სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საახალწლოდ, ჩახმახის გამოკვრამდე - კარგად მიმოიხედეთ...

გამოგიტყდებით, ამ წერილის გამოქვეყნებას 31 დეკემბერს, საღამოს ვაპირებდი. მართალი გითხრათ, მზადაც კი მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, ძველი და ახალი წლების გასაყარზე მძიმე წასაკითხი იქნება-მეთქი და აზრი არც ახლა შემიცვლია. და რახან, საბედნიეროდ, წელს აღარ განმეორდა შარშანდელი, უკვე მივიწყებული შემთხვევის მსგავსი ეპიზოდი და რახან ძველით ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ბარემ, გამოვაქვეყნებ - იქნებ, საახალწლო დღეებში წაკითხული უფრო შემოინახოს მეხსიერებამ მათთვის, ვისაც ახალი წლ(ებ)ის აღნიშვნა იარაღის გასროლით უკვე ტრადიციად აქვს დამკვიდრებული...

„სნაიპერი რომ დასვა და ძალიანაც მოინდომო, ისე ვერ გაარტყამ, პირდაპირ გულში მოხვდა ბავშვს და ადგილზე დაიღუპა“ - ასე იხსენებენ შარშან, ახალი წლის ღამეს მუხიანში მომხდარ ტრაგედიას მეზობლები.

11 წლის გიორგი ჭყოიძე უამრავი მისი თანატოლის მსგავსად სახლის აივანზე მაშინ გავიდა, როცა ახალი წლის დადგომას წუთები აკლდა და წინასწარ მომარაგებული მაშხალებიც გაიტანა. მან მხოლოდ ერთი მაშხალის ფეიერვერკით ტკბობა მოასწრო, ის-ის იყო, მეორეს წაუკიდა ცეცხლი, აივნის მოაჯირს მკერდით მიეყრდნო, ოდნავ გადაიწია და ხელი გაშალა, რომ შეყვირებაც ვერ მოასწრო, ისე ჩაიკეცა. საახალწლო სუფრასთან მყოფ უფროსებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ბავშვს ფეხი დაუსხლტა და წაიქცა, მაგრამ როცა წამოყენება სცადეს, აღმოჩნდა, რომ გიორგი უგონოდ ეგდო აივანზე.

როგორც გიორგის ოჯახის ახლობლები იხსენებენ, თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ ბავშვმა ბეტონს თავი დაარტყა და გონება დაკარგა. არავის არ მოსდიოდა აზრად, რომ მოზარდი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. მართალია, ირგვლივ ყველაფერი გუგუნებდა, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგინა ასე უეცრად თავს დამტყდარი ტრაგედია.

სასწრაფოში დარეკვასაც ამაოდ ცდილობდნენ, ხაზები გადატვირთული იყო. როცა ბავშვს ტანსაცმელი გახადეს, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს ნატყვიარი და ყველაფერი ცხადი გახდა. გიორგის ბრმა ტყვია მარცხენა მკლავში ჰქონდა მოხვედრილი, რომელმაც გულის არე გაიარა და მკერდის მარჯვენა ნაწილთან გამოვიდა. სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანება 11 წლის გიორგისთის სასიკვდილო აღმოჩნდა...

საბედისწერო გასროლის ავტორი, მისთვის უნებლიედ, ჭყოიძეების მეზობელი, მერვე სართულზე მცხოვრები გიორგი ლომთაძე გახდა. მაშინ, როცა ზედა სართულზე მცხოვრები 11 წლის ბავშვი საახალწლო მაშხალებს იმარაგებდა და აივანზე გასასვლელად ემზადებოდა, ლომთაძემ სეიფი გახსნა და მასზე ოფიციალურად გაფორმებულ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდში სამი ტყვია ჩააწყო, შემდეგ ახალი წლის დადგომას დაელოდა, აივანზე გავიდა, მარჯვენა ხელი მაღლა შემართა, სამჯერ გაისროლა და ოთახში შემობრუნდა, ხოლო იარაღი ისევ სეიფში შეინახა უსაფრთხოების სრული დაცვით: მჭიდი და ძირითადი მექანიზმი ერთმანეთს მოაცილა. მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო.

ამ ისტორიის ყველაზე საბედისწერო დეტალი ის არის, რომ ლომთაძეს (ისევე როგორც ბევრ სხვა მეზობელს) მეორე დღემდე არაფერი გაუგია მოზარდის სიკვდილის შესახებ - ყველა საკუთარ ოჯახში ზეიმობდა, მხიარულობდა და იცინოდა, სულ რამდენიმე კედლის იქეთ კი საშინელი ტრაგედია ტრიალებდა... იარაღის შენახვის შემდეგ ლომთაძემაც ოჯახის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა გააგრძელა, ხოლო მომხდარი ტრაგედიის შესახებ მეორე დღეს, პოლიციისგან გაიგო, როცა სახლში მიაკითხეს და დაპატიმრების ორდერი წარუდგინეს. ამოღებულია ცაცხლსასროლი იარაღიც, საიდანაც გასროლა მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ლომთაძეზე იარაღი ოფიციალურად იყო გაფორმებული, შენახვის უფლებით. გიორგი ლომთაძე ეკონომიკის სამინისტროში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად მუშაობდა, თუმცა, სამსახურიდან 2011 წლის დადგომამდე მთელი 8 თვით ადრე გაათავისუფლეს. იარაღი ოფიციალურად მასზე იყო გაფორმებული, შენახვის უფლებით.

