სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა

კომპანია „არემჯიმ“ ტენდერის საფუძველზე ის გარემოსდაცვით-საკონსულტაციო ორგანიზაცია გამოავლინა, რომელიც შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვით აუდიტს ჩაატარებს.

ტენდერში აიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“ გაიმარჯვა, რომელიც მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი ესპერტებით არის დაკომპლექტებული. პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, შვედი და უკრაინელი გარემოსდაცვითი აუდიტორები მიიღებენ მონაწილეობას.

გარემოსდაცვითი აუდიტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელი შეფასება შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, რომლებიც ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთში მდებარეობს.

2 კვირის ვადაში შერჩეული კომპანია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესაბამისად, წარმოადგენს ჩასატარებელი აუდიტის გეგმას, რომლის საჯარო პრეზენტაციასაც კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები ერთობლივად გამართავენ.

კომპანია „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის ტენდერი, ამაწლის 19 თებერვალს გამოაცხადა და მასში მონაწილეობას საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები იღებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100