სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი ცხედრის ამოსვენებით იმუქრება

მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი ცხედრის ამოსვენებით იმუქრება.

როგორც დავით ქუმარიტაშვილი აცხადებს იმ ადგილზე, სადაც დაკრძალულია 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს დაღუპული მოციგავე ადგილობრივი ხელმძღვანელობა ატრაქციონების დადგმას გეგმავს.

"დღეს დილით მე და ჩემი მეუღლე მივედით ნოდარის სასაფლაოზე, რომელიც ბაკურიანის ცენტრში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოშია. დავინახეთ როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, იწყობოდა დიდი კონსტრუქცია, მოყვანილი ჰყავდათ მანქანები. იმდენად შემძრა ნანახმა, ხმა ვერ ამოვიღე. როგორც ადგილზე გვითხრეს, ატრაქციონების დადგმას აპირებენ. არ ვიცი ვის მივმართო, იძულებული ვხდები ამოვასვენო ნოდარი და ჩემი მშობლების გვერდით დავკრძალო.

ელემენტარული ეკელსიის ირგვლივ ღობე ვერ გააკეთეს, ზაფხულობით ნახირი შემოდის და ნაკელის გროვაა, როგორც ეკლესიის ეზოში, ასევე საფლავის ირგვლივ. არავის ადარდებს მოუაროს ამ ტერიტორიას. ტურისტები რომ მოდიან მრცხვენია. რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე თუ არავინ მიხედავდა? იძულებული ვარ მოვიწვიო ჟურნალისტები, საზოგადოება და მათ თვალწინ ამოვასვენო ჩემი შვილი“- აცხადებს ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას''დროანიუსი''აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100