სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ჭიჭინაძე: „დიდი ჰესების აშენება აუცილებელია“

ეკონომიკის ოთხმა ექსპერტმა (ემზარ ჯგერენაია, ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე, გიორგი აბაშიშვილი) საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, რომლითაც მთავრობას მიმართავენ, რომ ქვეყანამ ენეგოპოლიტიკაში აქცენტი ჰიდრორესურსების ათვისებაზე გააკეთოს. ასევე გააკრიტიკეს ზოგიერთი არასამთავრობოს მიზანმიმართული პოლიტიკა მსხვილი ჰიდრო და ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.

„საქართველოს აქვს არჩევანი თუ როგორ მოაწყოს ენერგოპოლიტიკა:

აშენდეს მხოლოდ მცირე ზომის ჰესები. ასეთ შემთხვევაში რა რაოდენობის სადგურებიც არ უნდა ავაშენოთ მათი გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის ენერგოდეფიციტს ვერ შეამცირებს, რადგან მცირე ჰესების ეფექტურობა ზამთრის თვეებში მინიმალურია (ანუ ზამთრის პრობლემას ვერ ხსნის); არ აშენდეს არანაირი წყალსაცავიანი ჰესები და ელექტროენერგიაზე მოთხონის დაკამყოფილება უნდა მოხდეს იმპორტით. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთზე. რაც უკრაინის ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალზედ სახიფათოა; არ აშენდეს დიდი ჰესები და ქვეყანამ აქცენტი გაკეთოს ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე, მაგალითად: მზის და ქარის ენერგია. ალტერნატიული ენერგიის წყაროები მთელ მსოფლიოში არაძირითად, ჰიდროელექტრო სადგურების დამხმარე ენერგიად განიხილება. მაგალითისთვის: 2014 წლის თებერვალში, კალიფორნიაში მოჰავის უდაბნოში ფუნქციონირება დაიწყო უზარმაზარმა მზის ელექტროსადგურმა, რომელიც განლაგებულია 8,36 კვადრატულ კილომეტრზე. მისი ღირებულება 2,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ელექტროსადგურმა 400 მეგავატი უნდა გამოიმუშაოს. ანუ, მაგალითისთვის ხუდონჰესის პარამეტრებს რომ შევადაროთ (1,2 მლრდ. დოლარის ინვესტიცია, 5,2 კვ.კვ წყალსაცავის სარკის ზომა, გამომუშავება 702 მეგავატი), მზის ენერგია ბევრად ძვირი და ნაკლებ ეფექტურია.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ჰიდრორესურსების ათვისებაზე, ანუ იმ პოტენციალის რეალიზებაზე რაც ქვეყანას გააჩნია. ამისათვის საჭირო იქნება, როგორც მსხვილი ისე მცირე ზომის ჰესების აშენება (მითუმეტეს, რომ მსხვილი და მცირე ჰესი არ არის ურთიერთჩანაცვლებადი „პროდუქტები“, მცირეს სხვა დატვირთვა და ფუნქციები აქვს, მსხვილს - სხვა), რაც ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე წლებთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება, რამაც შემდგომ სავალალო შედეგაბმდე შეიძლება მიგვიყვანოს“ – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100