სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 წელი სოხუმის დაცემიდან ...

საქართველოს ისტორიის სისხლითმორწყული ფურცლები და ტკივილი, რომელსაც საქართველო ვერასოდეს მოინელებს. 20 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს ჩრდილო-კავკასიურმა, რუსულმა და აფსუა-აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით,ქალაქი სოხუმი შტურმით აიღეს.

1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამ შეთანხმების ინიციატორი და გარანტორი რუსეთის ფედერაცია იყო. შეთანხმების მიხედვით გაყვანილ იქნა ქალაქიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია. ამავე დროს, მოწინააღმდეგის ძალები შეტევისთვის ემზადებოდნენ. 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ 27 ივლისის სოჭის შეთანხმება დაარღვია "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სოხუმში სრულ განუკითხაობას ჰქონდა ადგილი. ქალაქის განადგურება დაიწყო, სეპარატისტებმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს. ქალაქში ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებდა.

როცა სოხუმი დაეცა, დარჩენილი ქართველები იქიდან გამოსვლას ცდილობდნენ. ძირითადი გზა ენგურისკენ მტრის მიერ იყო ბლოკირებული, რამაც უკიდურესად გაართულა სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის და დარჩენილი მებრძოლების მდგომარეობა. ზოგმა შეძლო თავის დაღწევა საზღვაო და საჰაერო გზით, მაგრამ როგორც გემები, ისევე თვითმფრინავები, რომელთა მეშვეობით სოხუმელები ქალაქს ტოვებდნენ, მტრის ცეცხლის ქვეშ ექცეოდნენ.

ამ ტრაგიკულ დასასრულს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 ათასზე მეტი ქართველი, ბერძენი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობა ლტოლვილად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100