სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭიაკოკონობა: უწყინარი გართობა თუ ცეცხლთაყვანისმცემლობის დეტალები?

ნია კომლელი

საქართველოს დღევანდელი ბინადარნი თითქოს სიტყვიერად ჩემულობენ მართლმადიდებლობას, მაგრამ საქმით არანაკლებ მკრეხელობენ წარმართული წეს–ჩვეულებებით, ვიდრე მათი შორეული წინაპრები ქრისტიანობის გარიჟრაჟზე. ვნების კვირაში ამ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს შეიძლება დაავიწყდეთ ლოცვა, გატეხონ მარხვა, დაირღვიონ სულის მყუდროება ვნების ამაფორიაქებელი ტელეეთერით, მაგრამ არასოდეს გამორჩებათ ისეთი „რელიგიური“ რიტუალი, როგორიც არის „ჭიაკოკონობა“.

ქალაქ–სოფელში ეზიდებიან ფიჩხს, უვარგის ფიცრებს, გაცვეთილ საბურავებს და ზედ შუა გზებზე დიდ კოცონს აჩაღებენ. გამართლებაც შესანიშნავი მოეძებნებათ – ირწმუნებიან, რომ ჭიაკოკონები კუდიანებისაგან წმენდენ არე–მარეს. სინამდვილეში კი ეს ჭიაკოკონა სწორედ კუდიანებისაგან არის მოგონილი და ცეცხლთაყვანისმცემლობას უკავშირდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში ირანიდან იყო გავრცელებული. ხოლო ჭიაკოკონობა, როგორც ცეცხლით განწმენდის დღეობა, დამყარებული გახლდათ უძველეს წარმოდგენებზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალაზე. მაზდეანებისათვის ცეცხლს ღვთაების მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ, ადამიანი ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი კი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით ან გადახტომით სრულდებოდა.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში უფალთან ერთად განიცდის მის მძიმე ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის ბრწყინვალე აღდგომას. და სწორედ ამ დროს ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი გალაშქრებაა სამყაროს უდიდესი მოვლენის წინააღმდეგ - საცაა უნდა დადგეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ფარ-ხმალს დაყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

ხოლო მანამდე, უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე, ხვალ – დიდ ოთხშაბათს, იუდას მიერ ქრისტე–მაცხოვრის გაცემის დღეს, ნუ თანავეზიარებით ეშმაკს და ნუ გავურთულებთ სამსახურებრივ გრაფიკს ისედაც სამუშაოთი დატვირთულ დამწვრობის ცენტრს – გვახსოვდეს: იესო მაცხოვარი ჩვენგან ელის წრფელ სინანულს, ცოდვებისაგან განწმენდას და უფლის სისხლთან და ხორცთან თანაზიარებას და არა წარმართულ ცეცხლში განწმენდას!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100