ქართული ბანკები ბიზნესმენებს გაკოტრებაში ეხმარებიან?
შორენა გოგოლაძე
17:42 14.12.2009
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მრავალი უმსხვილესი კომპანიის მომავალი არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კრიზის დროს კომპანიებისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორსა და დასაყრდენს ევროპის ბევრ ქვეყანაში ბანკები წარმოადგენს. საქართველოში კი პირიქითაა. ბანკები კომპანიებს გაკოტრებაში ეხმარებიან. სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო სახელმწიფომ ბანკებს, ხოლო ბანკებმა თავის მხრივ, მსხვილ ბიზნესკომპანიებს კრიზისის გადასატანად სოლიდური თანხა გამოუყვეს.
იაპონიის ბანკებმა ეკონომიკის აღსადგენად 114 მილიარდი დოლარი გამოყვეს. სესხი გაიცემა სახელმწიფო ან კორპორატიული ობლიგაციების გარანტიით. მსგავსი პროგრამა შეიმუშავა გერმანიამაც, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკმა კი სპეციალური პროგრამის ამოქმედების შესახებ განაცხადა, რომელიც საბანკო სექტორისთვის დამატებითი ლიკვიდურობის მინიჭებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ნაბიჯი მთავრობამ დუბაის საინვესტიციო ფონდის უბაი ჭორლდ–ის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გადადგა. პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივ ბანკებს, ისევე უცხოური ბანკების ფილიალებს შეეძლება.
რა ხდება საქართველოში? ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ოლივიე დესკამპი მომავალი წლისთვის საქართველოში ბიზნეს-კომპანიების ნაწილის გაკოტრებას პროგნოზირებს, ამის მიზეზად კი საბანკო კრედიტების შემცირებას ასახალებს.
მისი განმარტებით, მიმდინარე რეცესიის პირობებში ბანკები ცდილობენ, რისკებს თავი აარიდონ და ამიტომაც ქვეყნაში დაკრედიტების მოცულობა შემცირდა. დესკამპის თქმით, ერთი მხრივ ბანკები სწორად იქცევიან, მათ არ სურთ ახალი პარტნიორები გამოიჩინონ, ანუ გასცენ კრედიტები და ახალი ვალდებულებები აიღონ. თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი ფრთხილი ნაბიჯები ბანკების მხრიდან უარყოფითად მოქმედებს იმ კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში არიან.
დესკამპი განმარტავს, რომ ბევრი მათგანი სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე გაკოტრებული იქნება. ამის შემდეგ კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება.
ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებით სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველო, რეცესიის პროცესიდან შენელებული ტემპით გამოვა. ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე კი ბანკებს მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. გიორხელიძის განცხადებით, შოუ პროგრამების დაფინანსება არ ნიშნავს იმას, რომ ბანკი თავის ფუნქციას ასრულებს.
დემურ გიორხელიძე: „გაფრთხილება ძალიან ყურადსაღებია, რადგან რეალობას ასახავს. ბანკებმა შეწყვიტეს ეკონომიკის დაკრედიტება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებულ რამდენიმე ბანკს გააჩნია სერიოზული ფინანსური რესურსი, ისინი მაინც არიდებენ თავს რისკებს და არ გასცმენ კრედიტებს.
არ შეიძლება საკრედიტო პოლიტიკად მოინათლოს თუ უმაღლესი პირები ვინმეს ან რომელიმე კომპანიას რეკომენდაციას გაუწევენ და ბანკები ამის შემდეგ კონკრეტულ სუბიექტებს დაეხმარებიან.
ბანკები პრაქტიკულად თავის ფუნქციას არ ასრულებენ იმის გამო, რომ თითქოსდა რისკები მაღალია. ეს მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში იაფია ფული ბიზნესისათვის. თუნდაც ბანკთაშორის ბირჟაზე ამ მხრივ სიიაფეა.
საქართველოში კი ფულის ფასი სიძვრის მიხედვით თითქმის ყველაზე ძვირია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ბიზნესის წარმოება ძალიან გართულებულია. ის, რომ ფული არ იქნება, ნიშნავს იმას, რომ საქმიანობა ან დროებით უნდა შეაჩერო, ან კიდევ სამუდამოდ დახურო კომპანია. ამით ისარგებლეს კერძო კრედიტორებმა, მაგრამ მათ შემთხვევაშიც რისკები ძალიან მაღალია.
