სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენტა ჯგუფი კეზერაშვილის წინააღმდეგ - 10 ივნისს გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება

წინა ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი და კიდევ ერთი საქმე კეზერაშვილის და მისი ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ - 10 ივნისს გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, კეთილსინდისიერ მეპატრონეებს დავით მიმინოშვილს და ზაალ იაკობიძეს შ.პ.ს. ”სენტა პეტროლეუმისა” და შ.პ.ს ”ბემონის” ქონება იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე: „სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia“-სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითის -ზე”. მოკლე ინფორმაცია საქმის არსის შესახებ:
თანამოსარჩელეები: შპს „სენტა პეტროლიუმი“ და შპს „ბემონი“ წარმოადგენენ ერთი ბიზნესჯგუფის კომპანიებს. ისინი საკმაოდ წარმატებული კომპანიები იყვნენ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე საწარმოთა შორის და არაერთხელ გახდნენ ლიდერები სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების მოცულობის მიხედვით.
შპს ”სენტა პეტროლიუმის” მთლიანმა შემოსავალმა 2010 წელს - 155,000,000 ლარს, ხოლო დეკლარირებულმა მოგებამ 17 000 000 ლარს გადააჭარბა.
2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ბრალდებულ (ძებნილ) დავით კეზერაშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მოსარჩელეთა ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და ამავდროულად სენტა პეტროლეუმის დირექტორებთან ზაალ იაკობიძესთან და დავით მიმინოშვილთან, რომელ შეხვედრაზეც კეზერაშვილმა მოითხოვა 60,000,000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმისა” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე მიყიდვა, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რაც განხილვას არ ექვემდებარებოდა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა.აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრას, რომელზეც მოსარჩელეებს კატეგორიულად მოითხოვდნენ ბიზნეს აქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, უარის შემთხვევაში, შეექმნებოდათ პრობლემები და საერთოდ დაკარგავდნენ ბიზნესს. ყოველი ასეთი შეხვედრისას თავდაპირველად დასახელებული თანხა თვითნებურად და ერთპიროვნულად მცირდებოდა კეზერაშვილის მიერ და ფასი საბოლოოდ შემცირდა 22,200,000 აშშ დოლარამდე.
მოსარჩელეები იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი შეიქმნენ დაეთმოთ ბიზნესაქტივები რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით 3 - ჯერ უფრო მცირე ფასად, კეზერაშვილის მიერ მითითებულ კომპანიებისთვის - შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia“-სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი“-სთვის გადაცემით, რაც განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა ბათილად ცნობაც წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის ძირითად მოთხოვნას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 22,000,000 დოლარიდან შპს „ბემონისა“ და შპს „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელებს, 16,000,000 დოლარი არსებული საბანკო კრედიტის მომსახურების და ბიუჯეტის წინაშე აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს. ხოლო დარჩენილი 6,000,000 დოლარიდან, იძულების წესით აყიდინეს 121 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ახალციხის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2,000,000 ლარად, ხოლო დარჩენილი 4,000,000 ლარი გადაახდევინეს გირაოს სახით. ასე მიითვისა კეზერაშვილმა 60,000,000 დოლარად შეფასებული ბიზნესი, ხოლო მესაკუთრეები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100