სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემოდგომიდან ელექტროენერგიის ფასი გაიზარდება

შემოდგომაზე შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. ამ ვარაუდის მიზეზი არის ის, რომ ”ენერგო პრომ” სემეკში განაწილების ტარიფის გადახედვაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ”ხრამჰესების” წარმოების ტარიფიც, ეტაპობრივად, 2-თეთრიდან 8-თეთრამდე იზრება. სემეკში კი განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდაზე საუბარი არ არის.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სემეკი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ტარიფს დამოუკიდებლად განსაზღვრავს. ამიტომ ყველა სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. კანონმდებლობით, გაზის, წყლისა და დენის ტარიფის დადგენის პრეროგატივა სემეკის ხელშია, თუმცა, არც ისაა უცხო, რომ ტარიფი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებით განისაზღვრება. მაგალითად, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მთავრობა ინვესტორს ტარიფსა და მისი ზრდის დინამიკას ისე უწერდა მემორანდუმში, რომ სემეკს სულაც არ ეკითხებოდა. გარდა ამისა, `ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ისე დაპირდა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას, არც მაშინ უკითხავს სემეკისთვის რამე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მმართველობისას ტარიფის შემცირება თუ შეუძლებელი იყო, ახალი ხელისუფლების მოსვლისას ეს შესაძლებელი გახდა.

ამ მაგალითებიდან უკვე ცხადია, არის თუ არა კომუნალური ტარიფი პოლიტიკური სარჩულის ქვეშ მოქცეული. ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო ამბობს, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანოა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. თუ მოხდა და სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა, ამ შემთხვევაში სამინისტროს არგუმენტირებული საბუთი სწორედ სემეკისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დამოუკიდებლობა იქნება.

რაც შეეხება, ”ხრამჰესებისთვის” განაწილების ტარიფის გაზრდას, 2011 წლის აპრილამდე ”ინტერ რაოს”, ”ხრამჰესი-1”და ”ხრამჰესი-2” 25-წლიანი მართვის უფლებით ჰქონდა. 2011 წლის აპრილში კი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ რუსულ კომპანიას ჰესები მუდმივ მფლობელობაში გადასცა.

გაფორმდა ახალი მემორანდუმი, სადაც განისაზღვრა წარმოების ტარიფი. კერძოდ, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ”ხრამჰესი 1”-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 2,3 თეთრიდან 8,2 თეთრამდე გაიზრდება. ასევე, ”ხრამჰესი 2”-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 3,5 თეთრიდან 9,4 თეთრამდე იზრდება. მემორანდუმის საფუძველზე სემეკმა ეს ტარიფები დადგენილებით მიიღო.

სემეკის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, ”ხრამჰესი 1” და ”ხრამჰესი 2”-ის განაწილების ტარიფის ზრდა, ძირითადად, მემორანდუმების საფუძველზე განხორციელდა და ეს არ ყოფილა კომისიის ინიციატივა. აღნიშნული ჰესების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას მთლიანად ”თელასი” ყიდულობს. შონიას განმარტებით, მემორანდუმში ასევე წერია, რომ განაწილების ტარიფის ზრდამ ”თელასის” მიერ სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე არ უნდა იმოქმედოს. რეალურად ”თელასმა” მომხმარებელს ელექტროენერგია არ უნდა გაუძვიროს – ასეთი ჩანაწერია მემორანდუმში. შესაბამისად, ”ხრამების” წარმოების ტარიფის გაზრდით, მომხმარებელს ტარიფი არ უნდა გაეზარდოს”, - ამბობს გოჩა შონია.

1-ლი სექტემბრიდან გადაიხედება ”ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის ტარიფი. სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფის ყოველწლიური გადახედვა ითვალისწინებს მის კორექტირებას და არ გულისხმობს ტარიფის უპირობო მატებას.

,,ენერგო პროს” განაწილების ტარიფი 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე ასევე მემორანდუმით იყო განსაზღვრული. ვადის ამოწურვის შესაბამისად, კომპანიამ სემეკს განაწილების ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის მიმართა.

,,ეს ვადა იწურება 1-ელ სექტემბერს, ამიტომ კომისია ვალდებულია, რომ ამ ტარიფებს გადახედოს და ”ენერგო პროს” განაწილების ტარიფები დაადგინოს. ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია. კომისია ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გადახედავს ”ენერგო პროს” ტარიფს. `ენერგო პროს” განაცხადი კომისიაში უკვე შემოტანილი აქვს. ამჟამად შესაბამის დეპარტამენტში განაცხადის ანალიზი მიმდინარეობს. როდესაც დეპარტამენტი დაამთავრებს ამ სამუშაოს, კომისიას ტარიფთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას წარუდგენს. შემდეგ კომისია გადაწყვეტს, თუ როგორი ტარიფი უნდა იყოს”, - ამბობს გოჩა შონია.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ განაწილების ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდოს, გოცა შონია პასუხობს, - ,,განაწილების ტარიფის გაზრდა, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ტარიფზეც იმოქმედებს, თუმცა ჯერ არ ვიცით - გაიზრდება თუ შემცირდება. სამომხმარებლო ტარიფი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: გამანაწილებელი კომპანიის ტარიფისგან და გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულებისგან. მათი ჯამი არის სამომხმარებლო ტარიფი. ამიტომ კომისია შეაფასებს ასევე კომპანიის მიერ შესყიდული კილოვატ/საათების ღირებულებას და აქედან გამომდინარე დაადგენს, სამომხმარებლო ტარიფი უნდა გაიზარდოს თუ არა. ამიტომ დღეს საუბარი ელექტროენერგიის გაძვირებაზე არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ტარიფი შემცირდება, ვინაიდან დაანგარიშებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა მომსახურების ტარიფის გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა დაასრულა. სემეკში აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოცდილებასა და სტანდარტს.

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სულ სხვა, - ტარიფების შემცირების, მოლოდინი იყო. სამომხმარებლო ტარიფი მართლაც შემცირდა, თუმცა, რეალურად ამან გამანაწილებელი კომპანიების ინტერესები ვერ შეზღუდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ საბიუჯეტო შემოსავლებზე თქვა უარი. გარდა ამისა, ტარიფი მხოლოდ დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს შეუმცირდათ. რაც მთავარია, შენარჩუნდა ერთგვარი პარადოქსი, წარმოებისთვის ტარიფი უფრო მაღალია ვიდრე საყოფაცხოვრებო მოხმარებაში, ეს წარმოების ზრდაზე ორიენტირებული ქვეყნისთვის ანომალიურია.

არადა, ტარიფის მთავარი კომპონენტი, ინვესტორი კომპანიების ინვესტიციები, უკვე დიდი ხანია ამოღებულია და ტარიფის რეალურ შემცირებაზე მუშაობა თავისუფლად იყო შესაძლებელი. თუმცა, როგორც ვხედავთ, სახელისუფლებო წრეებში სულ სხვა განწყობაა და მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას უნდა ელოდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100