სხვათა შორის, საქართველოში საახალწლო ტრაგიკული გასროლების სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. შსს-ს არქივში ასეთი სტატისტიკა, არსებობს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იგი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, იმიტომ, რომ ამ სტატისტიკით დღემდე არავინ დაინტერესებულა. სამაგიეროდ, ხალხის უკიდეგანო მეხსიერებაში მრავლადაა შემონახული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. „დრონი.ჯი“ დღეს მათგან ორ ყველაზე გახმაურებულ ფაქტს შეგახსენებთ.

ტრაგიკული ფაქტების უმრავლესობა 90-იან წლებზე მოდის. ეს ის დრო იყო, როცა იარაღის ქონა მეტნაკლებად სავალდებულოდ ითვლებოდა ყველა „გამოსული“ თბილისელი (და არა მარტო თბილისელი) ბიჭისთვის და მისი შოვნა ან ყიდვა ძალიან ადვილი იყო.

1994 წელს, ახალი წლის ღამეს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ბრმა ტყვიამ ორი მოქალაქე იმსხვერპლა. ბუნებრივია, მაშინ ეს ფაქტი არ გახმაურებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფხაზეთის ომის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეოთხე მიკრორაიონის ერთ-ერთი, მაღლობზე განმარტოებით მდგარი კორპუსიდან, არც მეტი, არც ნაკლები, „პკ („პულემიოტ კალაშნიკოვა“)“ დააკაკანა, ე.წ. ლენტიანი ტყვიებით, საყრდენად კი აივნის მოაჯირი გამოიყენა - თუმცა, სიმთვრალეში ვერ მოზომა და გასროლა ჰაერში კი არა, დაბლა, მეორე მიკრორაიონში მდგარი კორპუსების მიმართულებით გამოუვიდა.

იმ გასროლის მსხვერპლთაგან ერთი ქალი იყო, მეორე კი ახალგაზრდა ასაკის მამაკაცი. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი 1 იანვრის ღამით, საავადმყოფოში. თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალის ჭირისუფლებმა მსროლელს რამდენიმე დღეში მიაკვლიეს, პასუხის მოთხოვნაც დაუპირეს, მაგრამ მთელი „საძმოს“ რისხვა დაატყდათ თავს და კინაღამ ისინიც ბრმა ტყვიით დაღუპული ქალის გზას გაუყენეს, მაშინდელი მილიციის მხრიდან პასუხის მოთხოვნაზე და სისხლის სამართლის საქმის ოფიციალურად აღძვრაზე კი ფიქრიც ზედმეტი იყო და ეს არც არავის უცდია.

უფრო ტრაგიკული შემთხვევები ხდებოდა რეგიონებში. 1997 წლის დამდეგს, ზუგდიდის მახლობლად, დაბა ჯვარში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მთვრალმა რუსმა „სამშვიდობოებმა“, რომლებმაც ნაწილში დაბრუნება ვერ მოასწრეს და ახალ წელს ქუჩაში ხვდებოდნენ, ჯავშანტრანსპორტიორი კორპუსებთან გააჩერეს, ქუჩაში გამოვიდნენ, მომარაგებული შამპანურის ბოთლები მოიყუდეს და ახალი წლის აღნიშვნა სასიგნალო რაკეტით დააპირეს, რასაც ერთ-ერთი ოფიცერი შეეწინააღმდეგა.

ხმაურზე კორპუსების აივნებზე ცნობისმოყვარეთა რიცხვმა იმატა, რამდენიმე ადგილობრივი კი ქუჩაშიც გამოვიდა და სამხედროთა ძიძგილაობას ასე ადევნებდა თვალს. ოფიცერი, რომელიც სასიგნალო რაკეტის გაშვებას ეწინააღმდეგებოდა, ხელში წვდა რიგითს, რომელსაც რაკეტა თითქმის გასაშვებად გამზადებული ეჭირა ხელში. ამ გაწევ-გამოწევაში რაკეტა საფარიდან მაშინ გამოიჭრა, როცა იგი არა ცისკენ, ანუ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად იყო დაშვებული და ერთ-ერთ ადგილობრივს, 41 წლის ევგენი ბუკიას პირდაპირ მკერდში მოხვდა.

ბუკია სასტიკი ტანჯვით დაიღუპა: სასიგნალო, წითელი რაკეტა მის სხეულში დაახლოებით 20 წამის განმავლობაში იწვოდა, მიშველებასაც კი არ ჰქონდა აზრი, რადგან ცეცხლი სხეულს შიგნიდან ჰქონდა მოდებული. მაშინ თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ რუსი სამხედროები ერთხანს გაოგნებულები იდგნენ, შემდეგ კი ჯავშანტრანსპორტიორი სასწრაფოდ დაქოქეს და იქაურობას გაეცალნენ. რასაკვირველია, არც ამ ფაქტის გამო დასჯილა არავინ. მეტიც - თვითონ მომხდარი შემთხვევაც არ გახმაურებულა.

მსგავსი ფაქტების მოძიება კიდევ მრავლად შეიძლება. ფაქტია, რომ ახალი წლის ღამეს, შეზარხოშებულზე, ან სულაც ფხიზელ გონებაზე, იარაღით თავის მოწონების მცდელობა ხშირად გადადის გაუფრთხილებელ მოპყრობაში, რასაც სავალალო შედეგები მოსდევს.

ალბათ, მაინც უკეთესი იქნება, თუ ახალი წლის შემოსვლას თუნდაც ჩვენზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის დაქუხებით არ შევეგებებით, მით უმეტეს, თუ ქალაქში ვცხოვრობთ და ირგვლივ მჭიდროდ დასახლებული კორპუსები გვაკრავს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100