სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია: „ადრე თმენის ვალდებულება მეკისრებოდა, ახლა კი დაამტკიცონ ბრალდებები..."

თავდაცვისა და შს ყოფილმა მინიტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც დღეს საგანგებო მიმართვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, „რუსთავი2“–ს ექსკლუზიური ინტერვიუ ქუთაისში მისცა. ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზადყოფნა და განაცხადა, რომ ახლა, როცა თმენის ვალდებულება აღარ ეკისრება, თვითონაც აქვს კითხვები მათ მიმართ, ვინც მას „ათასგვარ სისულელეს“ აბრალებდნენ და სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რათა კითხვებზე პასუხები გასცეს და თავის კითხვებზეც პასუხები მიიღოს:

„გახსოვთ ალბათ, რა ინფორმაცია ვრცელდებოდა – რომ თითქოს სისხლისღვრა არსებობდა და ათასი სისულელე, ამიტომ ერთადერთ სწორ გამოსავლად ჩავთვალე, რომ რაღაც პერიოდი წავსულიყავი საქართველოდან.

იმდენი რაღაც და ისეთი ინტენსივობით ვრცელდებოდა, რომ კინაღამ მეც დავიჯერე. იმიტომ ჩამოვედი, რომ გავცე ყველა კითხვას პასუხი: დაწყებული კორუფციით და უკანონო ფორმირებებით, ასევე ციხეებით. ამასთან, მზად ვარ ეს გავაკეთო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თუ პროკურატურა. მე მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა დანამდვილებით, რომ ეს აბსურდია, რომ რეალობასთან ამ ყველაფერს შეხებაც კი არა აქვს და ახლა დგება დრო, როცა ჩვენ ვნახავთ, სინამდვილეში რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე.

ახალმა ხელისუფლებამ უკვე მთლიანად აიღო ხელში მართვის ბერკეტები, უკვე თვითონ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და, შესაბამისად, მე მაქვს უფრო მეტი კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც არსებობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ახლა უკვე დროა, რაღაცეებზე მათ თვითონ უპასუხონ.

მე ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდი წარმოუდგენელ ბრალდებებს, რომლებიც იწყება ძალადობით და გადადის უკანონო ფორმირებებსა და კორუფციაში. მინდა ვთქვა, რომ ყველა ერთნაირი სისულელეა“, – ამბობს ბაჩო ახალაია.

ბაჩო ახალაიას განცხადებით, როცა თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, არათუ სასჯელაღსრულების სიტემაში ჩარევისთვის, საკუთარი თავისთვისაც არ რჩებოდა დრო:

„არც არანაირი სურვილი არ მქონდა იმ სისტემაში ჩარევის და არც კანონი არ იძლეოდა ამის საშუალებას. ისიც მესმოდა, რომ პირადად ვღებულობდი თურმე წამებაში მონაწილეობას. მე მქონდა ამ ბრალდებების თმენის ვალდებულება და ახლა კი რასაც ლაპარაკობდნენ, დაამტკიცონ: აგერ ვარ, არსადაც არ გავრბივარ და სადაც დამიძახებენ, იქ მივალ ნებისმიერ დროს“.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გადაწყვიტა გადადგომა, თუკი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, ბაჩო ახალაიამ უპასუხა:

„არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, სიმართლის გარკვევის დრო არ იყო, ამასთან, დუღილის ტემპერატურა გახლდათ ძალიან მაღალი და რახან შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, მე მივიღე წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება – ყველაფერი უნდა გვეღონა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში სიტუაციის არევა ვერავის მოეხერხებინა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრის ინტერესებში არ შედიოდა, რომ არჩევნები ასე ჩატარებულიყო“.

ბაჩო ახალაიამ „არასერიოზული“ უწოდა გავრცელებულ ხმებს ხელისუფლების შიდა დაპირისპირების, კონკრეტულად, მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნიდან მარტო იყო გასული და არა იმ ადამიანებთან ერთად, ვისტან ერტად „გაქცევასაც“ მას მიაწერდნენ.

ინტერვიუში ბაჩო ახალაიამ იმ ხმების შესახებაც ისაუბრა, რომელთა თანახმადაც მას და რამდენიმე ადამიანს კრიმინალური ავტორიტეტები და „კანონიერი ქურდები“ ევროპაში დევნიდნენ:

„როცა „კანონიერ ქურდებზე“ და კრიმინალურ ავტორიტეტებზე ლაპარაკობენ, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ეს: ჩვენ შევძელით კონკრეტულ მონაკვეთში ამ სისტემის რღვევა, მაგრამ პროცესი არ არის დასრულებული. თუ ეს დღეს აიშვებს, ჩათვალეთ, რომ ამ წლების განმავლობაში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია. ასე რომ ეს საფრთხეები, ზოგადად, საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ არსებობს“.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თითქოსდა მის მიერ გაფლანგულ 113 მილიონ ლარს, ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ სამინისტროში ყველაფერი რიგზე იყო და არავის არაფერი მოუპარავს:

„ახლა მე ვერ შევძლებ ორ წუთში აგიხსნათ, მაგრამ როგორ ნახეს თავდაცვის სამინისტროში დაკარგული 113 მილიონი ორ დღეში, ჩემთვის გასაკვირია. ნახონ, მოძებნონ და გაარკვიონ, ვინ სად წაიღო, პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ ესეც მორიგი სიცრუეა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გარკვეული ნიჭი და ორ დღეში აღმოაჩინოს რაღაც უკანონო ფორმირებები, მაგრამ ასევე ჰქონდეს ბუღალტრული ნიჭი და ორ დღეში აღმოაჩინოს, რომ 113 მილიონია დაკარგული, ცოტა უცნაურია. ჩათვალეთ, რომ ამიტომაც ვარ აქ – ის 113 მილიონი უნდა ვიპოვოთ აუცილებლად სადმე...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100