ფულის გარეშე, ბანკის გარეშე, ეკონომიკა არავის განუვითარებია. დღევანდელი გადასახედიდან კი, ქართული ბანკები უარს ამბობენ იმ ფუნქციის შესრულებაზე, რასაც ყველა ნორმალურად განვითარებულ ქვეყანაში ბანკები აკთებენ.
გქონდეს ფული და სახაზინო ვალდებულებებს, ლატარიებს და რაღაც შოუ პროგრამებს აფინანსებდე, სულაც არ ნიშნმავს იმას, რომ ბანკის ფუნქციას ასრულებ.
ახლა კატასტროფული მდგომარეობა, ბიზნესმენები, რომლებსაც ბიზნესში უზარმაზარი თანხები აქვთ ჩადებული და მხოლოდ მცირეოდენი ფინანსური რესურსი სჭირდებათ საიმისოდ, რომ აამოძრაონ ბიზნესი, ძალიან ცუდ დღეში არიან. მათ, ფაქტობრივად, უარის თქმა უწევთ ბიზნესზე.
ბანკები არ იძლევიან სესხებს. თუ რომელიმე უწყების ხელმძღვანელი დაგირეკავს და გეტყვის, რომ რომელიმე კომპანიას უნდა მისცე კრედიტი, ბანკებს იმდენი ჭკუა კი აქვთ, რომ ძალას არ დაუპირისპიდნენ, მაგრამ ამას კრედიტის გაცემას ვერ დავარქმევ. ეს სხვა რამეა. ეკონომიკისთვის საბოლოო ჯამში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს' - განუცხადა „დრონი.ჯი'-ს გიორხელიძემ. ექსპერტის თქმით, ბანკების ამგვარი პოლიტიკა სწორედ იმას გამოიწვევს, რასაც ევრობანკის პრეზიდენტი პროგნოზირებს.
„ეს ბანკების მხრიდან დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. უნდა გადადგან ბანკებმა ისეთი ნაბიჯები, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან და ისე არ უნდა იმოქმედოს, რომ ბიზნესი გაკოტრდეს და ბანკებს რეალურად კლიენტები აღარ ჰყავდეთ', -განმარტავს გიორხელიძე.
თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ ბანკებში. საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ,ი ხათუნა კაკაბაძე ამბობს, რომ „საქართველოს ბანკს' არ შეუჩერებია არც სამომხმარებლო და არც საკრედიტო სესხების გაცემა.
„ჩვენ ვნახეთ ევრობანკის პრეზიდენტის ეს განცხადება, მაგრამ „საქართველოს ბანკი' გასცემს ბიზნეს-სესხებს. ასე, რომ ამ მხრივ არანაირ პრობლემა არ გაქვს. ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია „საქართველოს ბანკიდან' სესხის მიღება'. ექსპერტების ბრალდებას უარყოფენ „თი ბი სი' ბანკშიც.
ბანკებში აცხადებენ, რომ მათთვის ბევრია პრობლემური სესხის მქონე პირთა რაოდენობა და საზოგადოების დიდ ნაწილს მათი დავალიანება მართებთ. თუმცა, ეს მსხვილი ბანკებისთვის თავის გასამართლებელ არგუმენტად ნაკლებად გამოდგება, ვინაიდან როგორც ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, ბანკებს დღეს იმაზე მეტი ფული აქვთ, ვიდრე ეკონომიკურ კრიზისამდე ჰქონდათ.
დღეის მდგომარეობით ყველაზე მომგებიან პოზიციაში ბანკი „რესპუბლიკაა', რომელიც თავიდანვე სიფრთხილით მიუდგა სამომხმარებლო სესხების გაცემას და სხვა ბანკები თუ სესხს მხოლოდ მოქალაქის პირადი მონაცემების სანაცვლოდ გასცემდნენ, „რესპუბლიკა' სესხისთვის მინიმუმ ორ ალტერნატიულ პირს ითხოვდა.
დღეს, რომ ბანკებს ფული აქვთ, ამას არც ბანკებში მალავენ. განსაკუთრებით კი „საქართველოს ბანკი' და `თიბისი~ ყოველთვიურად ათიათასობით ლარს ხარჯავს სხვადასხვა გათამაშებასა თუ სარეკლამო მომსახურებაში.
თუმცა თუკი ასე გაგრძელდა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ვარაუდობს, შესაძლოა ბანკები თავიანთი ყველაზე მსხვილი კლიენტების, ბიზნესსექტორის გარეშე დარჩნენ. მით უფრო მაშინ, თუკი ოლივიე დესკამპს დავუჯერებთ, რომელიც ამტკიცებს, რომ იანვრიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესკომპანიების გაკოტრების პროცესი დაიწყება.