მდგომარეობას. გახდის ენერგოდამოუკიდებელს და საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგია ექსპორტზეც გავიტანოთ, რაც არც თუ ისე მცირე შემოსავალს მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს. ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კვლავ დადგება დღის წესრიგში მორიგი სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობა, რადგან მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება. ეს გარდაუვალი პროცესია.

- პროექტის ირგვლივ არა მარტო სპეციალისტების, არამედ მთლიანად საზოგადოების აზრია გაყოფილი. მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ხუდონის მშენებლობას, მთავარი არგუმენტია გარკვეული ტერიტორიის დატბორვა, კლიმატის ცვლილებები და ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საკითხი. როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის შეჯერება და საკითხის დადებითად გადაწყვეტა?

ენერგეტიკა ყველაზე მეტად ზამთარში სითბოსთან ასოცირდება. ცუდია, რომ გარკვეული ტერიტორიის დატბორვა მოხდება, მაგრამ გაცილებით ცუდია თუ ზამთარში გავიყინებით. როცა ქვეყნის კეთილდღეობაზეა საუბარი, მაშინ რაღაცეებზე უარი უნდა ვთქვათ, მით უმეტეს, თუ სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს დანაკარგს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძნელია იმ ადგილების მიტოვება, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს. ძალიან მტკივნეულია წინაპრების საფლავების საკითხი, მაგრამ კომპრომისი უნდა მოინახოს. როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაშია, მათ უნდა მიეცეთ კომპენსაცია, გარკვეული შეღავათებით, ან სულაც უფასოდ უნდა მიიღონ ელექტროენერგიაც. ხელისუფლება და ინვესტორებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და გათვალისწინებული იყოს თითოეული ადგილობრივი მოსახლეს ინტერესი. რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს მათი გასახლების პროცესი. ეს კი გარდაუვალია. მაშინ არ უნდა აშენებულიყო არც ჟინვალის და არც სხვა წყალსაცავები, საიდანაც ასევე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100