სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა. სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს.

განცხადება ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრში (NCDC)–ში გააკეთა, სადაც დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, „გლობალ ალიანსის“ ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებული ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებაზე.

„ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და მისი ამოქმედება, შემდგომი ნაბიჯი გახლდათ თავისი არსითა და მასშტაბით მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრო ერთ–ერთი მთავარი მიმართულების – ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ჩვენ უკვე გავდივართ კონსულტაციებს საქართველოს მთავრობის კონტრაქტორ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსთან“ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა.

გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. ზოგადად ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ, როცა არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადავიდა ჰოსპიტალურ სექტორზე. თავისთავდ ცხადია, რა დიდ რისკებს მოიცავს პროცესი, როდესაც პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს. ეს როლი იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80% მართვაა და მხოლოდ 20% უნდა გადადიოდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა.

სამწუხაროდ ჩვენ გაქვს სურათი, როდესაც პაციენტები პირდაპირ სტაციონარებში მიდიან და თვითონ ირჩევენ რაა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდნენ და საერთოდ გამოტოვებული ოჯახის ექიმის და ზოგადად პირველადი ჯნდაცვის ინსტიტუტი და სისტემა, რომელიც გულახდილად, რომ გითხრათ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ამ სისტემას საქართველოში ვერ ვხედავ.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა და ამის შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანს, ცოტა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევები. ჯანდაცვის მთავარი კარიბჭე სწორედ პირველადი ჯანდაცვაა.

ექიმები ხშირად დელიკატურობის გამოც ვერიდებით ხოლმე საუბარს, თუნდაც პირველადი ჯანდაცვის ექიმების ანაზღაურების შესახებ. მართლაც რთულია ამ ანაზღაურების ადეკვატურობაზე საუბარი. გასაგებია, რომ ყველა პროფესია უნიკალურია, მაგრამ ექიმის განსაკუთრებულად უნიკალურია. ექიმი არ

უნდა დავტოვოთ მარტო მის ეკონომიკურ პრობლემებთან. ასეთ შემთხვევაში, მას ვერც ხარისხიანი მომსახურების გაწევას მოვთხოვთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100