სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატარკაციშვილების ოჯახი ტელეკომპანია „იმედს“ სასამართლოს დასაშანტაჟებლად იყენებს

სამოქალაქო დავა პატარკაციშვილებსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის წლებია მიმდინარეობს. საქართველოში ჩვენ მოვიგეთ პირველი ორი ინსტანცია და საქმე ამჯერად უზენაეს სასამართლოშია, ლონდონში კი პირველი ინსტანცია მოიგო პატარკაციშვილების მხარემ და საქმე მეორე ინსტანციაში იხილება. ერთადერთი დავა, რომელზეც დიდი ბრიტანეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არსებობს, ეხება ყველაზე ღირებულ სადაო აქტივს. კერძოდ, პატარკაციშვილებმა აღიარეს, რომ ყულევის ტერმინალის აქტივების ნაწილი ეკუთვნოდა ვანო ჩხარტიშვილს და არა ბადრი პატარკაციშვილს.

აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა ჩხარტიშვილთან საერთო ბიზნეს- ინტერესების არსებობის შესახებ უშუალოდ ვანო ჩხარტიშვილისგან შეიტყო. მისგანვე მიიღეს წინადადება ამ აქტივებში ურთიერთვალდებულებების გასწორების თაობაზე. თავდაპირველად პატარკაციშვილების ოჯახის, ხოლო შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის სააკაშვილის რეჟიმისაგან დევნის და განსახილველი აქტივების სახელმწიფოს მიერ მიტაცების გამო, ეს მაშინ ვერ მოხერხდა. დავა დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე, როცა ოჯახი გაურიგდა სააკაშვილს და ადეიშვილის პროკურატურით სცადა ჩხარტიშვილთან ანგარიშსწორება. დავის დაწყების პირველი დღიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული ფირმის მოწვევა, რომელიც შეისწავლიდა აქტივებს და დაადგენდა ურთიერთვალდებულებებს. ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილებოდით აუდიტორის დასკვნას და მათი მომსახურების ხარჯებსაც ჩვენს თავზე ვიღებდით. ოჯახმა სასამართლო დავა არჩია.

მთელი ამ დავის განმავლობაში, ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია საინფორმაციო სივრცე პატარკაციშვილების ოჯახის ღირსებისა და რეპუტაციის შესალახად. უფრო მეტიც, ყოველთვის ვადასტურებდით ჩვენს დიდ პატივისცემას პატარკაციშვილებისადმი, განსხვავებით მათი დაცვის მხარისგან, რომელიც წლებია ჩვენს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ და ბინძურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

სამწუხაროა და საგანგაშო, როცა სიცრუის გამიზნული ტირაჟირების კამპანიაში ჟურნალისტური ობიექტურობის პრეტენზიის მქონე ტელეკომპანია „იმედიც“ ჩაერთო, რომელიც პატარკაციშვილების საკუთრებაა და ვერანაირად ვერ იქნება მიუკერძოებელი. მით უფრო მიუღებელია ასეთი ჩარევა შუალედურ პერიოდში, როცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არსებობს. ჩვენ მზად ვართ, სასამართლოების დასრულების შემდეგ ქართულ მედიას, მათ შორის „იმედსაც“ ღიად ველაპარაკოთ დავის დეტალებზე და განვიხილოთ ყველა საკითხი. მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როცა მოწინააღმდეგე მხარე მის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია „ იმედს“ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შესაყვანად და სასამართლოს დასაშანტაჟებლად იყენებს.

გვინდა მივმართოთ ტელეკომპანია „იმედის“დირექციას და პატარკაციშვილების მედია ჰოლდინგის სუბიექტებს, ნუ ჩაერთვებით ჩვენსა და თქვენს მეპატრონეებს შორის სამოქალაქო დავაში და ნუ გახდებით მათ ხელში სიცრუის ტირაჟირებისა და სასამართლოზე ზეწოლის იარაღი. თქვენ ხართ მხარე, თანაც მიკერძოებული და თქვენს ასეთ არაეთიკურ ქმედებებს ჩვენი მხრიდან ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია და ფინანსური პასუხისმგებლობის დაყენება. მივმართავთ ამ პროცესში ჩართულ ჟურნალისტებსაც, ნუ გახდებიან მეპატრონეთა დაკვეთის ბრმა შემსრულებლები, რადგან ეს ლახავს მათ იმიჯს და ჟურნალისტურ ეთიკას.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პატარკაციშვილების მხარეს, დაუბრუნდნენ ბიზნეს დავების ცივილიზებული გადაწყვეტის ჩარჩოებს და ნუ ცდილობენ ჩვენი რეპუტაციის შელახვისა და სასამართლოს დაშანტაჟებით სასურველი შედეგის მიღწევას. ჯერ ერთი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მეორეც, შავი პიარის რეციდივების განმეორების შემთხვევაში, პასუხი იქნება ადექვატური და მათთვის მტკივნეული. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ბრიტანული , ისე ქართული დამოუკიდებელი სასამართლო მიუკერძოებლად და ობიექტურად დაადგენს სიმართლეს.


ვანო ჩხარტიშვილის პრეს სამსახური

®

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100