სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააღდგომო ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებს დაეთმო

თავის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებს და საზოგადოებას, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი თანადგომისკენ მოუწოდა.

"აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან." -განაცხადა პატრიარქმა.

"უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ.

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.

ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.

ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება." - აღნიშნა პატრიარქმა თავის სააღდგომო ეპისტოლეში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100