სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესის ინვესტორი: "გარწმუნებთ, პროექტი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით განხორციელდება"

დღეს, ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოჰინდერ ვერმამ და ბუპენდრა კანსაგრამ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და თუ რატომ დაინტერესდნენ ხუდონის პროექტის განხორციელებით. მათი განცხადებით, ჰიდროენერგია, როგორც ყველაზე სუფთა, ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის წყარო, მიჩნეულია იდეალურ განახლებად საწვავად.

მოჰინდერ ვერმა: "მე 60 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მფლობელი ვარ. ამ 60 წლის განმავლობაში 30-მდე ნაგებობის მშენებლობა გვაქვს განხორციელებული. როდესაც ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით რასაც ვეჭიდებოდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ყველა სტანდარტის დაცვით შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და ცნობილ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული"

ბუპენდრა კანსაგრა: "ძალიან დიდი მადლიერება გვსურს გამოვხატოთ საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლებიც მხარს გვიჭერენ და აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან ხუდონჰესის პროექტის განხორციელების საქმეში. როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, სერიოზულ და ცნობილ ინვესტორებს მოვიზიდავთ, ამისთვის საკმარისად გვაქვს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რესურსი. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესზე გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტები გაგვიხორციელებია და ძალიან დიდი წარმატებით"

დავით მირცხულავა ("ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკური ხელმძღვანელი): "ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ გამომუშავებული ენერგია 15 %- ით გაზრდის საქართველოს გენერაციას. ეს ენერგია იქნება საქართველოს ენერგოსისტემის ენერგია, ამიტომ 15%-ის ნაზრდი, ნებისმიერ ბიზნესში და ენერგეტიკაშიც, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუდონის აშენებით და დარეგულირებით იქმნება 470 მილიონი კილოვატ საათი დამატებითი ენერგია საქართველოს ყველაზე მსხვილ ენერგოობიექტებზე, ენგურჰესსა და ვარდნილჰესზე"

"ტრანს ელექტრიკას" ტექნიკური ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დამატებითი ელექტროენერგიის მონეტარიზაცია 20-წლიან პერიოდზე 1,35 მლრდ აშშ დოლარია. მისი თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის დროს 4 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით და დისპეჩერიზაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ყოველწლიურად 19 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100