სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

46 + 1 დიდი სიყვარულის ქრომოსომა

მე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა გახლავართ. ოჯახში ამ სინდრომთან ერთად იბადება უამრავი კითხვა, შიში, ეჭვი და სიბრალული. დასაწყისში მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი: რატომ მე? დავაშავე რამე? ნაწყენი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ დაუნის სინდრომს არ ვიმსახურებდი. ბავშვის დაბადების სიხარულს აღვიქვამდი როგორც ბედნიერი ცხოვრების დასასრულს და ვემზადებოდი ტანჯვისთვის. ქეთის სანახავად მოდიოდნენ, საბრალო თვალებით მილოცავდნენ და მეც ვეთანხმებოდი მათ, ნამდვილად საწყალი მეგონა ჩემი თავი. განცდა იმისა რომ ეს სამუდამოა მაშინვე არ მოსულა და ვოცნებობდი რომ ვიღაც მოვიდოდა და მეტყოდა: „ყველაფერი შეცდომა ყოფილა.“

ამასობაში გადის დღეები, თვეები და გრძნობ, რომ შიში სადღაც გამქრალა და მის ადგილას სიძლიერემ და სიყვარულმა დაისადგურა. შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეგვხვდეს, მაგრამ ვიცი, რომ ქეთის წყალობით ყოველთვის სიკეთე და სითბო იტრიალებს ჩემს სახლში. ორივეს მონდომება და შრომა სჭირდება მის წინსვლას, მაგრამ „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია“. ქეთის თითო წარმატებული ნაბიჯი ათმაგად მიხარია, ყველა წვრილმანი სიხარულს მანიჭებს და ვაცნობიერებ თუ როგორ მაბედნიერებს ჩემი პატარა სასწაული.

- საზოგადოება და მისი განწყობა?

- როცა ხალხი ასე ბედნიერს გვხედავს, მაშინღა ხვდებიან, რომ დაუნის სინდრომი ტრაგედია არ არის.

- ახლა რა არის ჩემთვის დაუნის სინდრომი?

- 46 + 1 დიდი სიყვარულის ქრომოსომა.

ქეთი გაფრინდაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100