სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ონლაინ სესხების ასოციაცია ემიჯნება ყოველგვარ გადაცდომას და უკანონობას

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია ინტერნეტ-სივრცეში, მათშორის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, პრობლემური აქტივების მართვის ერთ-ერთი ბიუროს (ე.წ. კოლექტორული კომპანია) თანამშრომლისა და მსესხებლის საუბარია ჩაწერილი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია“ გაეცნო გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც იკვეთება სერიოზული ხასიათის გადაცდომები მომხმარებელთან ურთიერთობისას.

ასოციაციის წევრი კომპანიები გამოხატავენ წუხილს აღნიშნული ფაქტის გამო და აცხადებენ, რომ ყოველმხრივ ემიჯნებიან და გმობენ მსგავს მიდგომას. ასოციაციის წევრი ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არ იყენებენ მსგავს მეთოდებს მათ საქმიანობაში. რაც შეეხება ურთიერთობას პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებთან, აღნიშნულს არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც უნდა იმოქმედოს ბიურომ პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობისას. ამ პრინციპებიდან კი ერთ-ერთი უმთავრესია მომხმარებელთან ეთიკური საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. ბუნებრივია, ეს პრინციპები გამორიცხავს უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებას, იქნება ეს შანტაჟი, მუქარა თუ სხვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოლექტორული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობენ ასოციაციის წევრები, ასევე ემსახურებიან ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუმცა, მათი საქმიანობის ნეგატიური ნაწილის თუ გადაცდომების დაკავშირება ხდება მხოლოდ ონლაინ სესხის კომპანიებთან, რაც, სავარაუდოდ, დღეს არსებული გამიზნული შავი პიარის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ეს ვერ ამართლებს ამ ჩანაწერის ბუნებას და მომხმარებელთან მსგავს კომუნიკაციას.

ასოციაცია მოუწოდებს პრობლემური აქტივების მართვის ბიუროებს, განსაკუთრებით გაამკაცრონ კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, რათა გამოირიცხოს უკანონობის ნებისმიერი გამოვლინება და დაცულ იქნას საკრედიტო ორგანიზაციებსა და მათ შორის არსებული ხელშეკრულების პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოციაციის წევრი კომპანიები შეწყვეტენ თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც დაარღვევენ მომხმარებელთა უფლებებს და უგულებელყოფენ ეთიკისა და მორალის ნორმებს.

ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას. აქვე, კიდევ ერთხელ, ასოციაცია აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს.

ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები:

1. vivus.ge

2. netcredit.ge

3. ccloan.ge

4. crediton.ge

5. moneyman.ge

6. emmascredit.ge

7. masesxe.ge

8. minicredit.ge

9. mozo.ge

10. mon.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100